Accessibility links

logo-print
ჟენევის მოლაპარაკებათა მე-8 რაუნდის ფარგლებში მიღწეული ერთადერთი კონკრეტული შეთანხმებაა ის, რომ მომდევნო რაუნდი 28 იანვარს გაიმართება, - ასეთია სამწუხარო რეალობა. პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულებული მწვავე მოლაპარაკებების ფონზე, როცა რუსი მესაზღვრეებისა და სეპარატისტების მიერ ტყვედ აყვანილი ტირძნისელი მოსწავლეების გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტაც კი ვერ მოხერხდა, დაიბადა შეკითხვა: რამდენად პერსპექტიულია, ზოგადად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, როცა რუსეთი პრაქტიკულად ყველა პროგრესული გეგმის დაბლოკვას ახერხებს?

ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ჟენევაში საგანგებო განცხადება გაავრცელეს. მასში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე წყვეტს მონაწილეობას ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში მანამდე, ვიდრე საქართველოს მხარე მას არ მიაწვდის ზუსტ ინფორმაციას აგვისტოს ომის დროს თუ ომის შემდეგ გატაცებული ოსი მოქალაქეების ადგილსამყოფლის შესახებ. კოკოითის რეჟიმის საგანგებო წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი 12 ნოემბერს კმაყოფილებით უცხადებს საინფორმაციო სააგენტო ”რეს”, რომ მათი წარმომადგენლები დროულად და ფაქტებით დაუპირისპირდნენ ქართველებისა და ამერიკელების მცდელობას, ჟენევის მოლაპარაკებების მე-8 რაუნდზე მხოლოდ დაკავებული ქართველების საკითხი განხილულიყო. როგორც ჩოჩიევის განცხადება გვამცნობს, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი დაინტერესებულია გასული წლის 9 ოქტომბერს თითქოსდა საქართველოს სპეცსამსახურების მიერ გატაცებული იმ 3 პირის ადგილსამყოფლით, რომელთაგან ერთი - ვინმე ხუგაევი - არასრულწლოვანია. საქართველოს მხარე ადამიანების და, მათ შორის, ოსი ეროვნების პირთა გატაცების ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს.

კოკოითის რეჟიმის ულტიმატუმის მიუხედავად, ტირძნისელი მოზარდების დაკავების საკითხი 11 ნოემბერს გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა - ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის საგანგებო ელჩებმა - შეშფოთება გამოხატეს მოზარდების ბედთან დაკავშირებით, თუმცა მათი გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტას მაინც ვერ მიაღწიეს.

სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი დარწმუნებულია, რომ ტირძნისელი მოზარდების თემას რუსეთი სამომავლო შესაძლო პროვოკაციებთან კონტექსტში განიხილავს, თუნდაც იმისთვის, რომ, თუკი დასჭირდება, თქვას, ”ქართველებმა ძალის გამოყენება ბავშვების გასათავისუფლებლად დაიწყესო.” მე-8 უშედეგო რაუნდმა პოლიტოლოგს უჩვენა, რომ კრემლი ვაჭრობას აქტიურად განაგრძობს:

”ეს არის აბსოლუტურად ბანდიტური მიდგომა მთლიანად ამ პროცესის მიმართ. გამოდის, რომ რუსეთს ურჩევნია იყოს წესების გარეშე მოთამაშის როლში. სწორედ ამ ტიპის ქცევით ქმნის მუქარას და იმ ბერკეტებს, რომლებიც აიძულებს სხვებს, რომ რაღაც-რაღაც დათმობებზე წავიდნენ”, - ამბობს ანდრო ბარნოვი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

რუსეთი ვაჭრობს კონფლიქტურ ზონებში უსაფრთხოების ახალი ბერკეტების ამოქმედების საკითხითაც, რომელიც ადამიანების გატაცების ფაქტების აღმოფხვრასაც გულისხმობს. კრემლმა ჟენევაში ამ ეტაპზე პრაქტიკულად ჩააგდო პროცესის თანათავმჯდომარეების მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც რეგიონში ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დანერგვას ითვალისწინებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 11 ნოემბერს მოლაპარაკებათა დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისევ ძველი მოთხოვნა წამოაყენა და აღნიშნა, რომ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება უნდა გაფორმდეს უშუალოდ საქართველოსა და მის სეპარატისტულ რეგიონებს შორის, რომლებსაც კრემლი დამოუკიდებელ ქვეყნებად განიხილავს. კარასინი ამბობს, რომ კრემლი ამ საკითხის გატანას კვლავაც გულმოდგინედ შეეცდება.

მოსკოვი უგულებელყოფს თბილისისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონდომებას, რომ რეგიონში სრულიად ახლებური და საიმედო უსაფრთხოების მექანიზმი ამოქმედდეს, - აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე.

”ერთი მხრივ, არ უნდათ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ სამონიტორინგო, საპოლიციო თუ სხვა ფუნქციები ჰქონდეთ და, მეორე მხრივ, არ უნდათ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა იყოს ამ განახლებული ვალდებულების - ძალის გამოუყენებლობის - გარანტად”, - აღნიშნავს სერგი კაპანაძე.

ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეებმა 11 ნოემბერს გამართულ დისკუსიას ამ საკითხზე, უშედეგოდ დასრულების მიუხედავად, მაინც ”პრაგმატული” უწოდეს და გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ უსაფრთხოების ახალი მექანიზმების დახვეწა ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს პროექტში.

სოსო ცინცაძისთვის ნათელია, რომ ამ ეტაპზე რუსეთი პოზიციებს არ დათმობს. ჟენევის პროცესს პოლიტოლოგი ”თავიდანვე მკვდრადშობილ ბავშვს” უწოდებს, თუმცა მოლაპარაკებათა გაგრძელების აუცილებლობას მაინც ხედავს, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ პროცესის ჩაშლა საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს არ დააბრალოს. ”...რომ ყველა მკვდარი კატა საქართველოს არ ჩამოკიდოს კისერზე; რომ არ თქვან - აი, საქართველოს არ ეყო ნერვები... საქართველო დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, არ არის ისეთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ყველა მოვლენას თავისი სახელი უწოდოს ღიად. ამიტომ იძულებული ვართ, გავაგრძელოთ ეს აბსოლუტურად უპერსპექტივო თამაში”, - ასეთია სოსო ცინცაძის მოსაზრება.

ჟენევის მოლაპარაკებები, პოლიტოლოგების აზრით, უპერსპექტივოდ გაგრძელდება მანამ, ვიდრე საერთაშორისო სარბიელზე ახალი რეალობა იჩენს თავს, ძალები სხვანაირად გადანაწილდება და რუსეთს საერთაშორისო ნორმების შესრულება, უბრალოდ, მოუწევს.
XS
SM
MD
LG