Accessibility links

logo-print

ერიკ ფრიდმანი - ამერიკელი მევიოლინე საბჭოთა ხაფანგში


ერიკ ფრიდმანი

ერიკ ფრიდმანი

ისტორია, რომელსაც დღეს გიამბობთ, ჩემთვის საყვარელ თემას, ხელოვნებისა და პოლიტიკის ურთიერთობას, შეეხება. თავის დროზე პრობლემა შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე: ”პოლიტიკური ხელოვნება და პოლიტიკა ხელოვნებაში.” ვშიშობ, რომ საკმაოდ პრეტენზიულად ჟღერს, მაგრამ რას ვიზამ... მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად საუბარი გასული საუკუნის სამოციან წლებში მომხდარ მოვლენებზე მექნება, თვით პრობლემა მარადიულია. იმ წლებში გამოჩენილი საბჭოთა მევიოლინე დავით ოისტრახი ძალიან ხშირად მართავდა კონცერტებს შეერთებულ შტატებში. ყოველი მისი გამოსვლა ამერიკაში, გადაჭარბების გარეშე, ტრიუმფით სრულდებოდა. უნდა ითქვას, რომ ოისტრახი საბჭოთა ხელოვანის ეტალონად ითვლებოდა - ის კომუნისტური პარტიის ერთგული წევრი და ბოლშევიკური იმპერიის თავდადებული პატრიოტი იყო. ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად ყველაფერი ასე გამოიყურებოდა. თუმცა, ჩემ მიერ წლების მანძილზე შეგროვებული ინფორმაციიდან გამომდინარე, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სინამდვილეში საქმე სხვაგვარად იყო. საიმედო ინფორმაციის მოპოვებაში ხელი შემიწყო იმ გარემოებამ, რომ მე ოისტრახის მუსიკალურ შვილიშვილად შეიძლება ჩავითვალო - ჩემი ვიოლინოს მასწავლებელი მისი ასპირანტი იყო. ჰოდა, საბჭოეთის ”პირველ მევიოლინეს”, უჭკვიანეს და უგანათლებულეს ადამიანს ყველაფერი კარგად ესმოდა. უბრალოდ, ის სპეცსამსახურების კლანჭებში იმყოფებოდა - როგორც იტყვიან, ძალა აღმართს ხნავს... ამერიკაში ჩასვლის დროს ოისტრახი ხშირად ხვდებოდა მეოცე საუკუნის უდიდეს მევიოლინეს იაშა ჰეიფეცს - წარმოშობით რუს ებრაელს, რომელიც თავის დროზე პეტერბურგის კონსერვატორიაში გამოჩენილ პედაგოგთან, პროფესორ აუერთან, სწავლობდა. ორ ცნობილ ხელოვანს შორის ნორმალური ურთიერთობა დამყარდა. სწორედ ჰეიფეცმა გააცნო ოისტრახს თავისი საყვარელი მოწაფე, უნიჭიერესი ახალგაზრდა მევიოლინე ერიკ ფრიდმანი. 1965 წლამდე ფრიდმანის პროფესიული კარიერა სტაბილური წარმატებით ვითარდებოდა. შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, დაიწყო გართულებები მუსიკოსის ურთიერთობაში მენეჯმენტთან - გამოჩენილ იმპრესარიო სოლ იუროკსა და ხმის ჩამწერ ფირმა ”კოლამბია არტისტთან”. სწორედ იმ პერიოდში შესთავაზა დავით ოისტრახმა ფრიდმანს მონაწილეობა მიეღო მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსში, სადაც მაესტრო მევიოლინეთა ჟიურის თავმჯდომარე იყო.

დღევანდელი გადასახედიდან, სოლ იუროკის იმდროინდელი უსაფუძვლო ”გაცივება” ფრიდმანის მიმართ საკმაოდ დიდ ეჭვებს ბადებს. საქმე ისაა, რომ გამოჩენილი იმპრესარიო (თვითონ იმიგრანტი რუსეთიდან, რომლის ნამდვილი სახელი და გვარო სოლომონ გურკოვია) იმხანად მთავარი ფიგურა იყო შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის არსებულ კულტურულ ურთიერთობებში. სწორედ იუროკმა მოაწყო ოისტრახის ყველა გასტროლი ამერიკაში. იყო თუ არა ამ უკანასკნელის მიერ პრესტიჟულ ჩაიკოვსკის კონკურსზე ფრიდმანის მიპატიჟება წინდაწინ დაგეგმილი პროვოკაცია, ამას ჩვენ ვეღარასოდეს გავიგებთ. ისე კი ნათელია, რომ საბჭოთა ხელისუფლებას, რომლისთვისაც კარგად იყო ცნობილი ფრიდმანის პედაგოგის, ”მსოფლიოს პირველი ვიოლინოს”, იაშა ჰეიფეცის უაღრესად ანტისაბჭოური განწყობა, სურდა, რომ მის საყვარელ მოწაფეს პრესტიჟულ კონკურსზე მარცხი განეცადა. ”ჰეიფეცმა მაშინ დამირეკა და მითხრა: ”ნახავ, რა მოხდება კონკურსზეო”, - იხსენებდა შემდგომში ფრიდმანი. მასწავლებლის გაფრთხილების მიუხედავად, ახალგაზრდა მუსიკოსი მოსკოვში გაემგზავრა. მას ვენ კლაიბერნის მაგალითი ამხნევებდა.

მოსკოვში ჩასვლის პირველივე დღიდან ფრიდმანმა იგრძნო, რომ მას გამუდმებით კა-გე-ბე უთვალთვალებდა, რომელმაც გარკვეული პროვოკაციებიც მოუწყო, თუმცა ყველაზე ცუდი რამ თვით კონკურსის მსვლელობის დროს მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენი გადაცემის მცირე ფორმატის გამო მოკლებული ვარ საშუალებას დაწვრილებით გიამბოთ შეჯიბრების ამაზრზენი პერიპეტიების შესახებ. შედეგი კი ასეთი იყო: უნიჭიერესმა ახალგაზრდა ამერიკელმა მევიოლინემ მხოლოდ მეექვსე პრემია აიღო. მოკლედ რომ ვთქვათ, დასავლელი ხელოვანი საბჭოთა ხაფანგში მოხვდა. მადლობა ღმერთს, კონკურსის შემდეგ ფრიდმანის საშემსრულებლო კარიერა 20 წლის მანძილზე ძალიან წარმატებული იყო: ის პრესტიჟულ დარბაზებში მართავდა სოლო კონცერტებს, უკრავდა გამოჩენილ დირიჟორებთან - კარაიანთან და სტეინბერგთან ერთად. სამწუხაროდ, ოთხმოციან წლებში, ავტოავარიის შედეგად, მუსიკოსს მარცხენა ხელი დაუზიანდა და სცენაზე გამოსვლას წერტილი დაესვა. სიცოცხლის ბოლომდე ერიკ ფრიდმანს იელის უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა ეკავა, ახალგაზრდა მევიოლინეებს ის თავისი საყვარელი საკრავის საიდუმლოებებს უზიარებდა.
XS
SM
MD
LG