Accessibility links

logo-print

გალის რაიონში სამხედრო ბაზების მშენებლობა მიმდინარეობს


რუსეთის სამხედრო ბაზა გალისა და ზუგდიდის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე

რუსეთის სამხედრო ბაზა გალისა და ზუგდიდის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე

ოკუპირებულ გალის რაიონის სოფლებში, სადაც რუსეთის ჯარებია განლაგებული, სამხედრო ბაზების მშენებლობა მიმდინარეობს. აფხაზეთის დევნილი მთავრობის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჯარები ოტობაიაში, ფიჩორსა და ნაბაკევში, სხვა სოფლებისგან განსხვავებით, დიდ სამხედრო ბაზებს აშენებენ. თორნიკე კილანავას მტკიცებით, ოტობაიასა და ნაბაკევში რუსი ოფიცრებისთვის აშენდება სახლები, ხოლო ფიჩორში - ყაზარმის ტიპის სამხედრო ბაზა. მისივე თქმით, ოჩამჩირიდან სამშენებლო მასალები უკვე ჩამოტანილია და მიმდინარეობს ბაზების მშენებლობა.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიის მკვიდრმა, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით, რუსი სამხედროებისთვის სახლების მშენებლობა დაგვიდასტურა და დასძინა, რომ პირველი და მეორე ოტობაიის გასაყარზე, სადაც ადრე ელექტროქვესადგური იყო, შემოსაზღვრულ მიწაზე ფსბ–ს ჯარისკაცები მშენებლობას აწარმოებენ.

რუსი სამხედროების მიერ ფიჩორში ბაზის მშენებლობა დაგვიდასტურა ასევე ადგილობრივმა ქალბატონმა, რომელსაც, ოტობაიელი მამაკაცისგან განსხვავებით, მწირი ცნობები აქვს, რადგან, როგორც თავად ამბობს, ის სამხედრო ბაზისთვის შერჩეული უბნიდან შორს ცხოვრობს. რესპონდენტის ცნობით, რუსი და აფხაზი ჯარისკაცები სოფელში ხშირად გადაადგილდებიან, თუმცა მოსახლეობასთან კავშირს ერიდებიან.

ხუთშაბათს, 12 ნოემბერს, ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ ოტობაიას აფხაზეთში განლაგებული რუსეთის სასაზღვრო ძალების სარდალი, გენერალი ზვირიკი სტუმრობდა. როგორც რადიო თავისუფლების ოტობაიელი რესპონდენტი იტყობინება, გენერალმა ზვირიკმა აფხაზეთ–სამეგრელოს - კერძოდ, განმუხური–ოტობაიის - ადმინისტრაციული საზღვარი დაათვალიერა და რუს მესაზღვრეებს კეთილსინდისიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
XS
SM
MD
LG