Accessibility links

logo-print

მსოფლიოში ბუნებრივი გაზის ფასი მცირდება


გაზის საკომპრესორო სადგური

გაზის საკომპრესორო სადგური

მომდევნო წლების განმავლობაში ბუნებრივ აირზე ფასი შესაძლოა შემცირდეს, მასზე მოთხოვნილების კლებისა და ბაზარზე ახალი მიმწოდებლების მოზღვავების გამო. ასეთია ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზი, რომელიც 10 ნოემბერს გამოქვეყნდა. ყოველწლიურ ანგარიშში, რომელსაც ბევრი მთავრობა იყენებს ენერგეტიკული პოლიტიკის შესამუშავებლად, გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს გავლენას იქონიებს გაზის ძირითად ექსპორტიორებზე – რუსეთზე, ირანსა და ყატარზე.

საერთაშორისო ენერგიის სააგენტო (IEA) აცხადებს, რომ მსოფლიო ბუნებრივი აირის ჭარბი მიწოდების წინაშეა, რის გამოც მომავალი წლების განმავლობაში გაზის საფასური დაეცემა. როგორც ლონდონში არსებული გლობალური ენერგიის შემსწავლელი ცენტრის წამყვანი ეკონომისტი მუჰამედ ალი ზაინი ამბობს, ამის მიზეზი ისაა, რომ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება ფიქალის თიხისაგან გაზის მოპოვების ახალი ტექნოლოგია:

“სპეციალიზებულმა ამერიკულმა კომპანიებმა, ბურღვის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შედეგად, რაც გულისხმობს ჰორიზონტალურ ბურღვას, ასევე ჰიდრავლიკურ დაშლას და სხვა ტექნიკას, შეძლეს ფიქალის თიხისაგან ეწარმოებინათ არანორმალურად დიდი რაოდენობის გაზი. ამგვარად, გაიზარდა ამერიკის ბუნებრივი აირის საცავები და, ზოგადად, გაიზარდა გაზის წარმოება. ახლა ევროპელებიც ეუფლებიან ფიქალის თიხიდან გაზის წარმოების ტექნიკას და, ერთხელაც, შეძლებენ, რომ გამოიყენონ ვეროპაში არსებული საკუთარი ფიქალის თიხის რესურსები.”

იმავდროულად, თხევადი გაზის ისეთმა დიდმა მიმწოდებლებმა, როგორიცაა ყატარი, საკმაოდ დიდი ინვესტიციები ჩადეს, უახლოეს წლებში ექსპორტის გაზრდის იმედით.

საერთაშორისო ენერგიის სააგენტოს (IEA) ანგარიშის თანახმად, ყველა ეს ძალისხმევა, ერთად აღებული, გაზსადენებსა და თხევადი გაზის ტერმინალებში იმაზე უფრო მეტ გაზს მოუყრის თავს, ვიდრე საჭიროა.

სააგენტო ვარაუდობს, რომ ჭარბი მოწოდება კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი ქვეყნები გააგრძელებენ ენერგიის დაზოგვის პოლიტიკას და განავითარებენ ატომურ ელექტროსადგურებს. ამავე პროგნოზის თანახმად, მხოლოდ გარემოს დაცვის პოლიტიკა 2015 წლისათვის 5 პროცენტით შეამცირებს მოთხოვნას ბუნებრივ აირზე, 2030 წელს კი მოთხოვნა 30 პროცენტით შემცირდება.

ბუნებრივ აირზე მოთხოვნა კი, პირველ რიგში, ისეთ ქვეყნებზე იმოქმედებს, როგორიცა რუსეთი, ირანი და ყატარი. ეს სამი ქვეყანა, რომლებიც მსოფლიოს ბუნებრივი აირის მარაგის ნახევარს აკონტროლებენ, საკუთარი შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ გაზის ექსპორტით ღებულობენ. ლონდონში არსებული გლობალური ენერგიის შემსწავლელი ცენტრის წამყვანი ეკონომისტი მუჰამედ ალი ზაინი ამბობს, რომ აღნიშნული ქვეყნები არ დათანხმდებიან ბუნებრივ აირზე ფასის დაწევას, რათა დაიცვან საკუთარი ინვესტიციები:

“მწარმოებლები ან შეამცირებენ ექსპორტს, რათა შეინარჩუნონ ბუნებრივ აირის ფასი, როგორც ამას ოპეკი ნავთობის შემთხვევაში აკეთებს, ანდა წარმოებას და საკუთარი ბუნებრივი აირით დანარჩენი მსოფლიოს მომარაგებას გააგრძელებენ. ამ შემთხვევაში, ფასის დაწევა აუცილებელი გახდება.”

საერთაშორისო ენერგიის სააგენტოს (IEA) ანგარიშის თანახმად, მომდევნო წლებში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა მზარდი დარჩება ევროკავშირის ბაზარზე, მაგრამ ეს ზრდა პროგნოზირებულზე გაცილებით ნაკლები იქნება.

ეს კი რუსეთის წარუმატებლობას გამოიწვევს, რამდენადაც ის ბოლო 25 წლის განმავლობაში ბუნებრივი აირით ევროპის ერთადერთ უმსხვილეს მომწოდებლად რჩება.

ბუნებრივ აირზე მოთხოვნა შეასუსტებს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ „გაზპრომს“ და, ბედის ირონიით, აიძულებს რუსეთს ისევე მოახდინოს ევროპის გარეთ არსებული თავისი ბაზრის დივერსიფიცირება, როგორც ევროკავშირი ცდილობს მოახდინოს ენერგიის წყაროების დივერსიფიცირება რუსეთის გვერდის ავლით. ბუნებრივი გაზის მიწოდების მოსალოდნელი ზრდა ცუდად იმოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე, რამდენადაც ის ძლივს აღწევს თავს გასული წლის ეკონომიკურ კრიზისს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2009 წლისათვის რუსეთის ეკონომიკა 8.7 პროცენტით შემცირდება.

ამავე დროს, ბუნდოვანია, როგორ იმოქმედებს ბუნებრივი აირის საერთაშორისო ბაზარზე მოსალოდნელი ცვლილებები დასავლეთის უმსხვილესი „ნაბუკოს“ მილსადენის მშენებლობაზე, რომელსაც კასპიის ენერგომატარებლები, რუსეთის გვერდის ავლით, ევროპის ქვეყნებისათვის უნდა მიეწოდებინა.
XS
SM
MD
LG