Accessibility links

logo-print

აშშ იძულებით გადაადგილებულ პირებს მეურნეობის აღდგენაში ეხმარება


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დღეს შინდისში ადგილობრივ ფერმერებს და მოსახლეობას შეხვდა. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით სოფელში სასოფლო-სამეურნეო რისკების შემცირების პროგრამა მიმდინარეობს. ამჟამად დაზარალებული ფერმერებისთვის მიწა მუშავდება და საშემოდგომო ხორბალი ითესება. პროგრამა ადგილობრივ გლეხებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს მეურნეობის აღდგენაში ეხმარება. შინდისში სამუშაოების დასკვნითი ეტაპი იმ მიწის ნაკვეთებში მიმდინარეობს, სადაც განნაღმვითი სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა. შარშანდელი მოსავლის გარეშე დარჩენილი შინდისელები მიიჩნევენ, რომ ამერიკის მთავრობის დახმარება მათთვის დროული და მნიშვნელოვანია.

ბოლო ეტაპზე შიდა ქართლში დახმარებას 3000 ფერმერი მიიღებს. ამერიკის ელჩის ჯონ ბასის განცხადებით სასოფლო სამეურნეო რისკების შემცირების პროგრამა, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო და დახმარება, დაახლოებით, 40 000 ოჯახს გაეწია.

პროგრამის დახმარებით, ხორბალი, დაახლოებით, 13 ათას ჰექტარზე დაითესა, საიდანაც 15 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მოსავალი იქნა მიღებული. შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორის ზურაბ ჩინჩილაკაშვილის განცხადებით, მოსავლიდან მიღებული თესლის გამოყენება ადგილობრივ მოსახლეობას ოთხი წლის განმავლობაში შეეძლება.

სასოფლო-სამეურნეო რისკების შემცირების პროგრამა, დაახლოებით, 20 მილიონი დოლარის პაკეტია, რომელიც ამერიკის მთავრობის მიერ ქართველი ხალხისთვის გამოყოფილი მილიარდდოლარიანი დახმარების ნაწილს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG