Accessibility links

logo-print

კოსოვოში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა


კოსოვოში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა - პირველი არჩევნები ამ რეგიონის მიერ შარშან სერბიისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. 1,5 მილიონამდე ადამიანის მიეცა შესაძლებლობა, არჩევანი გაეკეთებინა მერობისა და ადგილობრივი საკრებულოების წევრების თავისთვის სასურველ კანდიდატურებზე. კოსოვოს პრეზიდენტმა ფატმირ სეიდიუმ შეაქო საარჩევნო კამპანიაც და კანდიდატებიც. მისი თქმით, "დღეს ისტორიული დღეა კოსოვოსთვის", რადგან საქმე ეხება პირველ ადგილობრივ არჩევნებს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. პრეზიდენტის შეფასებით, ადგილი ჰქონდა კანდიდატებს შორის სამართლიან კონკურენციას. კოსოვოს სერბული უმცირესობის დიდმა ნაწილმა, სავარაუდოდ, ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს. ადგილობრივი დროით, ნაშუადღევის მონაცემებით, ჩრდილოეთში, სადაც უმეტესწილად ეთნიკური სერბები ცხოვრობენ, ელექტორატის აქტიურობა 33 პროცენტსაც არ აღწევდა. უსაფრთხოების ზომებზე 5000-ზე მეტი პოლიციელი ზრუნავდა. არჩევნების მსვლელობაში არ გავრცელებულა ცნობა რაიმე ინციდენტების შესახებ. კოსოვოს დამოუკიდებლობა (მისი 2008 წლის თებერვალში გამოცხადების შემდეგ) 60-ზე მეტ ქვეყანას აქვს აღიარებული, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირის წევრებს. კოსოვოს დამოუკიდებლობას კატეგორიულად უარყოფს სერბია.
XS
SM
MD
LG