Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ენგურჰესის” მემორანდუმი საიდუმლოდ რჩება


თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ნოემბერს არ დააკმაყოფილა საქართველოს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, გაზეთ ”რეზონანსისა” და კონსერვატიული პარტიის სარჩელი, რომლითავ ისინი ითხოვდნენ საქართველოს მთავრობასა და ”ინტერ-რაო ეესს” შორის ”ენგურჰესის” მართვის შესახებ მემორანდუმისთვის მოეხსნათ გრიფი „საიდუმლო“. ამან მოსარჩელეების ეჭვი, რომ, შესაძლოა, მემორანდუმში ქართული მხარისათვის არახელსაყრელი პირობები იყოს ჩადებული, კიდევ უფრო გაამყარა. ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ მოსარჩელეები აპირებენ ევროსასამართლოს მიმართონ.

”ენგურჰესის” მართვის თაობაზე ”ინტერ-რაო ეესსა” და ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი კვლავ გრიფით საიდუმლო დოკუმენტად რჩება. სასამართლომ სამი მოსარჩელის - „ახალგაზრდა იურისტების“, გაზეთ „რეზონანსისა“ და კონსერვატიული პარტიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

”დოკუმენტს საიდუმლო გრიფი არ მოხსნეს, - დღეს მხოლოდ ეს სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა, თუმცა მტკიცებულებები, რის საფუძველზე გვეთქვა უარი, ჯერ არ არის. რატომ უნდა იყოს საიდუმლო და რატომ არ უნდა იყოს საზოგადოებისათვის ღია აღნიშნული მემორანდუმი?“ - სვამს კითხვას კონსერვატული პარტიის ადვოკატი ნათია კორკოტაძე.აღნიშნული მემორანდუმი 2008 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა. მალევე,2009 წლის 15 იანვარს, დოკუმენტში ჩახედვა მოინდომა გაზეთმა „რეზონანსმა“, შემდეგ - „ახალგაზრდა იურისტებმა“ და ცოტა მოგვიანებით - კონსერვატიულმა პარტიამაც, თუმცა ამაოდ. ინფორმაციის გამოთხოვიდან მეორე დღესვე მემორანდუმს საიდუმლო გრიფი დაედო. მოტივაცია ის იყო, რომ ის „ინტერ-რაო ეეს“-ისათვის საიდუმლო კომერციულ ინფორმაციას შეიცავდა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე განმარტავს:

”რაო ეეს”-მა ჩათვალა, რომ ეს არის მისი კომერციული საიდუმლოება და მოგვმართა ჩვენ, ენერგეტიკის სამინისტროს, რომ დაგვედო გრიფი და, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვალდებულები ვიყავით განგვეხილა ეს საკითხი. განვიხილეთ და, მინისტრის ბრძანებით, ის გახდა საიდუმლო.”

სასამართლომდე ადმინისტრაციული საჩივრები ჯერ ენერგეტიკის სამინისტროში შევიდა, თუმცა „რეზონანსისა“ და კონსერვატორების მოთხოვნა მაშინაც არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც მათ უკვე სასამართლოს მიმართეს. ერთ-ერთ მოსარჩელეს, კონსერვატიული პარტიის წევრს ბიძინა გუჯაბიძეს, სასამართლოს 9 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ გაუმყარდა ეჭვი, რომ მემორანდუმში, შესაძლოა, იდოს ქვეყნის ინტერესებისათვის საზიანო პუნქტები: ”ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს კორუფციული გარიგება და ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებაა.”

გუჯაბიძე ფიქრობს, რომ მემორანდუმის საჯაროობით, შესაძლოა, აშკარა გახდეს ისეთი დეტალები, რომელთა გახმაურებაც ხელისუფლებისათვის არახელსაყრელია: ”აშკარა გახდება, რომ 50 წლით აქვთ გაცემული, რაც, ასეთი სტრატეგიული ობიექტის შემთხვევაში, არ შეიძლება. ასევე გამოჩნდება, რომ იქ ყველა ბერკეტი რუსების ხელშია, რომ „რაო ეესს“ შეუძლია ნებისმიერ დროს შეუწყვიტოს ელექტროენერგია საქართველოს და ა.შ.”

კანონით, განმარტავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თამარ კორძაია, „ინტერ-რაო ეესს“ საკუთარი კომერციული საქმიანობის გასაიდუმლოების უფლება ჰქონდა, მაგრამ, მისივე სიტყვებით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, ამ შემთხვევაში კი ენერგეტიკის სამინისტრომ, ცალსახად უნდა დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

კორძაია ამბობს, რომ სასამართლოზე მოსარჩელეები სწორედ იმას ამტკიცებდნენ, რომ საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესი იყო გაცილებით მაღალი და აი, რატომ: „ენგურჰესი” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტია. მას აქვს შეხება გარემოსთან, რომლის შესახებაც არსებული ინფორმაციის მიღება საზოგადოების უფლებაა. გარდა ამისა, ”ენგურჰესი” არის კონფლიქტის რეგიონში არსებული სტრატეგიული ობიექტი, რომლის არასწორად მართვამ შეიძლება უზარმაზარი ზიანი მიაყენოს მთელ საქართველოს. ამიტომ საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესი გაცილებით მაღალია, ვიდრე ”რაო ეეს-ის” კომერციული ინტერესი.”

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე ყველანაირ საფრთხეს გამორიცხავს და ამბობს, რომ მემორანდუმი მხოლოდ წინასწარი განზრახვაა და ”ინტერ-რაოს” შემდგომი ქმედებები მისით განსაზღვრული არ არის.

მოსარჩელეების ეჭვი კი ეჭვად რჩება. შემდგომი ინსტანცია სააპელაციო სასამართლოა, შემდეგ - უზენაესი. ყველა ამ ინსტანციის გავლა მათ იმისთვის სჭირდებათ, რომ თავიანთი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ევროსასამართლოში მაინც მიაღწიონ.




  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG