Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტირძნისელი მოზარდების უფლებები ირღვევა


დაკავებული მოზარდები
დაკავებული მოზარდები
ცხინვალში დაკავებული ოთხი ქართველი მოზარდის სასამართლო პროცესი დღეს არ გაიმართება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება. კომიტეტში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ტირძნისელი მოსწავლეების მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოთხი ქართველი მოზარდის სასამართლო დღეს უნდა გამართულიყო, გუშინ გავრცელდა. დღეს შიდა ქართლის გუბერნატორი ცხინვალში დისლოცირებული რუსული ჯარის სარდლობისგან ახალი ინფორმაციის მიღებას ელოდება, მაგრამ ამ დრომდე ისინი კონტაქტზე არ გამოდიან.

რუსმა მესაზღვრეებმა და ცხინვალის მილიციის თანამშრომლებმა ტირძნისის სკოლის მოსწავლეები: გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი 4 ნოემბერს დააკავეს. მოზარდები მეექვსე დღეა ტყვეობაში არიან. მათ საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და საბრძოლო მასალის გადატანის ბრალდება წაუყენეს. მოზარდები, ამჟამად, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, მათი საქმე კი ცხინვალის მილიციამ პროკურატურას გადასცა.

ქართული მხარე ცხინვალში დაკავებულ მოზარდებს გატაცებულად მიიჩნევს და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. რადიო თავისუფლება ცხინვალში გაზეთ „21-ე საუკუნის” რედაქტორს თემურ ცხოვრებოვს დაუკავშირდა, რომელიც ვარაუდობს, რომ მოზარდების გათავისუფლება მალე ვერ მოხერხდება. ცხოვრებოვის აზრით, იურიდიული პროცედურები დიდ დროს წაიღებს და სასამართლომდე მალე ვერ მივა საქმე. თემურ ცხოვრებოვი დაკავებული მოზარდების მონახულებას აპირებს, თუ მას ამის საშუალება მისცეს სამართალდამცავებმა.

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, აქტიურად ჩაერთონ გორის რაიონის სოფელ ტირძნისიდან გატაცებული ბავშვების გათავისუფლების საქმეში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიამ გუშინ გაავრცელა განცხადება ბავშვების დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა შექმნილ ვითარებაში მხოლოდ განცხადებები ვითარებას ვერ განმუხტავს.

სპეციალურ განცხადებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცხინვალის მახლობლად საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ აღშფოთებას გამოთქვამს. ევროკავშირის მისია ხაზგასმით აცხადებს, რომ ბავშვების დაკავება ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის ფარგლებში უნდა ხდებოდეს. კერძოდ, სხვა მოთხოვნებთან ერთად, ბავშვები წინასწარი დაკავებისას არ უნდა იმყოფებოდნენ პენიტენციარულ სისტემაში შემავალ დაწესებულებაში, სადაც კრიმინალები იხდიან სასჯელს; ასევე, ბავშვების ნახვის საშუალება უნდა მიეცეთ მშობლებს ან უახლოეს ნათესავებს და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი იურიდიული მომსახურება. გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ გაეროს ბავშვთა კონვენციის მუხლების დარღვევა უკვე განხორციელდა ტირძნისელი მოსწავლეების მიმართ.

ახლა ტირძნისშიც, საქართველოს ხელისუფლებაშიც და არასამთავრობო სექტორშიც ცხინვალიდან ახალი ინფორმაციის მიღებას ელოდებიან. როდის გაიმართება არასრულწლოვანთა სასამართლო პროცესი არავინ იცის.

11 ნოემბერს, ჟენევაში, მხარეებს შორის დისკუსიების მორიგი რაუნდი გაიმართება, სადაც როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს დაკავებული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების საკითხს განიხილავენ.
XS
SM
MD
LG