Accessibility links

logo-print
კრემლში ასობით კანონმდებლის და ოფიციალური პირის წინაშე გამოვიდა დღეს რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი. ეს ერისადმი მისი მეორე მიმართვა იყო პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.

კრემლის დიდ დარბაზში გამოსვლისას დმიტრი მედვედევმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ძველი მოწოდება -მოდერნიზების საბჭოთა სტილის პროგრამით, ქვეყნის ძლევამოსილ სახელმწიფოდ გადაქცევისკენ:

„სამშობლოს პრესტიჟი და ეროვნული კეთილდღეობა არ შეიძლება უსასრულოდ წარსულის მიღწევებით განისაზღვროს. ნავთობისა და გაზის მოპოვების სამრეწველო კომპლექსები უზრუნველყოფენ საბიუჯეტო შემოსავლების „ლომის წილს“, ბირთვული იარაღი გვაძლევს უსაფრთხოების გარანტიას, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურა - ეს ყველაფერი, ძირითადად, ჯერ კიდევ საბჭოთა სპეციალისტების მიერ არის შექმნილი.“

მედვედევმა შეაქო საბჭოთა პროგრამა, რომელმაც აგრარული საბჭოეთი სამრეწველო ქვეყნად გადააქცია, მაგრამ იქვე თქვა, განახლების ახალი პროგრამა „დემოკრატიულ ფასეულობებს“ უნდა დაეფუძნოსო:

„არქაული საზოგადოებიდან, რომელშიც ბელადები აზროვნებენ და იღებენ გადაწყვეტილებებს ყველას ნაცვლად, გადავიქცეთ ჭკვიან, თავისუფალ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანთა საზოგადოებად.“

მედვედევის ეს გამოსვლა იყო ერთ-ერთი ბოლო ნიშანი იმისა, რომ მოსკოვს სურს დაიბრუნოს ზესახელმწიფოს სტატუსი. რუსეთის პრეზიდენტმა თავის ამ საათ-ნახევარზე ხანგრძლივ სიტყვაში დაასახელა არაერთი სფერო, სადაც რეფორმირებაა საჭირო. ის გამოდის მოწოდებით, შეიცვალოს სამედიცინო, ენერგეტიკული, კოსმოსის ათვისების, საინფორმაციო-ტექნოლოგიური სფეროები. მისი აზრით, ამ ცვლილებებზეა ქვეყნის გადარჩენა დამოკიდებული.

მედვედევს სურს რუსეთის დროის 11 სარტყლის შემცირება, ასევე ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შემცირება ან დახურვით, ან რეფორმირებით იმ უზარმაზარი სახლმწიფო კომპანიებისა, რომლებიც მისი წინამორბედის, ვლადიმირ პუტინის დროს შეიქმნა. რუსეთის პრეზიდენტმა თავის ხალხს საბჭოთა ყაიდაზე მიმართა: უკეთესები გახდით, იმუშავეთ ბეჯითად, დაძლიეთ კორუფცია, რომელიც განვითარების ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელიაო.

მედვედევი თვლის, რომ ცვლილებები სჭირდება საარჩევნო სისტემას, ასევე სამხედრო სფეროს, რომელიც, მისი თქმით, უნდა გაფართოვდეს ბალისტიკური რაკეტების რიცხვის გაზრდით. რუსეთის პრეზიდენტი მეტის ინვესტირებას აპირებს ტერორიზმთან ბრძოლაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხალხმა უკეთესად იცხოვროს ჩრდილოეთ კავკასიაშიო, თქვა მან. კრემლის მმართველმა ახსენა საქართველოც, საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში:

„ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცებისთვის აუცილებელი სერიოზული გადაწყვეტილებები უკვე ახლა უნდა მივიღოთ. ამისთვის გვჭირდება ახალი, ეფექტიანი საშუალება. რომ გვქონოდა ისეთი ეფექტიანი ინსტიტუტი, რომელიც შეძლებდა აგრესორის შეჩერებას, მაშინ საქართველოს არ ეყოფოდა თავხედობა სამხრეთ ოსეთთან ომი დაეწყო.“

მედვედევმა თქვა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა პრაგმატული უნდა იყოს. გამოსვლის დასასრულს კი შენიშნა, აუცილებელია ევროპის უსაფრთხოების ახალი პაქტი შეიქმნასო.

რუსეთის პრეზიდენტი პრეზიდენტად არჩევის დღიდან პრემიერის, ვლადიმირ პუტინის, ჩრდილქვეშაა. ხუთშაბათს ჟურნალმა „ფორბისმა“ გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია. „ფორბისის“ თანახმად, რუსეთის პრემიერი ვლადიმირ პუტინი მსოფლიოში მესამე ყველაზე გავლენიანი პირია. დედამიწის ყველაზე გავლენიანი 67 პირის სიას სათავეში უდგას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მას მოსდევს ჰუ ძინ ტაო, ჩინეთის ლიდერი. ირანის რელიგიური ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი სიაში მეორმოცეა და წინ უსწრებს რუსეთის პრეზიდეტს მედვედევს, რომელიც 43-ე ადგილზეა.
XS
SM
MD
LG