Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პარლამენტმა პრეზიდენტი ვერ აირჩია


მოლდავეთის პარლამენტში უშედეგოდ დასრულდა პრეზიდენტის არჩევნები. პარლამენტმა ვერ შეძლო მარიან ლუპუს არჩევა, რადგან კომუნისტმა პარლამენტარებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს, ხოლო პრო-დასავლური ორიენტაციის ოთხ პარტიას მანდატების საკმარისი რაოდენობა არა აქვს. ამ ოთხი პარტიის ყველა, 53-ვე დეპუტატმა ხმა მისცა ლუპუს, მაშინ როცა პრეზიდენტად მის ასარჩევად საჭირო იყო, სულ ცოტა, 61 ხმა. მარიან ლუპუ - ყოფილი კომუნისტი, რომელიც დემოკრატიულ პარტიას ხელმძღვანელობს - პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია. პრემიერ-მინისტრ ვლად ფილატის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა გააგრძელოს მოლაპარაკება ოპოზიციონერ კომუნისტებთან, რათა ისინი დაიყოლიოს სახელმწიფოს ახალი მეთაურის არჩევაზე. პარლამენტში პრეზიდენტის შემდეგი არჩევნები დეკემბრისთვის უნდა დაინიშნოს. ანალიტიკოსების შეფასებით, კომუნისტებს სურთ პრეზიდენტის არჩევის დაბლოკვა, რათა მიაღწიონ მომავალი წლის დასაწყისში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.
XS
SM
MD
LG