Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 9 ნოემბერი 2009.


დღევანდელ გაზეთებში ნახავთ რამდენიმე სტატიას, სადაც 7 ნოემბრის ორი წლისთავია შეჯამებული. „რეზონანსი“ წერს, წლევანდელი 7 ნოემბერი იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ პარტიებმა რეკორდული რაოდენობის მიმართვა და პეტიცია მიიღეს, მათ შორის, ევროკავშირის და ევროკომისის წარმომადგენლების სახელზე, ამერიკის საელჩოს სახელზე და სხვებზეო. ”ახალი თაობის” სტატიას ჰქვია ”რატომ ვერ გამოიყვანა 7 ნოემბერს ოპოზიციამ ხალხი”: ”ზოგადად, ქართველები გმობენ 7 ნოემბერს, მაგრამ იციან, რომ ამ დაგმობით არაფერი შეიცვლება და თავს არ იკლავენ ოპოზიციის ან თუნდაც ჩანასახად ჩარჩენილი არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვისო”.

” ვერსიაში” წაიკითხავთ ინტერვიუს რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილთან. ის მერის მომავალ არჩევნებზე ლაპარაკობს და ამბობს, არ იქნება პრობლემა, თუ ოპოზიციის მხრიდან რადენიმე კანდიდატი იქნება დასახელებულიო. ”ოპოზიციის ხმები რომც გაიყოს, ჩვენმა კანდიდატმა მაინც უნდა აჯობოს ხელისუფლებისას, ისევე როგორ საპრეზიდენტო არჩევნების დროს თბილისში მოხდა. გაჩეჩილაძის კონკურენტები იყვნენ გამყრელიძე, ნათელაშვილი, პატარკაციშვილი, მაგრამ გაჩეჩილაძემ მაინც მიაღწია კოლოსალურ წარმატებას...”ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ოპოზიციის დიდი ნაწილი გაჩეჩილაძეს დაუჭერს მხარს არჩევნების დროს, თქვენი ბლოკი რას იზამსო, ბერძენიშვილი პასუხობს: ”ეს პოლიტიკური ფიგურა ასეთი ტიპის მარცხის შემდეგ ძნელად აღიდგენს ნდობას. ჩემი აზრით, ჩვენ უფრო პერსპექტიული კანდიდატურა წამოვაყენეთ, მაგრამ, თუ შევხედეთ, რომ ოპოზიციისთვის სხვა რამეა სასარგებლო, ხალხს კი მაინცდამაინც გაჩეჩილაძე მოსწონს, ალასანიაც არ არის ჯიუტი კაცი და მიიღებს რამე გადაწყვეტილებას.”

ამავე თემას ეხება ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც. ის ამბობს, რა თქმა უნდა, ჯობს, რომ ოპოზიციას მერის არჩევნების დროს ერთი კანდიდატი ჰყავდეს. შეიძლება ირაკლი ალასანიაზე შეთანხმდნენ. კარგი ბიჭია და, მგონია, კარგი მერიც იქნებაო. ისე კი, ინტერვიუ ბერლინის კედლის დანგრევის იუბილეს ეძღვნება და შევარდნაძე იმდროინდელ პროცესებს იხსენებს.გაზეთი წერს, რამდენიმე დღის წინ შევარდნაძე ბერლინში იყო, სადაც საზეიმო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობისას თქვა: ”ჩვენ დაგეხმარეთ გერმანიის გაერთიანებაში, ახლა კი თქვენ დაგვეხმარეთ, რომ მშვიდობიანი გზით გავაერთიანოთ საქართველოო.“

დაბოლოს, „24 საათი“ აქვეყნებს ვრცელ სტატიას ოთარ ჭილაძეზე, მის შემოქმედებასა და ორ ახალ წიგნზე, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღეში ჩატარდება. ოთარ ჭილაძეს გაზეთთან ინტერვიუში მისი ძმა, მწერალი თამაზ ჭილაძე იხსენებს და მის დაუმთავრებელ რომანზე ლაპარაკობს, რომლის მხოლოდ შესავლის დაწერა მოასწრო. ”მისი ნაწარმოებები სიცოცხლეს განაგრძობს. ლონდონში, ამერიკასა და გერმანიაში უკვე მუშაობენ მისი რომანების თარგმნაზე და უცხო ენაზე ისინი მალე გამოიცემაო”, - უთხრა ”24 საათს” თამაზ ჭილაძემ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG