Accessibility links

logo-print
11 ოქტომბერი, კვირა
გუშინ დაბადების დღე მქონდა. 41 წლის გავხდი. ბევრი მოლოცვა მივიღე. გამიკვირდა კიდეც: ამ ასაკისთვის საკმარისი კეთილისმსურველი შემომრჩენია. საჩუქრებით მაია მანებივრებს.
წელს პირველი დაბადების დღე მქონდა Facebook-ზე: აქ მხოლოდ ივლისში დავრეგისტრირდი. ვეცადე, მადლობის გარეშე არც ერთი ადრესი არ დამრჩენოდა, მაგრამ სიჩქარეში რატომღაც ირაკლი გეგეჭკორი გამომრჩა. ირაკლი დიდი ხნის მეგობარია. ვმეგობრობ ირასთან, მის მეუღლესთან. მე და ირაკლი მუდმივად ვკამათობთ ხოლმე, მაგრამ ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ იგი საქმეში არასდროს გიღალატებს და ყოველთვის ვენდობი მის უზადო გემოვნებას.
Facebook-ში გავერთე. თავდაპირველად იმის გარკვევა ვცადე, პირველად ვინ მომილოცა დაბადების დღე ამ სოციალურ ქსელში. ვნახე. ოლესია ვართანიანს მოუწერია. ოლესია ახალგაზრდა ჟურნალისტია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შემდეგ GIPA დაამთავრა, ახლა “ნიუ იორკ ტაიმსისთვის” მუშაობს და ხშირად აქვეყნებს სტატიებს ჟურნალ “ლიბერალში”. როდესაც ნინოწმინდის სათემო რადიოს ვეხმარებოდი, იგი ხშირად შემოივლიდა ხოლმე ტრენინგებზე და დამწყებ კოლეგებს ამხნევებდა. ოლესია ნინოწმინდელია და ორივე ვგულშემატკივრობთ სათემო რადიოს, რომელსაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობის ლიცენზიას არ აძლევს.
ოლესიას დღეს აუცილებლად ვნახავ. GIP-ის (გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში) ოფისში საკმაოდ საინტერესო სამუშაო შეხვედრა იმართება – “ტრავმა და ჟურნალიზმი”. შეხვედრის ორგანიზატორია DART-ცენტრი. საქართველოში ცენტრს ამჟამად ამერიკელი ჟურნალისტი არნოლდ აიზეკსი წარმოადგენს. ასე ჩვენში მას ნაკლებად იცნობენ. მას სკიპის ეძახიან. GIPA-ში წერას ასწავლის მომავალ ჟურნალისტებს.
სკიპის პარტნიორი ქართველი ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილია. ისინი ერთად გეგმავენ სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგს, მე მხოლოდ ორგანიზაციული საკითხების მოგვარებით ვეხმარები, თუმცა ორივენი ცდილობენ, რომ ბოლომდე ჩამითრიონ შეხვედრის წაყვანაში. ჯანასთან მუშაობა საკმაოდ კომფორტულია.
ბევრი ჟურნალისტი არ მოვიდა, მაგრამ ვინც მოვიდა, ყველა აქტიურად ჩაერთო სამუშაოში. ზოგადად, თბილისელ ჟურნალისტებს არ უყვართ ტრენინგები, სემინარები, სამუშაო შეხვედრები. მიზეზების ახსნას არც ახლა ვცდილობ. ვიცი, რომ მე დღემდე ყოველთვის სიამოვნებით მივდივარ ნებისმიერ ტრენინგზე, სულ ერთია, მსმენელად მიძახიან თუ ტრენერად.
სამუშაო შეხვედრა საჯარო ფსიქოთერაპიას დაემსგავსა. ნინო კვირიკაშვილს პირველი სიუჟეტი გაახსენდა, როდესაც მტკვრიდან ამოტანილი გვამის გვერდით “სტენდ-აპი” ჩაწერა; გიორგი ცხვიტავამ 10 წლის წინანდელი ისტორია მოყვა, როგორ აღმოჩნდა მძევლად აფხაზეთის დევნილ მთავრობასთან ერთად კოდორის ხეობაში; ლაშა კვესელაძემ ტრეფიკინგის მსხვერპლთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა.
პერიოდულად 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტს ვიხსენებთ. ჯანა დაფაზე წერს დილემას: უნდა იყო პატრიოტი თუ უნდა იყო ჟურნალისტი? ოლესია საუბრობს იმის შესახებ, თუ რა ნახა გორში და მერე ცხინვალში, სადაც მოახერხა შეღწევა. როდესაც ყველაფერი მოუთხრო მკითხველებს, ბევრი ადამიანი, მათ შორის, მეგობრებიც ამუნათებდნენ, რომ არაპატრიოტულად და არასახელმწიფოებრივად მოიქცა. ჯანას გადავულაპარაკე: “ერთადერთი, რაც დაეხმარა ოლესიას სტრესის დაძლევაში, სიმართლის აღწერა იყო”. ჯანა დამეთანხმა. მგონია: საზოგადოებასაც სტრესული ვითარების დაძლევაში ობიექტური და მიუკერძოებელი სინამდვილის დანახვა დაეხმარება.

12 ოქტომბერი, ორშაბათი
დილით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაქვს ლექცია. ჯგუფი შერეულია: მესამე- და მეოთხეკურსელები გაზეთის წარმოებას ისწავლიან. დღეს სტუდენტებს ტელევიზია უფრო იზიდავს. ცოტანი არიან, ვისაც ახალი მედია მოსწონს. გაზეთს სტუდენტთა უმრავლესობა ანაქრონიზმად მიიჩნევს და თითქმის არც კითხულობს. GIPA-ში, კავკასიის უნივერსიტეტსა და თსუ-ში სტუდენტებთან ურთიერთობა მაძლევს ამ დასკვნის განზოგადების საშუალებას. სემესტრის ბოლოს გაზეთი უნდა გამოვცეთ. სალომეს და გვანცას უფრო ჟურნალის გაკეთება სურთ. ნიმუშად „ნიუსუიკი“ მოჰყავთ. მე ვუსახელებ სხვა ჟურნალებს, მათ შორის „შპიგელსაც“. “არსად დაგეკარგოთ”, მეუბნება სალომე. იგი მეოთხეკურსელია. “რატომ?” – ვეკითხები. “მათ ხომ ჩვენზე ცუდი სტატიები დაწერეს”, – მყარი არგუმენტი აქვს. “წაგიკითხავს ეს სტატიები?” – არ ვეშვები. ჯგუფიც დაიძაბა. “არა, მაგრამ მათ რუსეთის მხარე დაიჭირეს, რუსეთი კი ჩვენი მტერია” – უფრო მკაცრი გახდა სალომეს ლოგიკა. უკვე პროვოკაციაზე წავედი: “და რატომ არის მტერი?” ვცდილობ, არგუმენტირებული პასუხი მივიღო. “რას ამბობთ, ბატონო ზვიად, რუსეთი აბა მოყვარეა?” განიარაღებული დამტოვა ამ პასუხმა. ძალიან საფრთხილო სეგმენტია სტუდენტები: სტერეოტიპებით მათი დამუხტვა ადვილია. რა ვქნა, მართლა ასე მგონია: ვერ იტანს ჟურნალისტიკა ასეთ დაყოფას – “ჩვენები” და “ისინი”. ეს ყველაზე სახიფათო სტერეოტიპია.
სკიპი, ჯანა, ცირა გვასალია და მე გორში მივდივართ. გუშინდელი ვორკშოპი გრძელდება. ამჯერად გორელ ჟურნალისტებთან. ქალაქში შესვლისას, უჩვეულო ფუსფუსი შევამჩნიე. მთავარ მოედანზე გავედით თუ არა, პატრულმა მარჯვნივ მოგვახვევინა. მოედანი გადაკეტილი იყო. სტალინის ძეგლთან რენი ჰარლინი ფილმს იღებს. ჰოლივუდის ინდუსტრიაში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტიც ჩაეწერა. ფილმი რეალურ სურათებთან მაქსიმალურად მიახლოებულია. გორელები ქალაქის დაბომბვის სცენის გადაღებას ელოდებიან. ამბობენ, რომ აფეთქების ხმაც კი რეალურის მსგავსი იქნება. ტრავმის ასეთი გამეორება, შესაძლოა, გამოუსწორებელიც აღმოჩნდეს.
შეხვედრა გორელ ჟურნალისტებთან ბევრად ემოციური და საინტერესო გამოდგა. განცდის ახალი პლასტები გამოჩნდა: როგორ იქცევი ჟურნალისტი, როდესაც შენს ქალაქში საომარი მოქმედებებია, შენ პროფესიულ მოვალეობას ასრულებ, შენს უკან კი შენი ოჯახია; დევნილების ისტორიებს აგროვებ და ამ დროს თავად ხდები დევნილი; იღებ საომარ კადრებს და ამ დროს ობიექტივს მიღმა შენი მეგობარი, თანაკლასელი ან მეზობელია.
რეზო ოქრუაშვილი “ხალხის გაზეთის” რედაქტორია. აუღელვებლად საუბრობს ომის ისტორიებზე, თუმცა დარბაზში ყველამ დანამდვილებით იცის, რომ რეზო ომის დროს ქალაქიდან ერთი წუთითაც არ გასულა. არინა თავაქარაშვილი ბევრად ემოციურია, ცრემლებიც აწვება. მას ომის შემდეგ რეზოს გაზეთში არაფერი დაუწერია. სახლში მაგიდაზე გაშლილი აქვს მოგროვილი მასალები, მაგრამ ვერ ეკარება. ეს სტრესია. გოგა აფციაურს რადიო “თავისუფლებამ” ომის დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის საგანგებო პრემიაც გადასცა. ისინი არაფერს იგონებენ და არ პოზიორობენ.
სკიპი ამბობს: “ომის საშინელება რომ იგრძნო, იქიდან დამარცხებული უნდა გამოხვიდეო”. მას განცდილი აქვს ვიეტნამის ომის საშინელებანი, მაგრამ ყველაზე მძიმე მაინც ის დღე იყო, როდესაც მისი სახელმწიფოს მთავრობამ დამარცხება აღიარა. ვეთანხმები სკიპის, მაგრამ ვამატებ: “დამარცხება დამარცხებად უნდა აღიარო, რომ დასკვნები ადეკვატური გააკეთო”. ახლა სკიპი მეთანხმება.
არინამ გამომშვიდობებისას 1886 წელს გადაღებული გორის ფოტო მაჩუქა: გორის ციხის შეფენებაზე ერთ-ერთი უბანი ჩანს. ერთ-ერთ სახლში დღეს თავად არინა ცხოვრობს. ამ სახლს დღესაც ისეთივე აივანი აქვს, როგორიც 123 წლის წინანდელ ფოტოზეა გამოსახული.
საღამოს გვიანობამდე ლექცია მქონდა მაგისტრებთან კავკასიის მედიასკოლაში. სახლში ძალიან დაღლილი დავბრუნდი.
დღეს ჩემი მორიგეობის ღამეა. თუ იჭირვეულებს ლუკა, მე უნდა ვატარო ხელით და მაწონიც მე უნდა მივცე. მაია საკმაოდ გადაიღალა. ლუკა ჩვენი მეოთხე შვილია, იგი მხოლოდ წლისა და ერთი თვისაა და ჩვენს ცხოვრებას ახალი და ძნელად ასახსნელი სტიმული მისცა.

13 ოქტომბერი, სამშაბათი
ლუკა დავტუქსე. ღამით ცუდად მოიქცა. ზედმეტად არ უჭირვეულია. გართობა და ხელით ტარება უნდოდა. გაკვირვებული მიყურებდა.
დილიდან ლექციები მქონდა: თავიდან კავკასიის მედიასკოლაში, შემდეგ - GIPA-ში. ცალკე რიტუალი მაქვს: ლექციის შემდეგ დავჯდები ხოლმე ქალბატონი გვანცას კაფეში – ეს GIPA-ს სასადილოა. თუ მშია, ხომ გემრიელი საჭმელები აქვს, თუ არადა, ავიღებ ნალექიან ყავას, ან „კოკა-კოლას“, გავშლი ლეპტოპს, ამოვალაგებ გაზეთებს (მჭირს ეს პროფესიული დაავადება – ყოველდღე ვყიდულობ გაზეთებს და ვაწყობ მის რიტუალურ კითხვას) და ვიწყებ მუშაობას.
გელა მთივლიშვილი მირეკავს გურჯაანიდან, გუშინდელი “მთელი კვირა” თუ წაიკითხეო. ნაყიდი მქონდა, მაგრამ, გუშინდელი დაძაბული დღის გამო, წაკითხვა ვერ მოვასწარი. გაღიზიანებას ვერ მალავდა. ავიღე გაზეთი. რომა ქევხიშვილი, რომელიც თელაველი ჟურნალისტია და ახლა GIPA-ში პირველ კურსზე სწავლობს, გვიყვება შალვა რამიშვილთან მისი ჯგუფის შეხვედრის დეტალებს. შალვა რამიშვილი პირველკურსელ მაგისტრებს უხსნის, რომ “მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არ არსებობს”, “ჟურნალისტმა რომ ფაქტების სიზუსტე გადმოსცეს, სისულელეა”, “რეიტინგი ჩვენი ღმერთია” და ასე შემდეგ.
უცებ ამდენი თეორიული განსჯის შემდეგ შალვა რამიშვილი მე გადმომწვდა: “თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ მე ერთი ადგილი მივეცი, მუშაობა რომ დამეწყო... გგონიათ, გამაჩუმებენ? უბრალოდ, მომწყინდა თავისუფალი სიტყვის დამცველის მანტიაში გახვეული გმირის თამაში! თქვენ ზვიად ქორიძე ჩემზე პატიოსანი გგონიათ? როგორ ფიქრობთ, ჯერ არ უმუშავია მთავრობის მიერ დაფინანსებულ გაზეთებში, ჩემი დედა ვატირე?” მერე გადაწვდა ია ანთაძეს, ელისო ჩაფიძეს... ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. მახსოვდა, რომ შალვა რამიშვილი ეჯიბრებოდა ორ მედიამფლობელს საქართველოში: ვერ იტანდა ბადრი პატარკაციშვილს და უნდოდა ყოფილიყო ეროსი კიწმარიშვილივით წარმატებული – ეშოვა ბევრი ფული და ეგროვებინა ვალები.
არასდროს მიმტკიცებია, რომ ვინმეზე პატიოსანი ვარ. და არც მიმაჩნია პატიოსნება ფარდობით კატეგორიად. ან ხარ, ან არ ხარ პატიოსანი. მით უმეტეს, ამ თემაზე დისკუსია სასაცილოა. უბრალოდ, ქართულ მედიაში, განსაკუთრებით, ტელემედიაში საათი გაჩერებულია: “სიმართლის დრო” შალვა რამიშვილს მიჰყავს. 2005 წლის შემოდგომაზე ერთ საგაზეთო ინტერვიუში შალვა რამიშვილი ამბობდა: “ერთხელ სააკაშვილმა მითხრა: გენიოსები ვართ, მე – პოლიტიკაში, შენ ხელოვნებაშიო.” ისინი ისევ ერთად არიან. ფერი ფერს და მადლი ღმერთს.
სახლში მოსულს ყველაფერი დამავიწყდა. ლუკა ჩამეხუტა და ხელი გადამხვია. შემირიგდა.

14 ოქტომბერი, ოთხშაბათი
ნინო გელაშვილმა რადიო “თავისუფლების” დისკუსიაში მონაწილეობა მთხოვა. ჩემთან ერთად ნინია კაკაბაძე იქნებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პრაქტიკაზე უნდა გვეკამათა. საბჭოს შემადგენლობა 15 კაცამდე უნდა გაიზარდოს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დადიან ოპოზიციურ პარტიებთან და თხოვენ, მხარი დაუჭირონ საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაციას და მათთვის განკუთვნილი კვოტები დათმონ. ჯერჯერობით მოლაპარაკებები დიდი შედეგიანობით არ გამოირჩევა. ნინიას და მე არ გვიკამათია, თითქმის მსგავსი პოზიციები გვქონდა.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკვე მერამდენედ დაიწყო ვნებათაღელვა საზოგადოებრივ მაუწყებელში სხვადასხვა არჩევითობის გამო. ხან სამეურვეო საბჭოს ირჩევენ, ხან – გენერალურ დირექტორს. ვიღაცას მოსწონს არჩეული კანდიდატები, ვიღაცას – არა, თუმცა დღემდე არავინ საუბრობს იმაზე, თუ რატომ სჭირდება საზოგადოებას თავისი მაუწყებელი და როგორი უნდა იყოს იგი.

15 ოქტომბერი, ხუთშაბათი
ჩვეულებისამებრ, ლექციები დილიდანვე დაიწყო.
ჩავინიშნე, რომ მაიას ახალი სამსახური შესთავაზეს. მართალია, სულ ხუთი თვით, მაგრამ საინტერესო წინადადებაა. ორ-ორი დღით მოუწევს ბათუმში წასვლა. უკვე ვფიქრობ, ამ დროს მომიწევს, მამაც ვიყო და დედაც. თან მეცინება. გოგოების იმედი მაქვს. ლიზი ყველაზე უკეთ უვლის ლუკას და ლუკასაც განსაკუთრებით უყვარს ლიზი. ანამარია ახლა სიღნაღში ექსკურსიისთვის ემზადება. წუხელ სახლში დაბრუნებულს ვახშამი გამიშალა და გემრიელად მეჭორავა. ორივენი კარგად სწავლობენ და ბალეტზეც წარმატებებით გამოირჩევიან.
ელენე მეცხრე კლასში სწავლობს და ბოლო დღეებია, მაკვირვებს თავისი მუყაითობით, თან კარგ ნიშნებსაც იღებს. დღეს ახალი მოთხრობა წამაკითხა - “კვირა დღის ამბავი”:
“სამზარეულოში ორი ფანჯარაა, ორივედან თითო-თითო მზე შემოდის და გაზის ქურაზე ცეცხლთან ერთად ცეკვავენ... რომელიღაც სოროში შემძვრალი თაგვები ცდილობენ გამოპარვას და ყველის მოპარვას. გამოვიდოდნენ კიდეც, სამზარეულოში დედა რომ არ ფუსფუსებდეს. წითელზოლებიანი ხალათი აცვია, ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, ყავას სვამს, პირიდან ნელი მოძრაობით სიგარეტის კვამლს უშვებს და ბავშვების გაღვიძებას ელოდება, რომ ერთად წავიდნენ მამის საჩუქრის საყიდლად. მამას არაფერი ანაღვლებს, ძინავს, ძინავს და ძინავს... მგონი, ისიც დაავიწყდა, ერთი საათის წინ ლექცია რომ ჰქონდა და რომ არ წავიდა... ტელეფონი რეკავს. ტელეფონი შორსაა და სანამ დედა ყურმილის ასაღებად მივა, მანამ ბავშვსაც გაეღვიძება ალბათ და ამის ჭუჭყუნის თავი ახლა ‘ვისააქვსო’ და ტელეფონს საერთოდ გამორთავს. თავისთვის იტყვის ჩუმად: ‘ახლა რამდენიც უნდა, იმდენი რეკოს, ვინც იყოო.’ პატარამ მაინც დაიწყო ჭყავილი. დედა სანამ ხელში აიყვანდა და ჩააძინებდა, გამოფხიზლდა და პირდაპირ მამას დაჭყივლა... მამამაც გაბრაზებულმა გაიღვიძა და პატარას ისე ეჩხუბებოდა, გეგონებოდა, რამე ესმოდა.
დედამ უცებ ხელებში შეაჩეჩა მამას საჩუქარი და ისე გაუხარდა, ვიღაცას მაინც ვახსოვარო, წყენამ გადაუარა...
მერე ჩვენც გაგვეღვიძა და ყველა იმ ოთახში შევედით, სადაც მამა იყო. მამამ ბოლოს იკითხა, ჩემთან არავის დაურეკავსო? დღეს რთველზე წასვლას ვგეგმავდიო და დედამაც დაბნეულად უპასუხა, არავისო.
- არა უშავს, მაინც მეზარებოდაო. – და ერთმანეთს აკოცეს. თბილ სამზარეულოში ვისხედით და ყველანი დედის გაკეთებულ გემრიელ საუზმეს მივირთმევდით...”
დავიჯერო, ეს არის ოჯახური პორტრეტი ინტერიერში? ელენეს დაეჯერება.

16 ოქტომბერი, პარასკევი
ისევ ლექცია. საღამოს ბათუმში მივდივარ. ლუკას ნათლიას მამა გარდაეცვალა და აუცილებლად უნდა ჩავიდე. ალეკო ელისაშვილმა თავისი “ჰამქრის” წლიურ შეკრებაზე დამპატიჟა შაბათს. ძალიან დამწყდა გული, რომ თბილისში არ ვიქნები. ალეკო ქალაქისთვის და მისი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.
“მაესტროში” გავედი. საღამოს 9 საათზე. თეა სიჭინავა მესაუბრებოდა მედიის თავისუფლების პრობლემაზე. ბევრს ვარკვევდით იმ 27 კერძო და დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სახელებს, რომლითაც CNN-ის ეთერში დაიტრაბახა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ჩვენი ვარაუდით, ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად უნდა იყოს ტელეკომპანია “25-ე არხი”, რომლის ქონებასაც ყადაღა დაადო ბათუმის საქალაქო სასამართლომ და აუქციონზე გაყიდვა ემუქრება.

17 ოქტომბერი, შაბათი
ბათუმში ვნახე მერაბ მერკვილაძე და მალხაზ ვერძაძე, “25-ე არხის” მფლობელები. არხი უნდა გადავარჩინოთ. ეს არის გამოწვევა მთელი ქართული საზოგადოებისთვის, რადგან მას უსაფუძვლოდ დარიცხული გადასახადების გადაუხდელობის გამო ყიდიან. სამოქალაქო სექტორმა უფრო მეტად უნდა დახარჯოს ენერგია; ახალმა ომბუდსმენმა უნდა აზიდოს ეს საჯილდაო ქვა; პარლამენტის თავმჯდომარე დროულად უნდა გაერკვეს საქმის პოლიტიკურ ვითარებაში; იუსტიციის საბჭომ დროულად უნდა გაარკვიოს, რატომ არ შესრულდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გასულ წელს და როგორ მიიღო მისი გამომრიცხავი განჩინება ბათუმის საქალაქო სასამართლომ. ბევრი გამოწვევაა. ყველამ უნდა მივიღოთ ჩვენ-ჩვენი წილი გამოწვევა.
ისე როგორ იქნებოდა, ბათუმში “ბათუმელები” არ მენახა: ნესტანი დაგს მასპინძლობს და ინტერნეტ-გამოცემის კონცეფციაზე მსჯელობენ; მზია მათთან ერთად არის ჩართული; ეთერი ახალ ნომერს ამზადებს; თედო საგამოძიებო ჯგუფის ამოქმედებაზე მუშაობს. ყველანი საბრძოლო განწყობაზე არიან. ეს ყოველთვის სტიმულია ჩემთვის.
და ისიც არ იქნებოდა, “პრივეტში” ყავა არ დამელია...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG