Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 16 ნოემბერი 2009


დღევანდელ ”ვერსიაში”, რუბრიკაში ”ექსპერტი”, გაეცნობით კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორის, ელისაბედ დუნის, აზრს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე: ”ოპოზიციის დაუფარავი სწრაფვა ძალაუფლებისკენ ხალხს ინტერესს უკარგავს ოპოზიციისადმი. რა მნიშვნელობა ექნება ნინო იქნება სათავეში თუ მიშა, თუკი არაფერი შეიცვლება?! პოლიტიკური დრამა საინტერესოა მხოლოდ სანახავად, როგორც იაფფასიანი ბრაზილიური სერიალი თავიდან ძალიან მომაჯადოებელია, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ კვლავ ერთი და იგივე კადრი ტრიალებს. რწმენის, ერთგულების, რეალური ტრანსფორმაციის გეგმის გარეშე ოპოზიცია ვერ დააინტერესებს სავარძლებში მთვლემარე ხალხს და ვერ მოიტანს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს. საქართველოს ადამ მიხნიკისნაირი ადამიანი სჭირდება. საქართველოს სჭირდება ის, ვინც ხალხს ქვეყნის მომავალს დაანახვებს და თვითონ არ ენდომება ძალაუფლება”, - წერს ამერიკელი პროფესორი, რომელიც ფიქრობს, რომ ვიდრე ”ასეთი ადამიანი არ ჩანს, ოპოზიცია ვერაფერს შესთავაზებს ხალხს.”

”სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას აერთიანებს. ის მერობის საერთო კანდიდატზე მოლაპარაკებებს იწყებს”, - წაიკითხავთ ”მთელი კვირის” პირველ გვერდზე. ზურაბიშვილი ინტერვიუში ამბობს: ”ჩვენი დღევანდელი სტრატეგია უნდა იყოს იმისკენ მიმართული და ყველა ქვებრძოლა ჩავატაროთ ისე, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება წავიდეს ცვლილებებზე. თუ არადა, ეს უნდა იყოს ისე ნათლად გამოკვეთილი, რომ მათ არ სურთ ცვლილებები. მე არა მგონია, დღეს იყოს დრო მოსული, რომ ვთქვათ უარი არჩევნებში მონაწილეობაზე. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ მაშინ, როცა ეს დრო მოახლოვდება.” ”მთელი კვირის” ამავე ნომერში პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ვრცელი ინტერვიუც ქვეყნდება. ის არასერიოზულად მიიჩნევს მერის კანდიდატურის მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურად აღქმას. ”მერობა არ იძლევა გარანტიას, რომ მერე პრეზიდენტი გახდე”, - ამბობს საყვარელიძე.

”კვირის ქრონიკაში” ლადო პაპავასთან ინტერვიუს გაეცნობით. ის, ეკონომიკური საკითხების გარდა, შიდაპოლიტიკურ საკითხებზეც საუბრობს: ”ერთადერთი, რამაც შეიძლება ოპოზიციას გაამარჯვებინოს, ეს იქნება დაპირისპირება ”ნაციონალურ მოძრაობაში” - თუ იქ იტყვიან, რომ აღარ უნდათ უგულავა. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ხელისუფლების ხელში უფრო ძლიერი მედია-საშუალებებია, რომელიც ხალხს უჩვენებს, რომ ცხოვრება მშვენიერია”. ”კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში აჭარის ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე არ გამორიცხავს, რომ, სააკაშვილის ხელისუფლების შესუსტების მიზნით, ასლან აბაშიძე გააქტიურდეს; მისი თქმით, აბაშიძეს საქართველოში ცნობილ ადამიანებთან და ერთ პოლიტიკურ პარტიასთან აქვს ურთიერთობა. ”მოკლედ, ასლანს სთხოვენ გეგმას და, ბუნებრივია, ის ითხოვს ფულს”, - ამბობს თამაზ ბაკურიძე.

დღევანდელ პრესაში გრძელდება თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობის მოტივებზე მსჯელობა. ერთ-ერთ მოტივად დასახელებულია ხელისუფლების განზრახვა გამოიძიოს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზები და ის, რომ ნინუამ ამის შესახებ ბევრი რამ იცოდა. ”ასავალ-დასავალში” კი თავდაცვის ყოფილ მინისტრ თენგიზ კიტოვანთან ინტერვიუ ქვეყნდება, სადაც ის ქართულ სპეცსამსახურებს სდებს ბრალს. ”მას, როგორც უშიშროების ძველ თანამშრომელს, ძველ ჩეკისტს, კავშირი ჰქონდა მოსკოვთან, რუსულ სპეცსამსახურებთან, და იქიდან იღებდა ინფორმაციას. მან მიიღო რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ეს რომ არ გახმაურებულიყო, ამიტომ მოკლეს”, - აცხადებს კიტოვანი და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ეს ინფორმაცია გასული წლის აგვისტოს ომს უკავშირდებოდა.

”კვირის პალიტრას” თავის მოსაზრებებს უზიარებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი. ის ჟენევის კონსულტაციების ფორმატზე ამბობს: ”ჩემი აზრით, ევროპა უნდა იყოს გაცილებით მკაცრი, რათა ”კვარტეტი”, რომელიც ჟენევაში იკრიბება, სამ დუეტად დაიშალოს. კერძოდ, პირისპირ მოსალაპარაკებლად დასხდნენ ქართველები და რუსები, მეორე შემთხვევაში - ქართველები და ოსები, მესამე შემთხვევაში - ქართველები და აფხაზები”, - ამბობს ცისკარიშვილი. მისი აზრით, ეს იქნებოდა რეალური ფორმატი, რომლის პირობებშიც შეიძლება რეალური შედეგის მიღწევაზე ლაპარაკი.

”24 საათი” ვრცელ წერილს უძღვნის 14 ნოემბერს თბილისში გამართულ მატჩში ქართველი რაგბისტების გამარჯვებას. ”არგენტინასთან მატჩმა დაგვანახვა, რომ ”ბორჯღალოსნები” მსოფლიო ელიტის კარიბჭესთან დგანან და ამ კარიბჭესაც აუცილებლად შეაღებენ, თუ დასაწყისისთვის ეროვნულ გუნდს საკუთარი სავარჯიშო ბაზა მაინც ექნება და ქვეყანაში სარაგბო ინფრასტრუქტურა განვითარდება”, - წერს ”24 საათი“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG