Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოზარდების გათავისუფლებას თანატოლები ითხოვენ


მოსწავლეების საპროტესტო აქცია გორში
მოსწავლეების საპროტესტო აქცია გორში
9 დღის წინ რუსი სამხედროებისა და ოსური მილიციის მიერ დაკავებული 4 ტირძნისელი მოზარდის გათავისუფლებას მათი თანატოლებიც მოითხოვენ. გორის მე-6 სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია ჯერ სკოლასთან, შემდეგ კი გორში გაეროს სასურსათო პროგრამის ოფისთან მოაწყვეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მათი თანატოლების გათავისუფლების საქმეში დახმარებისკენ მოუწოდეს.

გორის მე-6 სკოლის მოსწავლეები
ცხინვალში დაკავებული მოზარდების ოჯახის წევრები გუშინ გვიანობამდე ელოდნენ ჟენევის დისკუსიის მერვე რაუნდის დასრულებას და ბავშვების გათავისუფლების გადაწყვეტილებას. ჟენევაში შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და ტირძნისის სკოლის მოსწავლეების მშობლები და ახლობლები დახმარებას ისევ საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვენ.

ცხინვალში დაკავებული მოზარდების ოჯახები ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან იღებენ. წითელი ჯვარი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც მოზარდების მდგომარეობის შესახებ ცნობებს ცხინვალიდან იღებს. საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის წარმომადგენლებმა ცხინვალის იზოლატორში მყოფი არასრულწლოვანები უკვე მოინახულეს და მათ მშობლების მიერ გაგზავნილი წერილები გადასცეს. როგორც რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი რომელაშვილის დედამ ლელა მდინარიძემ უთხრა, შვილს მოკითხვის წერილი გაუგზავნა და ახლა იქიდან ელოდება პასუხს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები ოჯახებიდან ბავშვებისთვის გაგზავნილ ტანსაცმელს და პროდუქტებს უახლოეს მომავალში ცხინვალელ კოლეგებს ჩაუტანენ, მათგან კი არასრულწლოვანების მიერ დაწერილ საპასუხო წერილებს წამოიღებენ. როგორც წითელი ჯვრის კომიტეტის წარმომადგენელმა არიან ტომბემ რადიო თავისუფლებას უთხრა, მისთვის ბავშვების გათავისუფლების თარიღი უცნობია. ორგანიზაციის წევრებს კი დაკავებულ მოზარდებთან რეგულარული ვიზიტები ექნებათ.

ცხინვალში დაკავებული ქართველი მოზარდების სასამართლოს გამართვის დრო და საქმის სხვა დეტალები კვლავ დაუდგენელია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსს” ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტიდან აცნობეს და აღნიშნეს, რომ მათთვის უცნობია, ჰყავთ თუ არა დაკავებულებს ადვოკატი ან მიეცემათ თუ არა ოჯახებთან დაკავშირების საშუალება.
ცხინვალში დაკავებული მოზარდები

სოფელ ტირძნისის მკვიდრი 4 მოზარდი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი რუსმა მესაზღვრეებმა და ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში სდებს ბრალს.

საქართველოს ხელისუფლება მათი გათავისუფლების საქმეში დახმარებას საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს. თუმცა, ამ საკითხზე მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მერვე რაუნდზე.
XS
SM
MD
LG