Accessibility links

logo-print

ევროკავშირი საქართველოს რუსეთზე ზემოქმედებას ჰპირდება


ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპის კავშირი რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებს, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა კონფლიქტურ ზონებში შეაღწიონ. იაკობაშვილის შეფასებით, ეს ადამიანთა გატაცების აღსაკვეთად ყველაზე ეფექტური საშუალება იქნება. კონფლიქტურ რეგიონებთან მოქალაქეთა დაკავებების გახშირების გამო, შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პეტერ სემნებიმ. მისი განცხადებით, აუცილებელია, რომ ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიამ მონიტორინგი უშუალოდ კონფლიქტის ზონებში განახორციელოს. ცხინვალის რეგიონთან საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის არასრულწლოვნების დაკავების გამო, ხუთშაბათს საღამოს ევროპის კავშირმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა. ბრიუსელში გავრცელებული განცხადება დაკავებულთა დაუყოვნებლივი გათავისუფლებისა და მსგავსი ინციდენტების აღკვეთის მოწოდებებს შეიცავს. ამავე განცხადებაში ევროპის კავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.
XS
SM
MD
LG