Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითის ტირძნისელი ბავშვები რეიტინგისთვის სჭირდება


დაკავებული მოსწავლეები: გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი
დაკავებული მოსწავლეები: გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი
ცხინვალის ტელევიზიამ ტირძნისელ მოზარდებს კიდევ ერთი რეპორტაჟი მიუძღვნა. დაკავებულების კადრების ფონზე ავტორის ხმა, რომლის ვინაობაც არ დასახელებულა, მოზარდების დაკავების ახალ ვერსიაზე საუბრობდა და ვარაუდობდა, რომ არასრულწლოვანები თუ აფეთქებას არა, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დაზვერვას მაინც აპირებდნენ. აქვე, რეპორტაჟის ავტორმა ისრაელ–პალესტინის კონფლიქტი ახსენა, სადაც ტერორისტული აქტების უმეტესობას, თურმე ბავშვები ახორციელებენ. ამ ყველაფერს საქართველოს ხელისუფლების სახელმწიფო ტერორიზმში დადანაშაულება მოჰყვა, რაც ავტორის აზრით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის პოპულარობას უკავშირდება.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, დაკავებული ბავშვების უფლებები ყოველ წუთს ირღვევა.

რადიო თავისუფლებას ცხინვალიდან ერთ-ერთმა წყარომ დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომის დროს კოკოითის ხელისუფლებამ იარაღი სკოლის მოსწავლეებსაც კი დაურიგა და საბრძოლოდ გაუშვა, მანამდე კი მათ სპეციალური წვრთნები უტარდებოდათ. ამდენად, ქართული მხარის მიერ ცხინვალში „მოზარდი ტერორისტების“ შეშვება ზოგიერთისთვის დამაჯერებელია და ამას ცხინვალის ადგილობრივი სახელმწიფო ტელევიზიაც უწყობს ხელს. ქართული მხარე ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ოსურ მხარეს ბავშვების გატაცებაში ადანაშაულებს. ცხინვალიდან დევნილი, გაეროს ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი, ექსპერტი მალხაზ მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ კოკოითის ოპოზიციის მზარდი რეიტინგის ფონზე, დე ფაქტო ლიდერმა, რომელსაც მთავარი ოპონენტი ალბერტ ჯუსოევი რუსული ფულის მითვისებაში ადანაშაულებს, დაკავებული ბავშვებით საკუთარი რეიტინგის აწევა გადაწყვიტა.

ტირძნისელი მოსწავლეების შესახებ საუბარი 11 ნოემბერს ჟენევის დისკუსიების მერვე რაუნდზეც გაგრძელდება, სადაც ქართული და ოსური მხარეები უკვე გაემგზავრნენ. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ ქართული არხებისთვის განცხადება აეროპორტში გააკეთა. მისი თქმით, მერვე რაუნდის მთავარი თემა უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის - 4 ქართველი მოზარდის დაკავების ფაქტი იქნება. ბოკერიას აზრით, არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა ვერ უზრუნველყოფს სტაბილურობას და ადამიანის უფლებების დაცვას, არა მხოლოდ ოკუპირებულ, არამედ მიმდებარე ტერიტორიებზეც.

კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების წინა რაუნდი 17 სექტემბერს გაიმართა. მომდევნო, მერვე რაუნდი 11 ნოემბრისთვის არის დანიშნული. ამ შეხვედრაზე ოსური მხარე, თავის მხრივ, დაკარგული ოსი მოქალაქეების მოძიების საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს.

ცხინვალში დაკავებული 4 ქართველი მოზარდის სასამართლოს გამართვის თარიღი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ამ ეტაპზე საქმე გენერალურ პროკურატურაშია და გამოძიება მიმდინარეობს.

სოფელ ტირძნისის სკოლის 4 მოსწავლე: გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი რუსმა მესაზღვრეებმა და ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ქართული მხარე მოზარდების გათავისუფლების საქმეში დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს.

XS
SM
MD
LG