Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლაპარაკებების მერვე რაუნდი ჟენევაში


დღეს ჟენევაში კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების მერვე რაუნდი მიმდინარეობს. შეხვედრის შედეგები, დაახლოებით 2 საათში, ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეების პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი. დღის წესრიგის მთავარი საკითხი საერთაშორისო მედიატორების მიერ მომზადებული უსაფრთხოების დოკუმენტი იყო, თუმცა იგი, აქტუალობის თვალსაზრისით, ნაწილობრივ გორის რაიონის სოფელ ტირძნისიდან 4 ქართველი მოზარდის გატაცების ფაქტზე მსჯელობამ გადაფარა.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, შეძლებენ თუ არა მხარეები შეთანხმებას ისეთ საკითხებზე, როგორიც უსაფრთხოების ახალი მექანიზმების შექმნა და ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვრებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების აღკვეთის უზრუნველყოფაა - მათ შორის, ისეთ კონკრეტულ შემთხვევაზე, როგორიცაა ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლება. შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებდა, რომ დახურული თემები არ არსებობს და რუსეთის დელეგაცია ღიაა დისკუსიისათვის:

„ ჩვენ საუბრისთვის დახურული ზონები არა გვაქვს. ვიმსჯელებთ ყველა იმ საკითხზე, რომელსაც დააყენებენ. განვიხილავთ რეგიონში შექმნილ ვითარებას, ვისაუბრებთ იმაზეც, როგორ მუშაობს ჟენევის ფორმატით შექმნილი ინციდენტების პრევენციის ჯგუფი. განვიხილავთ ტალიავინის დასკვნის დეტალებსაც. გვერდს ვერ ავუვლით ვერც ძალის გამოუყენებლობის პრინციპებზე მსჯელობას“, - განუცხადა რუსეთის დელეგაციის მეთაურმა მედიას.

ჟენევის კონსულტაციების მერვე რაუნდის დაწყებას წინ უსწრებდა რუსულ გამოცემაში „იზვესტია“ გრიგოლი კარასინის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია

„იმიერკავკასია ჟენევის ფორმატში.“ სტატიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებს პერსპექტივა აქვს, თუმცა ამ პერსპექტივის განმსაზღვრელი ფაქტორია კომპრომისებისა და მხარეებისათვის, მათ შორის, პირველ რიგში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის მისაღები გადაწყვეტილებებისათვის მზაობა. რუსეთი ჟენევის პროცესში პრაქტიკული გადაწყვეტილებების მისაღებად მზადყოფნას ამჟღავნებს, - აღნიშნავს გრიგოლი კარასინი და აკონკრეტებს ამ გადაწყვეტილებების სფეროებსაც: ჰუმანიტარული საკითხები და რეგიონის უსაფრთხოება. რეგიონის უსაფრთხოების გარანტად რუსული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას მიიჩნევს - ხელშეკრულების, რომლის სუბიექტები იქნებიან, ერთი მხრივ, თბილისი და ცხინვალი, მეორე მხრივ კი - თბილისი და სოხუმი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სტატიაში გაწერილ თეზისებს - მათ შორის, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით - 11 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა:

„ საქართველოს მხარე მზადაა განიხილოს ამგვარი დოკუმენტის შემუშავების შესაძლებლობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მხარეებად გამოვლენ რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა, და საქართველო, როგორც ამ აგრესიის მსხვერპლი სახელმწიფო, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ამჟამად ოკუპირებულია. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ იმით, რომ რუსეთის მხარემ იკისროს ძალის გამოუყენებლობის იურიდიული ვალდებულება. თუმცა, როდესაც საუბარია რუსეთზე, რომელიც არად დაგიდევთ არც საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და არც საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, ძნელია რაიმე დადებითი შედეგის იმედი იქონიო“, - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ გამოხმაურებაში.

ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების პრინციპები ჟენევის მოლაპარაკების მეშვიდე რაუნდის დღის წესრიგშიც შედიოდა. ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს თანათავმჯდომარეები მერვე რაუნდზე დოკუმენტის პროექტით წარდგნენ: „ჩარჩო ხელშეკრულება ძალის გამოუყენებლობის ძირითად ელემენტებზე.“ ეს არის პროექტი, რომლის ძირითადი პუნქტების შესათანხმებლად ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს საგანგებო ელჩები პიერ მორელი, იოჰან ვერბეკე და ხალამპოს ხრისტოპულოსი ჟენევის მერვე რაუნდამდე საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებშიც იმყოფებოდნენ. უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის იმედი აქვს ქართულ მხარესაც.

„ არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანის უფლებები დაცული იქნეს როგორც ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით, ისე გარეთ“, - განაცხადა ჟენევის მოლაპარაკებების მერვე რაუნდის გახსნამდე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ. რაც შეეხება სეპარატისტთა მოთხოვნებს, ცხინვალის ხელისუფლება თბილისისგან დაკავებული ოსების გათავისუფლებასა და ჟენევის ფორმატში, არაეფექტურობის მოტივით, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის გაუქმებას ითხოვს. თავის მხრივ, ჯერჯერობით სწორედ ეს ფორმატი რჩება ერთადერთ მექანიზმად, რომლის ამოქმედებაც ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მოხერხდა.
XS
SM
MD
LG