Accessibility links

logo-print

რატომ მოკლეს გამსახურდიას მთავრობის უშიშროების მინისტრი?


13 ნოემბრის საღამოს, ცნობილი გახდა, რომ თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, მოკლული იპოვეს ზვიად გამსახურდიას მთავრობის უშიშროების სამინისტროს უკანასკნელი ხელმძღვანელი, თამაზ ნინუა, და მისი მეუღლე, ეთერ ნინუა. მკვლელობა, სავარაუდოდ, 2 დღის წინ მოხდა და ჯერჯერობით უცნობია მომხდარი დანაშაულის ოფიციალური ვერსია. მაგრამ ის ფაქტი, რომ ნინუას მკვლელობა გამსახურდიას დაღუპვის საგამოძიებო კომისიის შექმნას დაემთხვა, სხვადასხვა ეჭვების მიზეზად იქცა.

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩის 18 ნომერში, საკუთარ ბინაში მოკლული თამაზ და ეთერ ნინუები მათმა შვილმა საცხოვრებელი ბინის კარის შემტვრევის შემდეგ იპოვნა. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ორივე გარდაცვლილს შუბლის არეში აღენიშნება. სროლის ხმა არავის გაუგია. სავარაუდოდ, მკვლელს კარი თავად ნინუებმა გაუღეს. სამართალდამცავი ორგანოები არაფერს ამბობენ დანაშაულის ვერსიების შესახებ. მომხდარი ვერაფრით ახსნეს ვერც გარდაცვლილის მეგობრებმა, მათ შორის, ნინუას ყოფილმა თანამშრომელმა სიმონ ნოზაძემ:

“ეს უბოროტო კაცი იყო, უამრავი მეგობარი ჰყავდა, ძალიან ბევრი სიკეთე აქვს ნაკეთები და, რაც მთავარია, ყოველთვის ცდილობდა დაპირისპირებისთვის თავი აერიდებინა და, როდესაც ხელმძღვანელი იყო, უშიშროების ორგანოებიც არ ჩართო დაპირისპირებაში. ზვიად გამსახურდიასთან ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ვერ გეტყვით, რამდენად მეგობრული.”

თამაზ ნინუა ზვიად გამსახურდიას მთავრობაში ჯერ უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ კი, გამსახურდის მმართველობის დასრულებამდე 4 თვით ადრე, უშიშრობის მინისტრად დაინიშნა. შესაბამისად, გამოითქვა ეჭვი, რომ ნინუა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა გამსახურდიას დაღუპვის შესახებ.

მით უმეტეს, რომ პირველი პრეზიდენტის მომხრეებსა და შევარდნაძის ხელისუფლებას შორის შეიარაღებული დაპირისპირების დროს ნინუა შევარდნაძის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. მაგრამ გამსახურდიას დაღუპვის გარემოებათა შესასწავლად შექმნილი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია ჯერჯერობით თავს იკავებს დასკვნების გაკეთებისგან:

”ჯერჯერობით არავითარ ინფორმაციას არ ვფლობთ. დაველოდებით, ვიდრე გაირკვევა საქმე. სავარაუდოდ, მას, ალბათ, ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია.”

ზვიად გამსახურდიას შვილისგან განსხვავებით, რომელიც ახლა პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეს იძიებს, თამაზ ნინუას შესახებ კონკრეტული მოსაზრება აქვს ზვიად გამსახურდიას ქვრივს, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას. მან სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ “ნინუა გამსახურდიას მოსისხლე მტერი იყო და ინფორმაცია გარეთ გამოჰქონდა. იგი იყო უშიშროების გენერალი, მას ჰქონდა ინფორმაცია გამსახურდიას მკვლელობის შესახებო”,- აღნიშნა არჩვაძე-გამსახურდიამ.

მისივე განცხადებით, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში ნინუას დიდი როლი და დავალებაც ჰქონდა, რადგან რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო.

თამაზ ნინუამ რომ ბევრი რამ იცოდა გამსახურდიას დაღუპვის შესახებ, ამას პირველი პრეზიდენტის იმდროინდელი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ ნათაძეც ადასტურებს და ნინუას მკვლელობას რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირებს.

”შეუძლებელია, რომ არ სცოდნოდა მთელი ისტორია რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედებისა საქართველოს წინააღმდეგ 91-92 წლებში და შემდეგ. როგორც კი ეს გავიგე, ჩემი აზრი ლოგიკურად მიმართულია იქითკენ, რომ ეს კაცი მოკლეს როგორც ინფორმაციის მატარებელი. ვინ მოკლა? - რუსეთის სპეცსამსახურებმა, ვინაიდან ინფორმაცია, რომელსაც ის ფლობდა, მამხილებელი იყო, პირველ ყოვლისა, რუსეთის სპეცსამსახურების.”
ასეთია ნიოდარ ნათაძის მოსაზრება.

67 წლის თამაზ ნინუა ბოლო წლებში არსად მუშაობდა და არც რაიმე სახის პოლიტიკურ აქტივობაში იყო ჩართული. გავრცელებული ინფორმაციით, ის კერძო ბიზნესს ეწეოდა, თუმცა მისი ახლობლები ამას არ ადასტურებენ. ყოფილი უშიშროების მინისტრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
XS
SM
MD
LG