Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი სინგაპურში ვიზიტით აგრძელებს აზიის ტურნეს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სინგაპურში ვიზიტით აგრძელებს აზიის ტურნეს, რომელიც იაპონიაში დაიწყო. ტოკიოში ორდღიანი ვიზიტის დროს, ობამამ პირობა დადო, რომ აზიაში შეერთებული შტატების პოლიტიკა გააქტიურდება. მისივე თქმით, რეგიონში სტაბილურობისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა ურყევია. ჩინეთთან დაკავშირებით ობამამ განაცხადა, რომ მისი გაძლიერება, შესაძლოა გამოდგეს წყაროდ ხალხთა თანამეგობრობის გასაძლიერებლად. ბარაკ ობამას განცხადებით, „შეერთებული შტატები არ მიისწრაფვის ჩინეთის შეკავებისაკენ და, მეორე მხრივ, ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობის გაღრმავება არ ნიშნავს სხვა ორმხრივი ურთიერთობების შესუსტებას. პირიქით - ძლიერი და კეთილდღეობით გამორჩეული ჩინეთის არსებობა შესაძლოა, გამოდგეს წყაროდ ხალხთა თანამეგობრობის სიძლიერისთვის. და ამიტომ პეკინშიც და მის მიღმაც ვიმუშავებთ ჩვენი სტრატეგიული და ეკონომიკური დიალოგის გასაშლელად და ჩვენს სამხედრო ძალებს შორის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად“. ჩრდილეოთ კორეასთან დაკავშირებით კი ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ ,შეუშინდება, ფხენიანის მუქარას. მან ფხენიანს მოუწოდა, დაუბრუნდეს ექვსმხრივ მოლაპარაკებას მის ბირთვულ პროგრამაზე. ობამას ტურნე აზიაში 9 დღე გრძელდება, იაპონიის და სინგაპურის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი სამხრეთ კორეას და ჩინეთს ეწვევა.
XS
SM
MD
LG