Accessibility links

რატომ მიუსაჯეს პატიმრობა აზერბაიჯანელ ბლოგერებს?


ბაქო: სასამართლოსთან, რომელშიც პატიმრობა მიუსაჯეს ორ ბლოგერს

ბაქო: სასამართლოსთან, რომელშიც პატიმრობა მიუსაჯეს ორ ბლოგერს

სასამართლომ აზერბაიჯანში 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა ადნან ჰაჯიზადეს და 2,5 წლით პატიმრობა - ემინ მილის. ამ უკანასკნელის ადვოკატმა, ელტონ გულიევმა ჩვენი რადიოს აზერბაიჯანულ სამსახურთან საუბარში განაცხადა, რომ საქმე ეხება იუსტიციის შეცდომას და რომ განაჩენს გაასაჩივრებენ, თუ საჭირო იქნება, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

„რატომ დააპატიმრეს ისინი? რა არის მიზეზი, რომლის გამოც დაბეჯითებით მოითხოვეს მათი ციხეში გაშვება?“ ამ შეკითხვებს სვამს ემინ მილის ადვოკატი და თვითონვე იძლევა, მისი შეფასებით, ერთადერთ სწორ პასუხს: „ეს არ იყო ჩვეულებრივი სასამართლო საქმე. ეს იყო პოლიტიკური სასამართლო პროცესი. ამ მომენტიდან შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს ახალგაზრდები პოლიტიკური პატიმრები არიან, რადგან ისინი მხოლოდ პოლიტიკური მოტივების საფუძველზე დააპატიმრეს“.

ოფიციალური ინფორმაციით, 26 წლის ადნან ჰაჯიზადე და 30 წლის ემინ მილი ხულიგნობაში ბრალდების საფუძველზე გაასამართლეს, ჯერ კიდევ ივლისში ბაქოს ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის გამო. ამ დროს, ორივე ბლოგერი ირწმუნება, რომ რესტორანში მათ თავს დაესხნენ, რაც პოლიტიკურად მოტივირებული პროვოკაცია იყო მთავრობის მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო. რესტორნის ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, ორ ბლოგერს ინტერნეტში გამოქვეყნებული ჰქონდა ვიდეო-სატირა მთავრობაში კორუფციის შესახებ...

ადნან ჰაჯიზადეს მამა, ჰიკმეტი, რომელსაც ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტი ესაუბრა, მკაცრად აკრიტიკებს სასამართლოს გადაწყვეტილებას: „ეს საქმე შეურაცხმყოფელია აზერბაიჯანის იმიჯისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის. ვერ გამიგია, რის გამო და რა მიზნით მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება? ამ შეკითხვებზე პასუხი არა მაქვს. ამ საქმეს სააპელაციო სასამართლოს წარვუდგენთ. ჩვენ განვაგრძობთ მათს დაცვას. ადნანი და ემინი მაგარი ბიჭები არიან! სასამართლოსთვის პატიება არ უთხოვიათ“.

ანალიტიკოსების შეფასებით, რაც უფრო ახლოვდება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები, აზერბაიჯანის ავტორიტარულ მთავრობაში მით უფრო მატულობს შეშფოთება, გამოწვეული აზერბაიჯანელ ახალგაზრდებში ბლოგებისა და სოციალური საინტერნეტო ქსელების პოპულარობით. ბაქოელი პოლიტოლოგის, ილგარ მამადოვის შეფასებით, ხელისუფლება შიშობს, რომ ინტერნეტი, შესაძლოა მძლავრი ბერკეტი გახდეს ოპოზიციის ხელში.

მამადოვის აზრით, ადნან ჰაჯიზადესა და ემინ მილისთვის პატიმრობის მისჯა არის „გაფრთხილება ახალგაზრდა აქტივისტებისთვის და არა მარტო აქტივისტებისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც პოლიტიკაში ან სოციალურ ქსელებში აქტიურობაზე ფიქრობენ. მესიჯი სავსებით ნათელია: „ჩვენ ამის გამო დაგსჯით“.

ეს მესიჯი ყველას რომ ვერ აფრთხობს, განაჩენის გამოტანის შემდეგაც გამოჩნდა, სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქციით, ბლოგერების მიმართ მხარდაჭერის ნიშნად. „ილჰამ, ხელები შორს ახალგაზრდებისაგან“ - ეს შეძახილი და მსჯავრდებულების, ემინისა და ადნანის სახელები ისმოდა სასამართლოსთან გამართულ მცირერიცხოვან საპროტესტო აქციაზე.

სასამართლოს განაჩენს მედიაში მომხრეებიც ჰყავს, მათ შორის ოფიციალურ ყოველდღიურ გაზეთ „აზერბაიჯანის“ რედაქტორი ბეხტიარ სადიკოვი. „პროკურორმა სისხლის სამართლის საქმე წარუდგინა სასამართლოს, მოწმეებმა ჩვენება მისცეს და ახალგაზრდებს ჰყავდათ ადვოკატები მათს დასაცავად. ასეთ პირობებში ვერ ვიტყვი, რომ გადაწყვეტილება უსამართლო იყო“, ამბობს სადიკოვი, რომელსაც მეტიც - ეჭვი არ ეპარება, რომ გადაწყვეტილება სამართლიანია და იმედი აქვს, რომ გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლო იმავე გადაწყვეტილებას მიიღებს.

ალიევის ხელისუფლების მხარდამჭერი ამ ჟურნალისტისაგან განსხვავებით, მსჯავრდებულ ბლოგერებს, ბუნებრივია, სრულიად საწინაღამდეგო გადაწყვეტილების - სააპელაციო სასამართლოში მათი გამართლების იმედი აქვთ. როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ისინი აპირებენ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

ორი აზერბაიჯანელი ბლოგერისთვის პატიმრობის მისჯას მკაცრად აკრიტიკებენ უცხოეთშიც - დასავლეთის მთავრობები, ისევე როგორც ევროსაბჭო და ეუთო. ამასთან, დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის გამო უცხოეთიდან კრიტიკაში ახალი არაფერია აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის რეიტინგით, აზერბაიჯანი ლიდერობს ევროპასა და ევრაზიაში დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობით. 2007-2008 წლებში აზერბაიჯანში 10 ჟურნალისტი ჩასვეს ციხეში. ამ ჟურნალისტებიდან ერთ-ერთი ციხეშივე გარდაიცვალა, როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, საეჭვო ვითარებაში.
XS
SM
MD
LG