Accessibility links

”ალია” ორშაბათს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე წერს და მის მონაწილეს, ”ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერს გიორგი თარგამაძეს, სთხოვს დეტალების გამხელას. თარგამაძე ამბობს, რომ, ტირძნისელი მოზარდების დაკავებისა და უსაფრთხოების თემების გარდა, ის და მისი თანაფრაქციელები პრეზიდენტს საბიუჯეტო საკითხებზეც ესაუბრნენ. რაც შეეხება შეხვედრის მთავარ თემას, თარგამაძე ამბობს, რომ დაკავებულთა ოჯახებთან ”ყოველდღიური ურთიერთობის რეჟიმი უნდა არსებობდეს, რომ ოჯახის წევრებს, რომლებიც უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან, ინფორმაციებს აწვდიდნენ კომპეტენტური ადამიანები, ფსიქოლოგები და ა.შ. სამწუხაროდ, ასეთი რამ არ ხდება, ისინი არიან ინფორმაციულ ვაკუუმში.”
”ალიაშივე” წაიკითხავთ ვრცელ ინტერვიუს ლეიბორისტთა ლიდერ შალვა ნათელაშვილთან. ის აცხადებს, რომ გაეროში გამართულ შეხვედრაზე სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, რომელიც, ნათელაშვილის თქმით, ”შეისწავლის სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის საქმიანობას”. ამავე ინტერვიუში ლეიბორისტთა ლიდერი ამბობს: ”მოვითხოვე, რომ მხოლოდ გაეროს კონტროლით ჩატარდეს არჩევნები. ამის შემდეგ შეიძლება საქართველოში დაიწყოს ხელისუფლების მშვიდობიანი წასვლის პროცესი.”

”ახალი თაობა” ორგანიზაციის ”ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელ ნანა კაკაბაძესთან ინტერვიუს ბეჭდავს. კაკაბაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხელისუფლებისთვის წარდგენილი სამპუნქტიანი რეზოლუციის შესრულების გზებზე საუბრობს. ”პირველი ორი მოთხოვნის შესრულება, რომლებიც პოლიტმატიმრების და მედიის გათავისუფლებას ეხება, უმოკლეს ვადაშია შესაძლებელი. თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნებს 23 ნოემბრამდე არ შეასრულებს, მოვუწოდებთ მთელ საზოგადოებრიობას, ჩვენს საპროტესტო მანიფესტაციებს შეუერთდეს”, - ამბობს ნანა კაკაბაძე და განმარტავს, რომ აქციები არ იქნება ყოველდღიური, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან თარიღზე ხალხი თავის პოზიციას გამოხატავს. ”ახალი თაობა” დღევანდელ ნომერში წერს რუსეთის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზეც ამერიკის მიერ საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ.

ამ თემაზე პირველ გვერდზე წერს ”რეზონანსიც”. გაზეთის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას.

”რეზონანსიდანვე” შეიტყობთ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ერთი წევრი, ზურაბ ჯიბღაშვილი, ტოვებს. მან ”რეზონანსს” განუცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების კომისიის გვერდის ავლით პარლამენტში ინიცირების საფუძველზე მიიღო. საქმე ეხება იმ ცვლილებას, რომელიც გადასახადების შეცვლის საკითხის რეფერენდუმით გადაწყვეტას გულისხმობს.

”24 საათის” ავტორი ლუსტრაციის შესახებ კანონის საჭიროებაზე მოსაზრებას აქვეყნებს, სათაურით ”ნაპატიები დანაშაულის ქვეყანა?”. ”ვფიქრობ, კანონი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში მიიღეს, ჩვენც უნდა მივიღოთ, ხოლო რაც შეეხება იმათ, ვინც უშუალოდ უნდა განახორციელონ ამ კანონის მიღების აქტი, გააკეთონ, რაც ევალებათ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოების დემორალიზებას და ნუ გადააქცევენ საქართველოს ნაპატიები დანაშაულის ქვეყნად.”

”საქართველოს რესპუბლიკაში” კი სტატია ეძღვნება მედიის თავისუფლებას. ”მოდი, პრესაზე ვილაპარაკოთ” - ასე ასათაურებს ავტორი თავის პუბლიკაციას და წერს: ”დემოკრატიაზე უმცირესი პრეტენზიის მქონე ქვეყანაშიც კი, ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული ბეჭდური და ელექტრონული მედიის არსებობა დამანგრეველია სახელმწიფოსთვის. ამ შემთხვევაში, ხელისუფლება, უბრალოდ, ვერ ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მეტ-ნაკლებად ობიექტურ სურათს და, შესაბამისად, მოკლებულია რეალობისადმი ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.”
XS
SM
MD
LG