Accessibility links

logo-print
ორი კვირის წინ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის საიტზე ასეთი ინფორმაცია გავრცელდა: ”დღეს თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე ერთდროულად ოთხი ქართული ფილმი გადის. ასეთი რამ საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი იშვიათად ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი კინოსტუდია „ქართული ფილმი“ წელიწადში ათამდე სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს უშვებდა. ახლა თბილისის კინოთეატრების რეპერტუარში 3 ახალი ქართული მხატვრული ფილმია: ავთანდილ ვარსიმაშვილის „ყველაფერი კარგად იქნება“, ირაკლი ჩხიკვაძის „თბილისური Love Story“ და გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“. გარდა ამისა, მაყურებელს შეუძლია ნახოს ლევან თუთბერიძის მხატვრული ფილმი „ნაზარის უკანასკნელი ლოცვა“, რომელიც 1988 წელს არის გადაღებული.

ერთი შეხედვით, ეს, მართლაც, სარეკორდო მაჩვენებელია - ქართული კინოს მიმართ ინტერესი ქვეყანაში აშკარად გაიზარდა, რასაც კინოთეატრების მფლობელებიც ადასტურებენ: ბილეთები ყველაზე კარგად ქართულ ფილმებზე იყიდება. თუმცა მიზეზის ძიება რომ დავიწყოთ, საეჭვოა, ქართული ფილმების მიმართ გაზრდილმა ინტერესმა დაადასტუროს პროგრესი ეროვნულ კინოხელოვნებაში.

სამი წლის წინ ეროვნული კინოცენტრის მაშინდელმა ხელმძღვანელმა გაგა ჩხეიძემ წარმოგვიდგინა ქართული კინოს კატალოგი, რომელშიც წლის განმავლობაში გადაღებული ფილმები იყო დასახელებული და გვითხრა: ეს კატალოგი იმას ადასტურებს, რომ უნდა მორჩეს ქართული კინოს კრიზისზე საუბარიო.. მას შემდეგ ასეთ კატალოგს კინოცენტრი ყოველწლიურად გამოსცემს და ყოველწლიურად კატალოგში შესული ფილმების რიცხვი სულ უფრო მეტად იზრდება. თუმცა ამ სურათების უმრავლესობა ეგრეთ წოდებულ ”ჰომვიდეოს” ესთეტიკაშია გადაღებული, ე.ი. მოყვარულთა ფილმებს ჰგავს. ასეა - საბჭოთა კავშირს თუ ვიხსენებთ და ქართული კინოს წარმატებას საბჭოთა ეპოქაში, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მას შემდეგ ტექნიკა დაიხვეწა; ფილმის გადაღება, დამონტაჟება და, როგორც დღეს გაირკვა, კინოთეატრებში ჩვენებაც კი აღარაა პრობლემა - აღარ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებულ ძალისხმევას. სხვათა შორის, დაახლოებით მაშინ, როცა კინოცენტრმა ეს კატალოგი წარმოადგინა, პრაღაში ჩავწერეთ ინტერვიუ ალმაა-ათის საერთაშორისო კინოფესტივალის - ”ევრაზიის” - არტ-დირექტორთან, გულნარა აბიკეევასთან, რომელიც დაგვპირდა, როგორც კი ეკონომიკური პრობლემები გადაწყდება, ქართული კინო ძველ დიდებას დაიბრუნებს, რადგან ნუ დაგვავიწყდება, რომ რაოდენობრივი განსაზღვრავს თვისობრივსო.

რაოდენობრივის პრობლემა, როგორც ჩანს, მოგვარდა; უფრო მეტიც, გეგმა (თუკი ასეთი არსებობდა) გადაჭარბებით შესრულდა: ავთო ვარსიმაშვილის, გიორგი ოვაშვილის ფილმებს და კიდევ ირაკლი ჩხიკვაძის ”თბილისურ ‘ლავსთორის’ ” - ნოველების, უფრო სწორად კი, ”კლიპების” კრებულს - ერთად უჩვენებენ... ამ სამ სურათს კიდევ დათო ჯანელიძის ”ჯაყოს ხიზნებიც” დაემატა. მაგრამ საეჭვოა, იგივე გიორგი ოვაშვილი, რომლის ”გაღმა ნაპირი”, სხვათა შორის, ამ დღეებში კიდევ ერთი პრემიის - კიევის საერთაშორისო კინოფესტივალის, ”მოლოდოსტის” - მთავარი პრიზის ლაურეატი გახდა, კმაყოფილი იყოს იმით, თუ რომელ ფილმებს ადარებენ მის სურათს... ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რომელ ფილმებთან ერთად იხსენიებენ.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში კინომცოდნე თეო ხატიაშვილი ქართული კინოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ისევ და ისევ სოციალური თემების მიმართ გულგრილობაში ხედავს. თუმცა ეს მხოლოდ კინომცოდნის მოსაზრებაა... თავად კინემატოგრაფისტები და, პირველ რიგში, რეჟისორები, რომელთა ფილმებს უჩვენებენ ახლა თბილისში, უთუოდ კმაყოფილები იქნებიან გრძელი რიგებით კინოთეატრების სალაროებთან მათ ფილმებზე... მიზეზი? - და აი, მიზეზსაც ”მივადექით”...

