Accessibility links

logo-print
გახსოვთ ის დრო, სოლოლაკის ქედზე ორი ქართლის დედა რომ იდგა? მართალია, “დედის გამოცვლის” ეს სანახაობა მაშინ ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ ბევრს გაუხეთქა გული დედამაც და დედინაცვალმაც (ამაზე თბილისური ანეკდოტებიც არსებობს).

შოთა რუსთაველის ძეგლის გამოცვლა თუ გახსოვთ? 1989 წელს, ქვის შოთა ბრინჯაოთი რომ შეცვალეს და ძველი რუსთავში გადაიტანეს?!

რა დრო იყო! ერთ ძეგლს აიღებდნენ და იმავე ადგილას მეორე ძეგლს დადგამდნენ. როგორც ფეხბურთშია: დაიღალა გიგსი? შეუშვი ნანი!

მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა და დღეს ვეღარსად ნახავთ ასეთ “ზამენებს”, დღეს ძეგლები პანტა-პუნტით ტოვებენ თავიანთ ადგილებს, ათავისუფლებენ სივრცეს, ჩამოდიან კვარცხლბეკებიდან, იცვლიან სამყოფელს. შეიძლება ითქვას, ბოლო წლებში ძეგლებმა ფეხი აიდგეს და მოგზაურობა დაიწყეს.

ერთ-ერთი პირველები, თუ არ ვცდები, ვაკის პარკის მეომრები იყვნენ, რომლებიც 90-იან წლებში აიღეს და წელს აგვისტოში უეცრად გორის ციხესთან გამოირიყნენ. დიდი ამბები მოჰყვა დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანას, ბორჯომში გააქანეს პრომეთე (თუ ვინც იყო), აღარ ჩანს ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლიც, ეტყობა განჯაში გადააქვთ.

სერიოზული გადაადგილებებია ბათუმში. გალაკტიონი კარგა ხანია ქალაქგარეთ მოაყუჩეს, ილიას ძეგლი თეატრის წინიდან თეატრის უკან გადააქვთ, ბათუმის ბულვარიდან მოხსნილი მემედ აბაშიძის ძეგლი კი სულ გზაშია (რაც მთავარია, ჩემოდნებზე არ ზის), განაჩენს ელოდება გორელი სტალინიც.

აი ასე, არაფერი თავის ადგილას არ რჩება. მერე რა, რომ ქვეყანა ისე მხნედ ვეღარ მოძრაობს ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით? სამაგიეროდ, ძეგლები მოძრაობენ ქვეყნის შიგნით. მერე რა, რომ გაქვავებული აზროვნება გვაქვს? სამაგიეროდ ძეგლები არ არიან გაქვავებულნი.

მოკლედ, სრულიად დაუჯერებელი მოძრაობებია ქვეყანაში, ისეთი, მხოლოდ მწერლობიდან რომ ვიცით და მოდი, და ნუ გაგახსენდება დიადი მოსიარულე (გაცოცხლებული) ძეგლები მსოფლიო ლიტერატურიდან, პარადიგმა, რომელიც ასწლეულების განმავლობაში მუშავდებოდა და იხვეწებოდა.

პირველ რიგში დონ ჟუანი და კომანდორი უნდა ვახსენოთ, შემდეგ პუშკინი და მისი “ბრინჯაოს მხედარი”, რომელსაც შესანიშნავი გამოკვლევა უძღვნა რომან იაკობსონმა. სწორედ იქ მოინიშნა და დაზუსტდა გაცოცხლებული ძეგლის პარადიგმაც.

იაკობსონი რამდენიმეჯერ უსვამს ხაზს, რომ პუშკინთან დრამაშიც, ეპიკურ პოემაშიც და ზღაპარშიც, გაცოცხლებულ ძეგლს გაქვავებული ადამიანი უპირისპირდება. იქ, სადაც ძეგლები ცოცხლდებიან, ადამიანებს სიცოცხლე აღარ აინტერესებთ, არამედ უძრაობა, სიცივე და კვდომა იპყრობთ. იაკობსონს ძეგლის გაცოცხლების მთელი სემიოტიკური მექანიზმიც კი აქვს აღწერილი. აბა გაუძელით:

