Accessibility links

10 ნოემბერს თბილისის სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” შეკრებილმა საზოგადოებამ მონაწილეობა მიიღო სემინარში ”მედიის თავისუფლების და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ”, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგის კონტექსტში გაიმართა. წარმომადგენლობით შეხვედრას, ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების გარდა, საქართველოს საგარეო უწყების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ქართულ მედიაში არსებული ვითარება იყო ”კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” რეგიონალური დირექტორის ჰანს გუტბროდის მიერ წარმოდგენილი კომპლექსური კვლევის მთავარი თემა, რომელიც გახდა კიდეც დისკუსიის ძირითადი საგანი.

”საქართველოს მედიის კომპლექსური კვლევა ” მედიის თავისუფლების შესახებ გამართული სემინარის მთავარი განსახილველი საკითხი გახლდათ. ”კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს გუტბროდმა შეკრებილ საზოგადოებას ამცნო, რომ კვლევის არეალი საქართველოს ორ დიდ ქალაქს, თბილისსა და ქუთაისს, მოიცავდა. მედია-მომხმარებლების გარდა, მასში მონაწილეობა მიიღო 47-მა მედია-პროფესიონალმაც.

”ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, თუ რას ფიქრობს საზოგადოება და რას ფიქრობენ პროფესიონალი ჟურნალისტები ქართული მედიის შესახებ. გვსურდა რაც შეიძლება დაწვრილებითი სურათი დაგვეხატა. აღმოჩნდა, რომ ტელევიზიას გამოკითხულ ადამიანთა ცხოვრებაში უზარმაზარი ადგილი უჭირავს, თუმცა, ამავე დროს, ტელემედიის მიმართ ისინი საკმაოდ კრიტიკულები არიან. ტელემედია უნდა შეეცადოს ნაკლებად პოლარიზებული იყოს, იმოქმედოს მძლავრი პროფესიონალური სტანდარტებით. ქართული საზოგადოების მოთხოვნა სწორედ ესაა, რაც ჩვენი კვლევიდან კარგად ჩანს”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჰანს გუტბროდი.

კვლევაში აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა 88 %-ისათვის ინფორმაციის მთავარი წყარო ტელევიზიაა. ინტერნეტს ამავე მიზნით ყოველდღე იყენებს 7%, 50% კი - არასოდეს. გამოკითხულთა 31 % ფიქრობს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება არის, 28%-ს უარყოფითი პასუხი აქვს.

საინტერესო მაჩვენებელი: 42 პროცენტი ეთანხმება აზრს, რომ მთავრობა არ უნდა აკონტროლებდეს მედიას, თუმცა არსებობს 15 %, რომელსაც საპირისპირო პასუხი აქვს.

ჟურნალისტ ზვიად ქორიძისათვის მოულოდნელი იყო კვლევის ზოგიერთი შედეგი: “ასეთ მონაცემებს ნამდვილად არ ველოდი, რომ საქართველოს მოსახლეობის 88% ინფორმირებულია ტელევიზიებით და, მიუხედავად იმისა, რაც ობიექტურად ვიცით, რომ საქართველოში მონოპოლიზებულია საერთო ეროვნული მაუწყებლების ბაზარი, თურმე ტელევიზია ჩვენი მოსახლეობის ძალიან მაღალი ნდობით სარგებლობს და, მათივე აზრით, სრულად ინფორმირებულია ამავე ტელევიზიებით. თუ მოსახლეობის 80% ასე აფასებს პროფესიონალიზმის ხარისხს, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ პრობლემა არ გვქონია, თუმცა მე მიჭირს ამის დაჯერება.”

არ სჯერა იმიტომ, რომ მედიასთან დაკავშირებით დღემდე არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. მაგალითად, ის, რომ დღემდე დახურულია ინფორმაცია ამა თუ იმ ტელეარხის რეალური მფლობელის შესახებ, ამ ფონზე კი მედიის თავისუფლებაზე საუბარი ზვიად ქორიძეს ნაადრევად მიაჩნია: ”თუ ვიტყვით, რომ დღეს გამჭვირვალეა ყველა მედია-საშუალების მფლობელთა ვინაობა და ასევე ღიაა მათი ფინანსური საქმიანობა, ანუ ყველა მედია-საშუალება დაადასტურებს, რომ მისი შემოსავლები არის ლეგალური და მისი ყველა შემოსავლით ხერხდება ყველა გასავლის დაფარვა და ყველა ამ კითხვაზე დადებითი პასუხი იქნება, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი მაღალია. მაგრამ თუ ეს პრობლემები არის, - და, ალბათ, არის, რადგან ვერ ვიღებთ გადაჭრით პასუხს ”კი”, - მედიის თავისუფლების ხარისხი არ იქნება მაღალი და ამიტომ ნებისმიერ საერთაშორისო ინდექსში ყოველთვის ვიქნებით მერვე, მეცხრე და მეათე ათეულში. უფრო ზემოთ ჩვენი ადგილი არ არის.”

გამოკითხული 47 მედია-პროფესიონალი გაცილებით კრიტიკული აღმოჩნდა მედიის შეფასებისას, ვიდრე ხალხი. მათ 83 %-ს სჯერა, რომ ჟურნალისტები მთავრობის ინტერესების გავლენის ქვეშ ექცევიან.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კვლევამ გამოკვეთა, მედია-სივრცის პოლარიზებაა. ”არ არსებობს ნეიტრალური მედია - ტელეარხები მთავრობის ან ოპოზიციის ინტერესებს ემსახურებიან”, - აღნიშნულია გამოკვლევაში.

მედია-მონიტორინგმა ასევე აჩვენა, რომ შესწავლილი ტელეარხები დაპირისპირებულ ბანაკებად იყოფიან. „რუსთავი-2“, „იმედი“ და პირველი არხი ხშირად გადასცემენ მსგავს ამბებს და ერთმანეთს არ აკრიტიკებენ, იგივე პოლიტიკა აქვს „კავკასიას“ და „მაესტროს“.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი ბადრი კოპლატაძე ფიქრობს, რომ მედიის თავისუფლების ის ხარისხი, რაც დღეს არსებობს, შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო რამდენიმე წლის წინ, მაგრამ არა დღეს. მისი აზრით, საკმარისი არ არის აღნიშნულ კვლევაში გამოკვეთილი გარემოება, რომ ქართულ მედიაში მრავალფეროვნებაა. მიზეზი მარტივია: ”მე მაგალითად, მიყურებია ორი განსხვავებული არხისთვის და ერთსა და იმავე ამბავზე მიმიღია ორი განსხვავებული ინფორმაცია. ამან ჩემს ცოდნას ამ კონკრეტული მოვლენის შესახებ ბევრი ვერაფერი შემატა, რადგან ვერ გავერკვიე რა მოხდა. ანუ, მრავალფეროვნება არის, მაგრამ ეს მთავარ მიზანს მედიისას, საზოგადოება ინფორმირებული ამყოფოს, მაინც ვერ პასუხობს ბოლომდე.”

ამის მიზეზი მედიის მხრიდან შეიძლება იყოს არცოდნა ან სურვილის არქონა. კოპლატაძე მაინც ფიქრობს, რომ არსებობს პასუხი კითხვაზე - ”როგორ?”, მაგრამ ჩნდება უფრო სერიოზული პრობლემა, როგორიცაა სარედაქციო თავისუფლება და, ასევე, მფლობელთა ინტერესები და მათი ზეგავლენა საინფორმაციო პოლიტიკაზე.

თავად გამოკვლევის ავტორს კი, ჰანს გუტბროდს, ქართული მედიისათვის ერთი მთავარი რეკომენდაცია აქვს: ”ჩემი მთავარი რეკომენდაცია ქართული მედიისადმი ისაა, რომ ქართული საზოგადოების მოთხოვნაზე იყოს ორიენტირებული. კვლევაზე მუშაობისას ჩვენ ვნახეთ, რომ ამ საზოგადოებას საკმაოდ სწორი ხედვა და ღირებულებები აქვს, თუ როგორ უნდა შუქდებოდეს, მაგალითად, ჯანდაცვის საკითხები მედიაში, სხვა სოციალური თემები, სასამართლოსთან დაკავშირებული თემატიკა.. თუ მედია საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება, ეს სასარგებლო იქნება ყველასთვის - მედია იქნება ხალხის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესის წინსვლას.”
XS
SM
MD
LG