Accessibility links

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის შენობაში მიმდინარე საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა ცალკეულ საკითხებზე შეთანხმებით დასრულდა. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისა და თბილისის მერის არჩევის წესი, საარჩევნო სიები და საარჩევნო ბარიერი იყო.

საარჩევნო კოდექსის პროექტი წლის ბოლომდე უნდა შემუშავდეს და აისახოს კანონმდებლობაში. რამდენად მოხერხდება ამ განზრახვის სისრულეში მოყვანა, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შიგნით არსებული პოზიციების დაახლოებაზეა დამოკიდებული.

მამუკა კაციტაძე
„ჩვენი ამოსავალი წერტილი არის სწორედ ის, რომ საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური განწყობების ასახვა მოხდეს კონკრეტულ არჩევით ორგანოში, რათა 30 პროცენტის მატარებელი რეიტინგის პარტია უცებ კონკრეტულ არჩევით ორგანოში ადგილების 75 პროცენტის მფლობელად არ მოგვევლინოს. შემდეგ ამას არ მოჰყვეს მღელვარება და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების დარბაზიდან ქუჩაში გამოსვლა. თუ ვინმეს უნდა ამის დასტაბილურება, მაშინ მიხედოს მაღალი ნდობის კონკრეტული პირების არჩევას. ეს არის ეგრეთ წოდებული წითელი ხაზი“,-
ამბობს მემარჯვენე მამუკა კაციტაძე.

ეგრეთ წოდებული წითელი ხაზების განსხვავებული ხედვის პირობებში, ხელისუფლებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე მომუშავე ჯგუფის სხვა პოლიტიკური სუბიექტების დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ საგანს ამ ეტაპზე თბილისის მერის არჩევნებში საარჩევნო ბარიერის საკითხი წარმოადგენდა. ოპოზიციური პარტიები 50 პროცენტიანი ბარიერის დაწესებას ემხრობოდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ ხელისუფლება ნულოვან ბარიერს უჭერს მხარს, შეხვედრაზე გაისმა ეგრეთ წოდებული კომპრომისული შეთავაზებაც. შეთავაზება ქრისტიან-დემოკრატებს ეკუთვნით და იგი 33 პროცენტიანი ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს.

ქრისტიან-დემოკრატთა კიდევ ერთი ინიციატივა საკრებულოს წევრების არჩევის წესს ეხება. ქრისტიან-დემოკრატთა წინადადება მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების დაბალანსებას გულისხმობს, ანუ დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში წევრების ნახევარი მაჟორიტარი უნდა იყოს, ნახევარი კი პარტიული სიით წარდგენილი. ხელისუფლების ინიციატივა აქაც განსხვავებულია: 15 - პროპორციული, 30 - მაჟორიტარი დეპუტატი. კომპრომისი საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ფარგლებში, უმთავრესად, ამ ინიციატივების ირგვლივ შედგა. ლევან ვეფხვაძე განმარტავს:

ლევან ვეფხვაძე
“ჩვენ შეთავაზებულ 33 პროცენტზე გვიპასუხეს 30 პროცენტით. ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატები, ვთანხმდებით 30 პროცენტზე იმ პირობით, რომ ხელისუფლება დათანხმდა 25-25-ზე. ეს იყო კომპრომისი ჩვენს შორის.“

შეთავაზება კი, რომელიც 12 ნოემბერს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის დაწყებამდე ხელისუფლების სახელით გაჟღერდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესს შეეხება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი ამბობს:

„შეთავაზება არის ასეთი, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატურიდან ოპოზიციურმა პარტიებმა აირჩიონ ერთი. “

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესის გარდა, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის მსჯელობის საგანი იყო ასევე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი - კერძოდ, კომისიების მდივნის პარტიული კუთვნილების საკითხი.

ბაჩუკი ქარდავა
„ყველა საარჩევნო კომისიაში - უბნებზეა საუბარი - კომისიის მეორე პირი, კომისიის მდივანი, იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი“, - განაცხადა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი კი დასძენს, რომ შეთანხმების მიღწევა განსხვავებული ხედვისა და მოსაზრებების პირობებშიც შესაძლებელია, რაც 12 ნოემბრის შეხვედრამაც დაადასტურა:

პავლე კუბლაშვილი
„ალიანსის“ პოზიცია ბარიერთან დაკავშირებით ცოტა უფრო მკვეთრი და კატეგორიული არის, რაც, შესაძლოა, მათი კანდიდატის პირად პოზიციებთან იყოს დაკავშირებული. მე ვფიქრობ, რომ დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით მაჟორიტარული და პროპორციული მანდატების განაწილების წესთან დაკავშირებით და ადმინისტრაციასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ეს ყველაფერი, ალბათ, შემდეგ შეხვედრაზე გაფორმდება. ასევე ვფიქრობ, რომ, გარდა „ალიანსისა“, ყველა სხვა პარტიის მიერ დაფიქსირდა პოზიცია, რომ ბარიერი 30 პროცენტი მათთვის არის მისაღები. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში, ალბათ, ეს ჯგუფი შეთანხმებამდე მივა.“
XS
SM
MD
LG