Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველი გატაცებული ბავშვების მშობლებს შეხვდა


სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ხვდება ტირძნისელი მოზარდების მშობლებს

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ხვდება ტირძნისელი მოზარდების მშობლებს

12 ნოემბერს საღამოს სოფელ ტირძნისში საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ჩავიდა და ცხინვალში დაკავებული მოზარდების მშობლებს და ოჯახის წევრებს შეხვდა. სახალხო დამცველმა მათ მიაწოდა ინფორმაცია ჟენევაში გამართული დისკუსიის დროს ოსური დელეგაციისა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის შეხვედრის შესახებ. როგორც გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, მას ჰამარბერგთან ყოველდღიური კონტაქტი აქვს, რომელიც თავის მხრივ ბავშვების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებას ოსურ მხარესთან აწარმოებს.

დაკავებულების მშობლებმა სახალხო დამცველს ბავშვებისთვის მედიკამენტების შეგზავნა სთხოვეს. როგორც ცნობილია, ვიქტორ ბუჩუკურს და ალეკო ცაბაძეს დაკავებამდეც ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემა. ვიქტორ ბუჩუკურის ბებიამ, ნელი ბუჩუკურმა თქვა, რომ მის შვილიშვილს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

სახალხო დამცველმა ტირძნისელი მოსწავლეების მშობლებს პირობა მისცა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ბავშვების ჯანმრთელობით დაინტერესდება და მათ საჭირო მედიკამენტებსაც შეუგზავნის.

ცხინვალში დაკავებული ბავშვების ოჯახები ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან იღებენ. წითელი ჯვარი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც მოზარდების მდგომარეობის შესახებ ცნობებს ცხინვალიდან იღებს. საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის წარმომადგენლებმა ცხინვალის იზოლატორში მყოფი არასრულწლოვანები უკვე მოინახულეს და მათ მშობლების მიერ გაგზავნილი წერილები გადასცეს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები ოჯახებიდან ბავშვებისთვის გაგზავნილ ტანსაცმელს და პროდუქტებს ცხინვალელ კოლეგებს ჩაუტანენ, მათგან კი არასრულწლოვანების მიერ დაწერილ საპასუხო წერილებს წამოიღებენ. როგორც წითელი ჯვრის კომიტეტის წარმომადგენელმა არიან ტომბემ რადიო თავისუფლებას უთხრა, ბავშვების გათავისუფლების თარიღი მისთვის უცნობია. ორგანიზაციის წევრებს კი დაკავებულ მოზარდებთან რეგულარული ვიზიტები ექნებათ.

დაკავებული მოზარდების გათავისუფლებას მათი თანატოლებიც მოითხოვენ. გორის მე-6 სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია ჯერ სკოლასთან, შემდეგ კი გორში გაეროს სასურსათო პროგრამის ოფისთან მოაწყვეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მათი თანატოლების გათავისუფლების საქმეში დახმარებისკენ მოუწოდეს.

ცხინვალში დაკავებული ქართველი მოზარდების სასამართლოს გამართვის დრო არ კონკრეტდება. ისიც უცნობია, ჰყავთ თუ არა დაკავებულებს ადვოკატი ან მიეცემათ თუ არა ოჯახებთან დაკავშირების საშუალება.

სოფელ ტირძნისის მცხოვრები ოთხი მოზარდი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი რუსმა მესაზღვრეებმა და ოსმა მილიციელებმა 9 დღის წინ დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში სდებს ბრალს.

საქართველოს ხელისუფლება მათი გათავისუფლების საქმეში დახმარებას საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს. თუმცა, ამ საკითხზე მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მერვე რაუნდზე.
XS
SM
MD
LG