Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ჩვენ” და “ისინი” აღმოსავლეთბერლინელთა წარმოდგენაში


ბერლინის კედლისგან დღეს თითქმის აღარაფერია დარჩენილი
ბერლინის კედლისგან დღეს თითქმის აღარაფერია დარჩენილი
ბერლინის კედლის აღების მეოცე წლისთავზე ფიზიკურად თითქმის აღარაფერი დარჩა “ცივი ომის დროინდელი” ამ პირქუში სიმბოლოსაგან. თუმცა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ჯერ კიდევ რჩება ფსიქოლოგიური ბარიერები, რასაც გერმანელები “გონებაში არსებულ კედელს“ უწოდებენ.

ფრიც რიოდელი აღმოსავლეთ გერმანიის ელიტას ეკუთვნოდა. იგი წლების განმავლობაში ბერლინის პოპულარული "ფოლკსბიუნეს" თეატრის დირექტორი იყო და ეს შესაძლებლობას აძლევდა ემოგზაურა დასავლეთ გერმანიაში, რაზეც იმხანად ბევრი აღმოსავლელი გერმანელი ოცნებობდა. 1989 წლის 9 ნოემბერს, როდესაც ბერლინის კედელი აიღეს, რიოდელმა გაიღვიძა ქვეყანაში, სადაც, როგორც თავად ამბობს, იგი აღარავის სჭირდებოდა.

“1990 წელს თეატრიდან წამოვედი, რადგან მათ ახალი დირექტორის დანიშვნა უნდოდათ და ეჭვი მქონდა, რომ არაკომპეტენტური ადამიანებისთვის აპირებდნენ თანამდებობების შეთავაზებას, რაც მანამდე არაერთხელ მოხდა აქ, აღმოსავლეთში. მე არ მინდოდა ხალხის სამსახურიდან დათხოვნა და ამიტომ თანამდებობის დატოვება ჩემი მოვალეობა, ჩემი უკანასკნელი მოვალეობა იყო.”

რიოდელის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მისი ბევრი კოლეგაც უმუშევარი დარჩა. ბევრი მათგანი შეცვალეს დასავლეთგერმანელებმა, რომლებიც გამეცადინებულნი იყვნენ დაპატრონებოდნენ აღმოსავლეთ გერმანიის სამუშაო ადგილებს. სხვაგანაც იგივე ხდებოდა. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიის პროფესურის ნახევარზე მეტმა მუდმივი სამუშაო დაკარგა.

70 წლის რიოდელი არ მისტირის კომუნისტურ წარსულს. მხოლოდ იმაზე წუხს, რომ დასავლეთ გერმანიაში მცხოვრები მისი თანამემამულეები არ იჩენენ სათანადო ყურადღებას და არ აწუხებთ მათი მძიმე წარსული.

“ბევრი აქ საკუთარ თავს კოლონიზებულ ერად მიიჩნევს - უფრო მეტად, ვიდრე ეს ადრე იყო.”

თუმცა ამ აზრს არ ეთანხმება ვალტრაუდ ცირფოგელი. 76 წლის ძეხვეულის გამყიდველი ვეღარ ცნობს თავის მეზობლად მდებარე, ბერლინის ფრენცლაუერ ბერგის რაიონს, რომელსაც ინვესტორები მიაწყდნენ და იქაურობა პრესტიჟულ რაიონად აქციეს.

“ძველი სახლები აღმოსავლეთ გერმანიის დროს იაფი ღირდა. ომის შემდეგ მათში დიდი, 5 და 6 სულიანი ოჯახები ცხოვრობდნენ. დღეს კი ფასები ავარდა. ბევრი ადამიანი გაფართოვდა აღმოსავლეთ გერმანიაში. ახლა აქ, მეზობლად,პრივილეგირებული ხალხი ცხოვრობს.“

ცირფოგელს სულაც არ ენატრება გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, თავისი წარუმატებელი ეკონომიკით, უსასრულო დეფიციტით და შტაზის სასტიკი საიდუმლო სამსახურებით. შესაძლოა, იმიტომაც, რომ იგი იმ თითზე ჩამოსათვლელ აღმოსავლელ გერმანელთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებმაც საკუთარი ბიზნესის გადარჩენა შეძლეს. ფრენცლაუერ ბერგის რაიონში ვალტრაუდ ცირფოგელი დღემდე ყიდის თავის საფირმო ცხარე ძეხვეულს.

გიუნტერ ჰოლვასი, აღმოსავლეთ გერმანიაში დაბადებული 59 წლის ბლუზის მუსიკოსი, გერმანიის გაერთიანების თავგადაკლული მომხრე უნდა ყოფილიყო, რომ არა ის იმედგაცრუება, რაც 1989 წლის შემდეგ დაეუფლა. წვერმოშვებული, გრძელთმიანი მუსიკოსი, იძულებული გახდა აღმოსავლეთ გერმანიიდან გაქცეულიყო იმ ოპოზიციური კონცერტების გამო, რომელთაც ეკლესიებში ატარებდა და მრავალი მსმენელი ჰყავდა ახალგაზრდობაში. 1981 წელს, ერთ-ერთი ასეთი კონცერტის შემდეგ, შტაზის აგენტებმა ჰოლვასი შეიპყრეს და შესთავაზეს მუსიკალური კარიერა მიეტოვებინა და პოლიტიკურად ლოიალური გამხდარიყო. მომღერალმა უარი თქვა და შტაზის მხრიდან შურისძიებამაც არ დააყოვნა:

“ქუჩაში ამიყვანეს და მიმიყვანეს საიდუმლო პოლიციის შენობაში. მითხრეს, რომ თუ არ გავჩერდებოდი, შვილებს წამართმევდნენ და იძულებით გააშვილებდნენ. მაშინ მე ვუთხარი: კარგი, თქვენ გაიმარჯვეთ-მეთქი.”

ამ დაკითხვიდან 2 კვირის შემდეგ ჰოლვასი ბერლინის კედელზე გადაძვრა, მერე გერმანიიდან კანადაში გადავიდა და იქ მღეროდა. კანადაში “სი-ენ-ენით” მოისმინა ინფორმაცია ბერლინის კედლის დანგრევის შესახებ. როდესაც მომღერალი გაერთიანებულ გერმანიაში დაბრუნდა, 1990 წელს, იგი შეძრული იყო იმ მომხმარებლური განწყობით, რაც იქ დახვდა.

“ყველა ცდილობდა ფული ეშოვა. მე კი მახსოვს ის დრო, როდესაც ფული სულაც არ იყო მთავარი რამ. სიძუნწემ და სიხარბემ შეცვალა ადამიანები.”

1993 წელს ჩაწერილ სიმღერაში “მე ვტირი” ჰოლვასმა ასე გამოხატა თავისი სათქმელი ორი გერმანიის გაერთიანებაზე:

“ეს ის ადგილი არ არის, რომელსაც ვიცნობდი. ორი ქვეყანა ერთ ერად გაერთიანდა, მაგრამ მათ სძულთ ერთმანეთი. ეს არის 80 მილიონი იდიოტის ფარა. აქ მეტის გაძლება აღარ შემიძლია და უკან ვბრუნდები. თავს ვგრძნობ უძლურად და დამწუხრებული ვარ. და მე დავტირი, დავტირი უკანასკნელ შანსს. მე მათ გამო ვტირი.“

1995 წელს, გულის შეტევის შემდეგ, მომღერალი კანადიდან მაინც სამშობლოში დაბრუნდა, ამჯერად - საბოლოოდ. იგი ამბობს, რომ ტბის პირას მდებარე მის სახლში ოჯახი ცხოვრობს და ძველი აღმოსავლელი გერმანელი მეგობრების სიახლოვეს სიმშვიდე იპოვა. ის იშვიათად ჰკიდებს ხელს გიტარას და ცდილობს აღარ იფიქროს ბლუზზე, "შტაზიზე" და გაერთიანებაზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG