Accessibility links

ბარაკ ობამამ აზიაში ცხრადღიანი ტურნე დაიწყო


აშშ-ის პრეზიდენტისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტოკიოში

აშშ-ის პრეზიდენტისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტოკიოში

აშშ-ის პრეზიდენტმა ტოკიოში ვიზიტით დაიწყო 9-დღიანი ტურნე აზიაში. ის, იაპონიის გარდა, ეწვევა ჩინეთს, სინგაპურსა და სამხრეთ კორეას იმ პერიოდში, როცა აშშ-ის ეკონომიკა მძიმე რეცესიისთვის თავის დაღწევას ცდილობს. ობამას ტურნეს დღის წესრიგის მთავარ თემად სავაჭრო ურთიერთობები სახელდება.

შეერთებული შტატებისა და იაპონიის ურთიერთობა, წინა წლებთან შედარებით, გაუარესებულად არის მიჩნეული. მიზეზია, ნაწილეობრივ მაინც, იაპონიის ახალი მთავრობა, რომელსაც, ნახევარი საუკუნის მანძილზე პირველად, მემარცხენე-ლიბერალური დემოკრატიული პარტია მართავს. პრემიერ-მინისტრ იუკიო ჰატოიამას კაბინეტს გამოთქმული აქვს სურვილი, შემცირდეს იაპონიის ტერიტორიაზე შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტი. ეს, უწინარეს ყოვლისა, კუნძულ ოკინავას ეხება.

თუ იაპონიის ახალმა მთავრობამ ჩანაფიქრის განხორციელება გადაწყვიტა, საჭირო იქნება შეერთებულ შტატებთან 1960 წელს სამხედრო სფეროში გაფორმებული დოკუმენტის შეცვლა. ამჟამად იაპონიის ტერიტორიაზე 33 000-მდე ამერიკელი ჯარსიკაცია განთავსებული.

10 ნოემბერს ობამამ იაპონიის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის გადასინჯოს 1960 წელს გაფორმებული სამხედრო შეთანხმება, თუმცა მოელის, რომ აქამედ საქმე არ მივა, რადგან იაპონია ბოლოს მაინც სტატუს კვოს შენარჩუნებას ამჯობინებს...

პოლიტოლოგების ნაწილმა ეს განცხადება გააკრიტიკა - ობამას დიპლომატიურ შეცდომად ჩაუთვალა. თუმცა, ვაშინგტონში მოღვაწე ანალიტიკოსი, ამერიკა-აზიის ურთიერთობის ექსპერტი კლოდ ბარფილდი განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, ახალ მთავრობებს შორის მკვახე განცხადებებში უჩვეულო არაფერია.

ბარფილდი ფიქრობს, რომ იაპონია შეშფოთებულია, ტოკიოს შეფასებით, შეერთებულ შტატებზე გარკვეული გავლენის დაკარგვით მას შემდეგ, რაც ვაშინგტონისთვის მეტად დიდი მნიშვნელობა შეიძინა ჩინეთთან ვაჭრობამ.

„პრეზიდენტი ითვლება ადამიანად, რომელმაც ყურის დაგდება იცის და იმედი მაქვს, რომ ის ყურს დაუგდებს ჩვენი მოკავშირეების სულ უფრო ხმამაღალ მოთხოვნას იმ რეგიონში - არამარტო იაპონიას, არამედ სინგაპურს, ინდონეზიასა და სამხრეთ კორეას, რომლებიც ვაჭრობის სფერში შეერთებული შტატების გააქტიურებას ითხოვენ“, ამბობს ბარფილდი. ის აღნიშნავს, რომ აზია, „არა მარტო ეკონომიკის გამო, უბრალოდ სტრატეგიულად მეტისმეტად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის“ საიმისოდ, რომ საკმარისი ყურადღება არ მიექცეს, რასაც შეერთებული შტატები, ბარფილდის აზრით, აკეთებდა ვაჭრობის საკითხებში - ობამას მმართველობის პირველი 9 თვის მანძილზე.

ამერიკელი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ობამა ტოკიოში ვიზიტისას შეეცდება, დაარწმუნოს იაპონელი პარტნიორები, რომ, დიპლომატიურ სარბიელზე, ვაშინგტონი კვლავაც იაპონიას მიიჩნევს მთავარ მოკავშირედ აზიაში.

ობამას ტურნეს დღის წესრიგის კიდევ ერთ მთავარი თემაა - უსაფრთხოება.

ჩინეთს კომუნისტური რეჟიმი მართავს, მაგრამ ის ძლიერი კაპიტალისტური სახელმწიფოც არის. აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ბარაკ ობამას წინამორბედს, ჯორჯ ბუშს აქვს ნათქვამი: ჩინეთი შეერთებული შტატების „სტრატეგიული კონკურენტი“ არისო. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: ჩინეთი სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერდა და რეგიონში პოლიტიკურად დომინანტურ სახელმწიფოდ აღზევდა. პოლიტოლოგ კლოდ ბარფილდის აზრით, ობამას ვიზიტს უნდა ახლდეს მესიჯი: პეკინი, მისი ანგარიშგასაწევი ძალის მიუხედავად, რეგიონში, რაც მოესურვება, ყველაფერს ვერ გააკეთებს...

„ჩინეთი ნამდვილად არ არის მტერი. ის არის სახელმწიფო, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო მეტად იყენებს ჩინეთი თავის ძალას, გასაგებია, რომ მით უფრო მეტ დაძაბულობას იწვევს ჩვენს მოკავშირეებში - დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებში“, ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში კლოდ ბარფილდი.

შაბათს ობამა იაპონიიდან სინგაპურში მიემგზავრება რეგიონის ლიდერების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ამის შემდეგ კი აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთსა და სამხრეთ კორეას ეწვევა. საქმე ეხება პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირველ ტურნეს აზიაში.
XS
SM
MD
LG