ძეგლი, ფერწერული ტილოსგან განსხვავებით, სამგანზომილებიანია და ამით ძალიან უახლოვდება თავის მოდელს. მხოლოდ უსიცოცხლო, უძრავი მასის (მაგ. ბრინჯაოს) და მოძრავი, ცოცხალი ადამიანის (რომელსაც გამოსახავს ძეგლი) დაპირისპირება აშორებს ერთმანეთს გამოსახულებასა და რეალურ მოდელს. სემანტიკურად კი სხვა რამ ხდება, ნიშნის (გაიხსენეთ სოსიური) შიდა მხარე აუქმებს ძეგლის უძრაობას, ანუ ნიშნის გარე მხარეს და ძეგლს ცოცხლად წარმოგვიდგენს (შდრ. კლასიკური ფრაზა “არაჩვეულებრივი გამოფენიდან”: “ჩემი სავლე გამიცოცხლე და აწი რაღა მომკლავს!”). ამით იხსნება ნიშნის შინაგანი დუალიზმი და, შესაბამისად, ნიშნისა და აღსანიშნი ობიექტის დაპირისპირებაც ძალას კარგავს. ძეგლის პირობითი სივრცე რეალურ სივრცეს ერწყმის (იმ სივრცეს, სადაც ძეგლი დგას) და შემდეგ ეს ძეგლი მოვლენათა დროით თანმიმდევრობაშიც კი ერთვება. მოკლედ რომ ვთქვათ, იგი ცოცხლდება.

აქ თავს იჩენს კიდევ ერთი საინტერესო საკითხი, რომელიც ზემოთაც ვახსენე. საქმე ისაა, რომ ზოგჯერ ლიტერატურაში ძეგლისა და ცოცხალი არსების კონფრონტაცია ამოსავალ პუნქტად იქცევა. ხდება ამ ორი ხაზის - ძეგლის სტაბილური, ხანგრძლივი არსებობისა და ცოცხალი არსების ეფემერულობის - დაპირისპირება, ეს დაპირისპირება კი, უცვლელი ძეგლისა და მოკვდავი ადამიანისა, ქმედებაშიც მატერიალიზდება – ანუ, ძეგლი კლავს ადამიანს.

ასეთი მექანიზმი მოქმედებს კლასიკაში და მისი გამოძახილი ქართულ ლიტერატურაშიც გვაქვს. ვისაც დემნა შენგელაიას დაუმთავრებელი რომანი, “ტფილისი” წაუკითხავს (რომელიც შემდეგ ნოველად გადააკეთა ავტორმა), ეხსომება ორი ტფილისელი ძეგლის, პუშკინისა და ვორონცოვის ქალაქური მარშრუტი, აბანოთუბანში რომ მთავრდება, სადაც მთავარმართებელი და პოეტი გოგირდის აბანოებში “აპოკალიფსურ ვაყებსავით” დგაფუნობენ, თუმცა აქ არავინ არავის არ კლავს, ადამიანებს აქ უბრალოდ სძინავთ (რაც მეტონიმიურად სიკვდილის ტოლფასია) და დროებით ასპარეზს ძალაუფლებისა და პოეზიის ნიშნებს უთმობენ.

გაცოცხლებული ძეგლების გააზრების თვალსაზრისით რევოლუციური პერიოდი იყო მე-20 საუკუნის დასასრული (ან 21-ეს დასაწყისი, ზუსტად არ მახსოვს), როცა ზურა ლეჟავამ “მილიონი ბედნიერება” დაწერა, ოღრო-ჩოღრო ქართულით დაწერილი შედევრი, რომელმაც პირველივე წაკითხვისას თავბრუ დამასხა, იმდენი მაცინა.

მოთხრობა იმით იწყება, რომ “ქალაქის გორაკიან შემოგარენში მდებარე ფერწერულ ტბაზე” უტიფარი მოზარდების ჯგუფი ადის. ისინი საჩხუბრად ესტუმრებიან ტბას, „სტრელკაზე“ არიან ამოსულები, მაგრამ რადგანაც თავიანთ მეტოქეებს ვერ პოულობენ, დამსვენებლებს შეერევიან... ეს ყმაწვილები არავის მოსვენებას არ აძლევენ, ბოლოს კი ერთ-ერთი მათგანი, ყველაზე უტიფარი, გოგილო მიქატაძე, წყალში მხტომელი ქალის თაბაშირის ძეგლის გაუპატიურებასაც მოინდომებს. და აქედან იწყება ყველაზე გაუგონარი, თუმცა კი ლიტერატურიდან განაგონი სასწაული: “უკიდურესად დამცირებული, სამარცხვინოდ მიწასთან გასწორებული წყალში მხტომელი ქალის ქანდაკება აღშფოთებისაგან გაცოცხლდება”, კვარცხლბეკიდან ჩამოვა და ადამიანებს დაერევა.

