Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილიციის დღე და ურჩი მილიციელი


მოსკოვი: მილიციელ ალექსეი დიმოვსკის პრეს-კონფერენცი
მოსკოვი: მილიციელ ალექსეი დიმოვსკის პრეს-კონფერენცი
დღეს რუსეთში მილიციის დღეა. როგორც წესი, მას საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ ხოლმე. თუმცა, ამჯერად საზეიმო განწყობას ხელისშემშლელი გამოუჩნდა: პოლიციის მაიორი ალექსეი დიმოვსკი. ჯერ იყო და დიმოვსკიმ პოპულარულ ვებსაიტ YouTube-ზე გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც მილიციის ხელმძღვანელობას კორუფციაში ამხელს, დღეს კი გაბედული მილიციელი მოსკოვში ჩავიდა, მის წინააღმდეგ მიღებული ზომების მიუხედავად.

ალექსეი დიმოვსკი აპირებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტს გადასცეს ნოვოროსიისკის მილიციის თანამშრომელთა კორუფციაში მამხილებელი აუდიოჩანაწერები.

„150 საათი - ეს მთლიანად, ჩანაწერებია. აი, ერთ მოწყობილობას გაჩვენებთ, ამხანაგებმა მიშოვეს: აი, ეს დიქტოფონი 150 საათის ჩანაწერებს მოიცავს. ბატარეები 90 საათისთვის ჰყოფნის. მე მას კისერზე ჩამოვიცვამდი ხოლმე, ერთი ღილაკი აქვს საიმისოდ, რომ ჩართო და გამორთო და მორჩა“, - უთხრა დიმოვსკიმ დღეს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე შეკრებილებს. იქვე დიმოვსკიმ უარყო მის შესახებ გამოთქმული ვარაუდი, რომ კავშირი აქვს უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

რა არ გადახდა თავს ნოვოროსიისკელ მილიციელს მოსკოვში ჩასვლამდე! მას საბანკო ბარათი და მობილური ტელეფონი დაუბლოკეს, აეროპორტის გზაზე დააკავეს კიდეც, ხოლო აეროპორტამდე მისვლაზე კიდევ უფრო რთული ამოცანა თვითმფრინავით გამგზავრება აღმოჩნდა.

მაგრამ ალექსეი დიმოვკსიმ დღეს მაინც მოახერხა შავი ზღვისპირა ქალაქ ნოვოროსიისკიდან მოსკოვში ჩასვლა და ამის შემდეგ გამართა პრეს-კონფერენცია პოლიციაში კორუფციის მამხილებელ სენსაციური ბრალდებებზე სალაპარაკოდ. ეს ბრალდებები დიმოვსკიმ გასული კვირის მიწურულს გავრცელებულ ორ ვიდეო მიმართვაში გამოთქვა.

აი, ერთი ნაწყვეტი: „შინაგან საქმეთა სამინიტროს ქალაქის განყოფილების უფროსმა მილიციის მაიორის წოდება, რომელიც მაისში მივიღე, მომანიჭა ჩემი დაპირების სანაცვლოდ, რომ უდანაშაულო ადამიანს დავიჭერდი. მთელს სიმართლეს გეტყვით მილიციელების ცხოვრებაზე რუსეთში, კორუფციასთან და ყველაფერ დანარჩენთან ერთად“.

და კიდევ ერთი ნაწყვეტი მილიციელ დიმოვსკის ვიდეომიმართვებიდან: „მომბეზრდა პერპესქტიული გეგმები, როცა გვაიძულებენ, გავხსნათ დანაშაულები, რომლებიც არ არსებობს. მომბეზრდა პერსპექტიული გეგმები საქმის აღძვრის შესახებ, როცა გვეუბნებიან, რომ მაინცდამაინც ესადაეს ხალხი უნდა ჩავსვათ, მომბეზრდა შეკვეთილი დანაშაულები, როცა გვაძლევენ შეკვეთას, რომ ხალხი უნდა ჩავსვათ. მომბეზრდა ეს ყველაფერი“.

ამ ბრალდებებს დიმოვსკისთვის უშედეგოდ არ ჩაუვლია. გარდა იმისა, რომ მის შესახებ, ინტერნეტის მეშვეობით, ასიათასობით ადამიანმა შეიტყო, მილიციელი სამსახურიდან დაითხოვეს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ოლეგ იელნიკოვმა გუშინ მოსკოვში გამოაცხადა, რომ ბრალდებები შემოწმების შედეგად არ დასტურდება, რის გამოც, კრასნოდარის მხარის მილიციის უფროსის გადაწყვეტილებით, მაიორი დიმოვსკი დათხოვნილია შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, როგორც იელნიკოვმა აღნიშნა, „კოლეგებისა და ხელმძღვანელების მიმართ ცილისწამებისა და რუსეთის მილიციის თანამშრომელთა ღირსების შემლახავი საქციელის გამო“.

ეს განცხადება, როგორც ვთქვით, გუშინ, 9 ნოემბერს გაკეთდა, მაშინ როცა შინაგან საქმეთა მინისტრ რაშიდ ნურგალიევს სულ ორი დღით ადრე, 7 ნოემბერს ჰქონდა გაცემული განკარგულება დიმოვსკის მიერ გამოთქმული ბრალდებების გამოძიების შესახებ. აქვე უნდა ითქვას, რომ თვით ნურგალიევმა, იმავე 7 ნოემბერს ტელეეთერში აღიარა: დიმოვსკის ბრალდებები უსაფუძვლო არ არისო.

მილიციის მიმართ უნდობლობა, ზოგადად უარყოფითი დამოკიდებულება, კორუფციაში, არაკომპეტენტურობასა და სისასტიკეში ბრალდების საფუძველზე რუსეთში შესაძლოა, იშვიათად გამოითქმოდეს, მაგრამ ფართოდ არის გავრცელებული. „ლევადას ცენტრის“ სოციალურ-პოლიტიკურ კვლევათა განყოფილების დირექტორს, ბორის დუბინს ჩვენი რადიოს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში აქვს ნათქვამი, რომ ჩატარებული გამოკითხვების შედეგებით, პოლიციას არ ენდობა რუსების ორ მესამედზე მეტი. და ამ უნდობლობას შიში ერთვის. დუბინის ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციით, „მილიციელების შიში უფრო მეტ ადამიანსა აქვს, ვიდრე ხულიგნებისა და მძარცველების შიში. მილიციაზე მეტად რუსეთის მკვიდრთ მხოლოდ ტერორისტების ეშინიათ“.

მილიციელი ალექსეი დიმოვსკი, რომელიც საჯაროდ, ხმამაღლა ალაპარაკდა მილიციის მუშაობის ნაკლოვანებებზე, თავისი ვიდეომონოლოგებით პერმიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს მიმართავს. დღეს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფრენეციაზე გაბედულმა მილიციელმა იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურება მისდამი საჯარო მიმართვას.

სხვათა შორის, გავრცელებული ინფორმაციით, ალექსეი დიმოვსკი დღეს მანქანით ჩავიდა მოსკოვში მას შემდეგ, რაც როგორც თვითონვე თქვა რადიო „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში, მას ხელი შეუშალეს ნოვოროსიისკიდან თვითმფრინავით გამგზავრებაში.
XS
SM
MD
LG