მიზეზი, პირველ რიგში, ისაა, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მოსკოვიდან ფილმების ჩამოტანა გაძნელდა - საქართველო დსთ-დან გამოვიდა და ახლა, წესით, აღარც გვაქვს უფლება ვითანამშრომლოთ იმ ფირმასთან, რომელიც ფილმებს დსთ-ს ქვეყნებში გაქირავებისთვის ყიდულობს. მოკლედ, დონე იმ არაქართული ფილმებისა, რომელთაც ჩვენს კინოთეატრებში უჩვენებენ, ძალიან დაბალია. ვერა და ვერ მოხერხდა, მაგალითად, ამ წლის ყველაზე გახმაურებული სურათების - ლარს ფონ ტრიერის ”ანტიქრისტეს”, კვენტინ ტარანტინოს, ძმები კოენების ახალი სურათების - ჩვენება თბილისში... და როცა სანახავი არაფერია, იმ ადამიანებს, ვისაც კინოს ყურება დიდ ეკრანზე უყვართ, სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ სალაროსთან დაიკავონ რიგი ქართულ ფილმებზე... ამას ემატება რუსული ენის უცოდინრობაც ახალგაზრდებში (დიახ, რუსულად გახმოვანებული ფილმები ისევ დაუბრუნდა თბილისის კინოთეატრებს)... თუმცა იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, ალბათ, რომ გასართობი სატელევიზიო გადაცემების რიცხვის ზრდამ ქართულ ტელევიზიებში მნიშვნელოვნად იმოქმედა გემოვნებაზე.. ფაქტობრივად, დაიწყო ამ გადაცემების სტილის დამკვიდრება კინოში, დიდ ეკრანზე - ვიდეოკამერით გადაღებულ ფილმებში, რომელსაც ჰყავს მაყურებელი...და თუ ასეთი ფილმების მიმართ ინტერესი გაიზარდა, არის საშიშროება ეგრეთ წოდებული ”კაპუსტნიკების” მოყვარულ რეჟისორებს სხვებმაც მიბაძონ... მაშინ გვექნება ბევრი ქართული ფილმი, მაგრამ ”ოსკარზე” წარდგენა რომ მოგვიწევს, შეიძლება ვერც ვერაფერი შევარჩიოთ...როგორც წელს მოხდა, მაგალითად, როცა ”ოსკარზე” წარსადგენად ეროვნულმა კინოცენტრმა მხოლოდ 2 ფილმი - გიორგი ოვაშვილის ”გაღმა ნაპირი” და ზაზა ურუშაძის ”სამი სახლი” შეარჩია... იმ კინოცენტრმა, რომელიც ამაყობს, რომ დღეს თბილისის კინოთეატრებში ერთდროულად სამი ახალი ქართული ფილმი გადის.

ეროვნულ კინოცენტრში, რა თქმა უნდა, იციან, რომ სქელი ყოველწლიური კატალოგები, რომელშიც წლის განმავლობაში დასრულებული სრულმეტრაჟიანი, მოკლემეტრაჟიანი, მხატვრული, დოკუმენტური ფილმებია მოხსენიებული, ქართული კინოს დღევანდელ მდგომარეობას მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს. ამიტომაც შემუშავდა კინოცენტრში ეროვნული კინოს განვითარების კონცეფცია, რომლის პრეზენტაცია ახლახან მოეწყო კულტურის სამინისტროში. თუმცა კინომცოდნეები მიიჩნევენ, რომ ვერანაირი საორგანიზაციო ცვლილება ვერ გადაარჩენს ქართულ კინოს, სანამ კინორეჟისორები შემოქმედებით კრიზისს არ გადალახავენ... ამისათვის კი, როგორც თეო ხატიაშვილმა გვითხრა, ცნობიერება უნდა შეიცვალოს.
XS
SM
MD
LG