მასთან ერთად აჯანყდებიან თაბაშირის სხვა ძეგლებიც, საქმეში ერთვება ბრინჯაოს ნეპტუნიც, რომელიც ამავე დროს საქართველოში ახლად დარეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციის, “ნეპტუნიანელთა” მთავარ სალოცავს წარმოადგენს. ძეგლი ქიზიყელ ნეპტუნიანელთა ძალისხმევით ყოფილა აგებული და მას ქიზიყის წმინდა ნეპტუნი რქმევია. ჰოდა იწყებს ეს ქიზიყელი ნეპტუნი (რომელსაც იღლიებიდან “სილიოტკის” სუნი ამოსდის) უმოწყალო რბევას, ზედიზედ ამარცხებს “ვირგლა შუხურისტებს”, პოლიციელებსა და უბრალო დამსვენებლებს.

მალე აჯანყების ცეცხლი ქალაქსაც გადაედება, ქანდაკებები ქალაქშიაც ცოცხლდებიან, ცხენებზე ამხედრებული მეფეები, მხედართმთავრები, სახალხო გმირები, მწერლები, მხატვრები და საზოგადო მოღვაწეები ქუჩებში დაძრწიან და მოსახლეობას აწიოკებენ. პოეტები, კომპოზიტორები, მხატვრები და ქორეოგრაფები კი ქმნიან უკვდავ ნაწარმოებებს, სადაც ხოტბას ასხამენ მათთან მეომარ გმირებს.

ქალაქიდან ოცდაათიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარე ე.წ. “ლენინის ძეგლთა სასაფლაოც” გაცოცხლდება, რაც ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქალაქისთვის და ადამიანებისთვის. უკაცრიელ მინდორზე გადასახლებული მუშები, გლეხები, მარქსები, ენგელსები და “ლენინები, ლენინები, ლენინები” რევანშს აპირებენ და ქალაქის ასაღებად მოემართებიან:

“- ვლადიმირ ილიჩ - გაჰყვირის ერთ-ერთი პერსონაჟი ლენინის ძეგლს - მე თქვენს იდეებზე ვარ აღზრდილი, მაგრამ იძულებული გავხდები, ცეცხლი გაგიხსნათ!”

საქმე ისაა, რომ ძეგლები ადამიანებს მაინც ვერაფერს აკლებენ, მათი თავდასხმა უმსხვერპლოდ გრძელდება. ნეტა რატომ? და სწორედ ამ დროს გაისმის მოთხრობის ცენტრალური ტირადა. ესაა ყველაზე ძლიერი მონაკვეთი, სადაც ავტორის უტოპიური (თუ ანტიუტოპიური) გულისნადები ყველანაირ საზღვარს გადალახავს. იგი ღაღადებს: “ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი მოსახლეობა, თუ მთლიანად არა, ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი მაინც, უკვდავი იყო. უმეცრებითა და უტიფრობით აღსავსე ღალატიანი ჩვენი მაშინდელი ხალხი მართლაც უკვდავი იყო, რადგანაც ამ უხერხემლო, უცხვირპირო, უსულგულო არსებათა მოკვლა პრაქტიკულად შეუძლებელი გამხდარიყო. ისინი ყველა შემთხვევაში მხოლოდ სახეს იცვლიდნენ და ასე სახეცვლილნი განაგრძობდნენ თავიანთ არსებობას. თუ ვინმე მათ სამოსს შემოახევდა – იცვლიდნენ სამოსს. თუ ვინმე ტყავს გააძრობდა – იცვლიდნენ ტყავს, თუ ვინმე ხორცებს შემოაგლეჯდა – იცვლიდნენ ხორცებს; ანდა სულაც დადიოდნენ უსამოსოდ, უტყავოდ და უხორცოდ - უარაფროდ”.

აი, ასეთ უკუღმართ სიბრძნეში ვეშვებით ზურა ლეჟავას მკითხველები. თუკი ადრე ძეგლი კლავდა ადამიანს, ახლა ის ვეღარაფერს აკლებს მას, ადამიანები და ქანდაკებები საერთო ენასაც კი გამონახავენ, ხოლო ახლად დაქორწინებულ ქანდაკებებს ბორის წიფურიას შოუში, “ფორტუნაშიც” კი იწვევენ, სადაც წამყვანი მათ გრანიტის შიბაქებს ჩუქნის.

დაველოდოთ, იქნებ შალვა რამიშვილმაც მოიწვიოს რომელიმე ძეგლი თავის გადაცემაში “სიმართლის დრო” და დეტექტორზე მიაერთოს. აი, ეს იქნება ნაღდი სიმართლე, “აღშფოთებისგან გაცოცხლებული ძეგლის” სიმართლე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG