Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმა საქართველოდან ევროკავშირს


ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებსა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა
ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებსა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, აღნიშნულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტები, პერმანენტული მოლაპარაკებები რუსეთთან სადამკვირვებლო მისიის სრულყოფილად მუშაობის შესაძლებლობის შესახებ და შეთანხმება გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე - აი, ეს ძირითადი საკითხები გამოიკვეთა ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებისა და საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრების შედეგად. შეხვედრები დღეს დილიდან სასტუმრო „რედისონში“ იმართებოდა.

ოფიციალური შეხვედრები ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის 13 ნოემბერს დაიწყო, დილიდან, სასტუმრო ”რედისონში”. უკვე დღის ბოლოს კი ევროკავშირის ელჩები საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დატვირთული დღის ბოლოს, შეხვედრების შედეგად, რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა: ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, აღნიშნულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტები, პერმანენტული მოლაპარაკებები რუსეთთან სადამკვირვებლო მისიის სრულყოფილად მუშაობის შესაძლებლობის შესახებ და შეთანხმება გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე.

პირველი შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემები იყო: ოკუპირებული ტერიტორიები, დეოკუპაციის პოლიტიკა და ის სტრატეგია, რომელსაც მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ამუშავებს. „ჩვენ პირობა მივიღეთ დელეგაციისაგან, - განაცხადა იაკობაშვილმა, - რომ ზეწოლა რუსეთზე გაგრძელდება, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სადამკვირვებლო მისიას შესვლის საშუალება მიეცეს, რაც ხელს შეუშლის ამ ტერიტორიაზე ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებს.“

ის ფაქტი, რომ ევროკავშირი რუსეთთან პერმანენტულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის შესვლასთან დაკავშირებით, ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენელმა, შვედეთის ელჩმა ოლოფ სკუგმაც დაადასტურა:

”მისია სრულყოფილად ვერ შეასრულებს თავის სამუშაოს, სანამ მას არ ექნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რუსეთთან და მუშაობა ამ მიმართულებით კვლავაც გაგრძელდება. მისიის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისიამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეძლოს დაკისრებული მოვალეობის შესრულება.”

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი რადიო თავისუფლებასთან კონფლიქტური ზონების შესახებ სატელიტიდან მიღებულ ფოტოებზე საუბრობს, საიდანაც შესაძლებელი ხდება შედარებით მეტი ინფორმაციის მოპოვება კონფლიქტურ რეგიონებში არსებული სიტუაციის შესახებ, თუმცა ის აქვე აცხადებს, რომ ასეთი ფოტოები სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სრულყოფილ ინფორმაციას ვერ მიაწვდის:

”ჩვენ უკვე გვაქვს სატელიტიდან გადაღებული ფოტოები. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ფოტოები ყველაფერს ვერ გეტყვიან იქ არსებული სიტუაციის შესახებ. მაგალითად, ამ ფოტოების საშუალებით ჩვენ ვერ ვიტყვით, თუ რა რაოდენობის შეიარაღებული ძალა იმყოფება კონფლიქტურ ტერიტორიებზე.”

ეს შეხვედრა, გარკვეულწილად, საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები არც ერთ მხარეს არ მიუღია, განაცხადა სასტუმრო „რედისონში“ ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ელჩებს გააცნო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური განვითარების საკითხები. საუბარი შეეხო მომავალი წლის გეგმებს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის მხრიდან.

ევროკავშირის ელჩები პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციაში შეხვდნენ. შეხვედრა დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა. საქმიან ვახშამზე საუბრის ძირითადი თემა ქვეყანაში არსებული ოკუპირებული ტერიტორიები და ევროკავშირისა და საქართველოს შემდგომი ურთიერთობები იყო.

დღესვე გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს. გრიგოლ ვაშაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში საკმაოდ წარმატებულია. ვაშაძის განცხადებით, უკვე მიღწეულია შეთანხმება სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით.

დღის ბოლოს ევროკავშირის ელჩები არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ოპოზიციის ლიდერებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ, ქვეყანაში დაგროვილი პრობლემების ფონზე, ელჩებთან შესახვედრად მათთვის მხოლოდ 45 წუთი გამოიყო. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ევროკავშირის ელჩებს საქართველოში ე.წ. პოლიტპატიმრებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე თავდასხმების შესახებ მომზადებული პაკეტი გადასცა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის შემდეგ, ევროკავშირის ელჩები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების საკითხი იყო. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე იმედს გამოთქვამს, რომ ევროპელი ელჩების საშუალებით ისინი ხმას მიაწვდენენ ევროკავშირს და აუწყებენ, რომ საქართველო მშვიდობიანი ცხორვრებისაკენ ისწრაფის:

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის 27 ელჩი საქართველოს ხვალ დატოვებს.
XS
SM
MD
LG