Accessibility links

logo-print
”რვასაათიანი ”წყლის ნაყვა” ჟენევაში” - ასეთი სათაურით ეხმაურება ”რეზონანსი” ჟენევის კონსულტაციების მორიგ რაუნდს: ”ჟენევაში კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონსულტაციების მერვე რაუნდიც უნაყოფო გამოდგა. მოლაპარაკებები რვა საათს გაგრძელდა და მხარეებმა ვერც ერთ საკითხზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას”, - წერს ”რეზონანსი”. გაზეთში წაიკითხავთ ინტერვიუს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელთან. მას ჟურნალისტი ტირძნისელი ბავშვების მდგომარეობაზე ეკითხება, თუმცა რესპონდენტი, თავისი ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დეტალებს არ ახმაურებს. ”ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ მათი კავშირი ოჯახთან”, - ამბობს წითელი ჯვრის წარმომადგენელი.

”რეზონანსიდანვე” შეიტყობთ, რომ ”ვარდების რევოლუციის” მე-6 წლისთავზე, 23 ნოემბრისთვის, შესაძლოა, პატიმართა შეწყალება არ მოხდეს. ”რეზონანსში” რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: ”ალბათ, უფრო გადაიდება დეკემბრისთვის, საახალწლოდ. თუ 23-ში გვინდა შეწყალების განხორციელება, კვირის ბოლომდე უნდა მივიღოთ პასუხი პრეზიდენტისგან, ჩატარდება თუ არა შეწყალების კომისიის სხდომა, იმიტომ რომ მერე დრო არ რჩება მუშაობისთვის. ამ კვირაში შეწყალების კომისიის სხდომა თუ არ ჩატარდა, მაშინ 23 ნოემბერს შეწყალება არ იქნება”, - ამბობს ელენე თევდორაძე.

”ხელისუფლების საიდუმო თათბირი” - ასეა დასათაურებული ინტერვიუ ”საქართველოს გზის” ლიდერ სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც ”ყველა სიახლეში” ქვეყნდება. ზურაბიშვილი ამბობს: ”ხელისუფლების შიგნით ახალი სტრატეგია დაგეგმეს, რომელიც რუსეთთან დაპირისპირებას უფრო გაამწვავებს და ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარებას არევს. ამაზე ჩაატარეს არაერთი შიდა - ვითომ დახურული - თათბირი. თუმცა ამ დახურული თათბირების არაფერი მწამს, რადგან, საბოლოოდ, ყველასთვის ყველაფერი ცნობილია. ამ სტრატეგიის ნაწილია კავკასიური ტელევიზიის შექმნა და გაუთავებელი ლაპარაკი პანკისზე... რაც ბოლო ხანს კონფლიქტურ რეგიონებში ხდება, რუსეთის პასუხია ამ ყველაფერზე”, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

”ახალ თაობას” რაჭაში მიწისძვრით დაზარალებულთა მდგომარეობაზე ესაუბრება ”ახალი მემარჯვენეებისა” და ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე: ”700 სახლი უნდა დაინგრეს. ეს ნიშნავს, რომ 700 ოჯახი უნდა აიყაროს და წამოვიდეს ან სახლები უნდა აშენდეს. სოფელ ჯინჭვისში, რომელიც ძალიან დაზარალებულია, მივედით და ვნახეთ, რომ ხიდზე სამუშაოები დაუწყიათ. ხიდზე იყო ამწე, იქვე იყო გამგებელიც. ფეხით გადავედით და მოვიარეთ ის სახლები, რომლებიც დაზიანებულია. ჩვენი ჩასვლისას გარკვეული შრომის იმიტაცია შეიქმნა, მაგრამ როდესაც წამოვედით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზაში გაგვასწრო”, - ამბობს მამუკა კაციტაძე.

”24 საათის” პირველ გვერდზე ფრანგული რადიოს მიხედვით მომზადებული ინფორმაცია და ცნობილ ფრანგ ფილოსოფოს ანდრე გლუკსმანთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: ”საშინელება ის არის, რომ რუსეთს არანაირად არ ”ამუხრუჭებს” თუნდაც საერთაშორისო საზოგადოების აზრი. მე არ ვარ საომარი მოქმედებების მომხრე, მაგრამ როდესაც ქვეყნის შიგნით არანაირი შემაკავებელი ბერკეტი არ არსებობს, აუცილებელია ასეთი ზეგავლენა გარედან მოხდეს... და მე ვფიქრობ, რომ დასავლეთის სისუსტე სწორედ ეს არის: ის ვერ აცნობიერებს იმ საფრთხეს, რასაც შეიძლება წარმოადგენდეს არა იმდენად ესა თუ ის ლიდერი, რამდენადაც მთლიანად თვითმპყრობელობა (ზესახელმწიფო), რომელიც დემოკრატიული კონტროლის ფარგლებიდან გამოდის”, - ამბობს ანდრე გლუკსმანი, რომლის ინტერვიუც, საფრანგეთის რადიოზე დაყრდნობით, ”24 საათმა” დაბეჭდა.

”ალია” პირველ გვერდზე, წარწერით ”სენსაცია!”, მკითხველს აწვდის საგულისხმო ინფორმაციას:”ქართველმა აკადემიკოსმა ”ღორის გრიპის” საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნა!”. ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ჰომეოპათიური პრეპარატის ავტორი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი კახა საბახტარიშვილი აცხადებს: ”ყველა ის, ვინც დროულად მიიღებს ჩემ მიერ შემუშავებულ გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატს - მას არანაირი გრიპი არ ემუქრება. და თუ დაემართება, გადააქვს ძალზე მსუბუქად.” - ჰომეოპათის თანახმად, პრეპარატის საიდუმლო ძველ ქართულ მედიცინაშია.
XS
SM
MD
LG