Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 11 ნოემბერი 2009

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი ქართული გაზეთები ყველაზე მეტს ეგრეთ წოდებული ”ღორის გრიპის” საშიშროებაზე წერენ. დავიწყოთ „ვერსიით“, რომელიც პირველ გვერდს მთლიანად ამ თემას უთმობს. ”საქართველო ღორის გრიპის ალყაში” - ასეთია მოწინავე სტატიის სათაური. ამ სტატიაში მიმოხილულია საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ამ დაავადების გავრცელების მდგომარეობა და გამოტანილია დასკვნა: ”პანიკის დათესვას ნამდვილად არ ვაპირებთ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით ავადდებიან ბავშვები. სხვადასხვა ტიპის ვირუსებმა შემოგვიტია და ამ დროს ჩნდება კითხვა: რატომ არიან ასე მშვიდად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები?”

”ახალი თაობა” წერს, „ღორის გრიპი“ საქართველოში უკრაინელმა ჩინოვნიკმაც შემოიტანაო. გაზეთი სააგენტო, ”პირველზე” დაყრდნობით, იუწყება, სუამის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში ვიზიტად მყოფი უკრაინის დელეგაციის წევრს ამ დაავადების სიმპტომები აღმოაჩნდაო.

თუმცა ”ახალ თაობაშივე” გამოქვეყნებულ ინტერვიუში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამბობს, პანიკის საფუძველი არ

არსებობს, მსოფლიოში პანდემიაა და საქართველოც მსოფლიოს ნაწილია, „ღორის გრიპის“ გავრცელება ჩვეულებრივი მოვლენააო. მისი თქმით, საქართველოში ამ დაავადების 48 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, აქედან 46 მსუბუქად მიმდინარეობდა, ორი შემთხვევა კი საშუალო სიმძიმის იყო. უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელებულიაო, - ამბობს პაატა იმნაძე, თუმცა იქვე დასძენს, შემთხვევათა რაოდენობა გაიზრდება, ამას ნოემბრის ბოლოს ველით, თუმცა ზუსტად როდის და როგორ მოხდება, ეს, ბუნებრივია, არა ვიცითო.

ახლა სხვა თემებზეც გადავიდეთ. ”რეზონანსში” ნახავთ სტატიას, სახელწოდებით ”4 ქართველი მოზარდის გატაცებას ცხინვალი 3 ოსის წამების შარშანდელ კადრებს უპირისპირებს”. გაზეთი წერს, ოსური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს არაპროფესიონალურად ჩაწერილ მოკლე ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ლანძღავენ, აგინებენ და სცემენ კადრსგარეთ მდგომი ქართველები 3 ოსს - ალან ხუგაევს, ალან ხაჩიროვს და სოლტან პლიევსო. ეს კადრები საქართველოში მანამდეც ჰქონდათ ნანახი. ყოფილმა ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა ”რეზონანსს” უთხრა, ამ ვიდეოდან ძნელია იმის გარკვევა, თუ ვინ არიან ის ქართველები, რადგან ისინი კადრში არ ჩანან. ჩემი ეჭვები მაქვს, მაგრამ ეჭვების საფუძველზე, ცხადია, დასკვნას ვერ გავაკეთებო. ექსპერტი, რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მაქვს ინფორმაცია, რომ დაკავებული ოსები მაროდიორები არიან, მაგრამ რადგან სამინისტრო ამას არ იძიებს, ამ ინფორმაციის სანდოობაშიც ეჭვი შემაქვსო. ”ეჭვი მაქვს, რომ ეს ადამიანები ცოცხლები არ არიან”, - უთხრა ”რეზონანსს” პაატა ზაქარეიშვილმა.

ბოლოს, ”24 საათი” ვნახოთ, სადაც წაიკითხავთ სტატიას, სახელწოდებით „70 წლის დრამა“. ის ბესიკ ხარანაულის შემოქმედებას ეხება. ”დღეს ბესიკ ხარანაული იუბილარია - 70 წელი შეუსრულდა. ვულოცავთ! ვიცით, რომ მალე გაგვახარებს წიგნით, რომელსაც ასე დაარქვა: ”60 ჯორზე ამხედრებული რაინდი, ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა” - ასე იწყება ”24 საათის” სტატია.
XS
SM
MD
LG