Accessibility links

logo-print

რაულ ხაჯიმბა: ”უახლოეს მომავალში კონფლიქტის შესაძლებლობას არავინ ხედავს”


სერგეი ბაღაფში (მარცხნივ) და რაულ ხაჯიმბა

სერგეი ბაღაფში (მარცხნივ) და რაულ ხაჯიმბა

თვითაღიარებულ აფხაზეთში 12 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. საპრეზიდენტო ბრძოლაში 5 კანდიდატი მონაწილეობს. მოქმედი პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის ერთ-ერთ ძირითად კონკურენტად ამჯერადაც რაულ ხაჯიმბა სახელდება, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და სახალხო ერთობის ფორუმის ლიდერი. წინა - 2005 წლის - არჩევნებში, როგორც ამბობენ, სერგეი ბაღაფშმა, დიდწილად, გალის რაიონის მოსახლეობის ხარჯზე გაიმარჯვა. მაგრამ როგორ მიიღებს გალის მოსახლეობა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას? რამდენად ერევა რუსეთი თვითგამოცხადებული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში და როგორ ესახება საქართველოსთან ურთიერთობა თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ერთ-ერთ ფავორიტ კანდიდატს, რაულ ხაჯიმბას? ამ და სხვა საკითხებზე რაულ ხაჯიმბამ ინტერვიუ მისცა რადიო “ეხო კავკაზას” კორეპონდენტს დემის პოლანდოვს.

„ეხო კავკაზა“: აფხაზეთში ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა დაარღვია ტრადიცია და ოპოზიციას შეხვდა. როგორ შეაფასეთ ეს ნაბიჯი და როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა რუსეთისაგან ჩარევა ან რაიმე სახის მხარდაჭერის გამოვლენა ამ არჩევნებში?

ხაჯიმბა: გულახდილად გითხრათ, მე ახლა არ შემიძლია განვსაზღვრო ის მიზანი და ამოცანა, თუ რატომ მიიღო რუსეთის პრემიერმა გადაწყვეტილება და რატომ მოიქცა იგი ასე. მაგრამ ვფიქრობ, ეს ნორმალური პროცესია. ბევრი სახელმწიფოს ხელმძღვანელები სხვადასხვა ქვეყნებში ხვდებიან არა მხოლოდ მოქმედ ხელისუფლებას, არამედ ასევე წამყვანი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც. ვფიქრობ, რუსეთში აცნობიერებენ, რომ აფხაზეთი ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია და რომ ყველა იმ მხარესთან საუბარია საჭირო, რომლებმაც უნდა შექმნან ამ სახელმწიფოს შენარჩუნების პირობები. ვფიქრობ, ეს ნორმალური პროცესია.

“ეხო კავკაზა”: არჩევნების ერთ-ერთ მწავე საკითხად იქცა გალის რაიონის მოსახლეობის პასპორტიზაცია და ე.წ ფორმა 9-ით ხმის მიცემა. ეს რაუნდი, როგორც ჩანს, თქვენ მოიგეთ: ხმის მიცემა მხოლოდ აფხაზური პასპორტებით მოხდება, რადგან, რამდენადაც ვიცი, მასშტაბური პასპორტიზაცია გალის რაიონში არ მომხდარა. ფიქრობთ, რომ ეს თქვენ დაგეხმარებათ საპრეზიდენტო ბრძოლაში? რამდენად გამჭვირვალე იქნება ეს არჩევნები?

ხაჯიმბა: აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ ვიღაცამ ზეწოლა მოახდინოს, ვთქვათ, რომელიღაც ნაციონალურ ფენაზე, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობს. პრობლემა აქ სწორედ ისაა, რომ პასპორტების მიღება საკუთარი ნებით ხდებოდეს. მაგრამ როგორც კი საარჩევნო კამპანიის საკითხი დადგა, აქტიურად დაიწყო პასპორტიზაცია გალის რაიონის მოსახლეობისა, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეები არიან. არც საქართველოს რესპუბლიკას და არც ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობაში ორმაგი მოქალაქეობის პრინციპი არ გვაქვს გათვალისწინებული. რაც შეეხება არჩევნების გამჭვირვალობას, ვფიქრობ, სწორედაც რომ არსებობს რეალური სიტუაცია, რომელიც, ერთიანი დოკუმენტისა და პასპორტში შესაბამისი შტამპის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლობას მოგვცემს, არჩევნები ყოველგვარი ვნებათაღელვის გარეშე ჩავატაროთ.

“ეხო კავკაზა”: მიუხედავად იმისა, რომ ომის განახლება მოცემულ მომენტში ნაკლებად სავარაუდოა, საქართველოსთან ურთიერთობის საკითხი არ კარგავს აქტუალობას. არ ვიცი, შესაძლოა, თქვენ სხვაგვარად ფიქრობდეთ. საქართველოსთან პრობლემების მოწესრიგების რომელ რეალურ ვარიანტს ხედავთ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში?

ხაჯიმბა: ვფიქრობ, დღეს, ყოველ შემთხვევაში, სიტუაცია საკმაოდ გასაგებია და ეს თქვენც აღნიშნეთ - უახლოეს მომავალში რაიმე სახის კონფლიქტის შესაძლებლობას არავინ ხედავს. რაც შეეხება საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობას, რეალურად ორივე მხარეს უნდა სურდეს ძალის გამოყენების დაუშვებლობისა და ნორმალური ურთიერთობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. მაგრამ მე ვფიქრობ, დღეს სწორედაც რომ საქართველომ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოიხსნას. ჩვენი მხრიდან, ჩვენ მზად ვართ ვილაპარაკოთ ყველასთან, ვისაც ჩვენთან ლაპარაკი სურს, მაგრამ იმის გაცნობიერების ფარგლებში, რომ არსებობს სახელმწიფო და სახელმწიფოსთან ურთიერთობა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად უნდა აიგოს.

„ეხო კავკაზა“: არსებობს ასეთი დიდი უფლებადაცვითი პრობლემა – ესაა აფხაზეთში მცხოვრები ქართველი ლტოლვილები. ეკისრება თუ არა, თქვენი აზრით, აფხაზეთს რაიმენაირი პასუხისმგებლობა - თუნდაც პასუხისმგებლობის ნაწილი - მათ ბედზე?

ხაჯიმბა: თქვენ როგორ ფიქრობთ, საქართველოს ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა იმისათვის, რაც 1992-93 წლების ომის დროს მოხდა? აღიარა მან პასუხისმგებლობა მიყენებული მორალური და ფიზიკური ზარალის გამო? ადამიანები დაიღუპნენ – 5-6 ათასი ადამიანი როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს მხრიდან, საქართველოს მხრიდან კიდევ უფრო მეტი. ვის უნდა დაეკისროს, პირველ რიგში, რაიმე პასუხისმგებლობა? რაც შეეხება იმ პასუხისმგებლობას, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, ვფიქრობ, მას ადგილი ექნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე მხარე შეიგნებს, რომ რეალურად უნდა მივუდგეთ ყველა ამ საკითხის გადაჭრას და არა რაღაც ბრალდებები წავუყენოთ ერთმანეთს.
XS
SM
MD
LG