Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სატელიტური კონტროლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე


ევროკავშირის მიერ განხორციელებული სატელიტური კონტროლი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაციის კონტროლის ერთადერთ გზას წარმოადგენს. ეს იმიტომ, რომ ევროპელი მეთვალყურეები ჯერ ისევ ვერ ახერხებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას, გაეროსა და ეუთოს მისიებმა კი, კრემლის დიდი ძალისხმევის შედეგად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში მუშაობა რამდენიმე თვის წინ შეწყვიტეს. ფაქტია, რომ კრემლმა ოკუპირებული ტერიტორიები საერთაშორისო კონტროლის გარეშე დატოვა.

საქართველოს სეპარატისტული რეგიონების სატელიტური მონიტორინგი ევროკავშირმა უკვე დაიწყო და ეს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას 13 ნოემბერს დაადასტურა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა ჰანს-იორგ ჰაბერმა. მისი თქმით, “სატელიტური ფოტოები სულ ახლახან გახდა ხელმისაწვდომი, რადგანაც მანამდე იყო საორგანიზაციო ხასიათის პრობლემები.” გარკვეული მასალები უკვე არსებობს, თუმცა სხვა საკითხია, რომ მოპოვებულ ინფორმაციას არ შეუძლია პასუხი გასცეს უკლებლივ ყველა შეკითხვას. ”მაგალითად, ჩვენ ვერ ვიტყვით ზუსტად რა რაოდენობის შეიარაღებული ძალა დგას საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონში ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჰანს-იორგ ჰაბერმა.

იმისათვის, რომ რუსეთის მიერ მოწოდებული ამ ტიპის ინფორმაცია გადამოწმდეს, უშუალოდ სეპარატისტულ რეგიონებში შესვლაა საჭირო, მაგრამ ამის საშუალება ევროპელ მეთვალყურეებს ჯერჯერობით არ ეძლევათ, - ამბობს მისიის ხელმძღვანელი, რომელსაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაციის რეალური კონტროლი მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მუშაობის შემთხვევაში წარმოუდგენია.

ეს მიზანი რომ აუცილებლად მისაღწევია, არაერთხელ აღინიშნა იმ შეხვედრებზეც, რომლებსაც ევროკავშირის ელჩების დელეგაცია გასულ კვირაში საქართველოში მართავდა. თუმცა მანამდე საჭიროა რაიმე სახის კონტროლი და ამ ეტაპზე ერთადერთ გზად სწორედ სატელიტური გადაღებები განიხილება, რადგანაც კრემლს ამ შემთხვევაში წინააღმდეგობის ბერკეტი არ გააჩნია. თბილისი პერსპექტივით კმაყოფილია.

”ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სიმართლე დადგენილი იყოს არა მხოლოდ ჩვენი მონაყოლით, არამედ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც თავისი სიტყვა თქვას და თუ რაიმე ტიპის საფრთხე გაჩნდება ოკუპირებული ტერიტორიების მხრიდან, ეს იყოს დაფიქსირებული დოკუმენტურად”, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 16 ნოემბრის ტელეგამოსვლაში. იაკობაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ სატელიტური კონტროლი ადამიანთა გატაცებისა და სხვა ტიპის პროვოკაციების ალბათობას შეამცირებს. ამასთან, მოხერხდება ინფორმაციის მოპოვება საოკუპაციო სამხედრო ძალების გადაადგილებასთან დაკავშირებით.

პოლიტიკური რისკების მკვლევარი ბაკურ კვაშილავა ხაზს უსვამს თვით ამგვარი პერსპექტივის, როგორც ნების, გამოჩენის მნიშვნელობას: ”ეს მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირი, მიუხედავად ერთ-ერთი მხარის წინააღმდეგობისა, მაინც ცდილობს გარკვეულწილად გავლენა მოახდინოს მოვლენებზე და შეამციროს დაპირისპირების რისკი.”

რამდენად შემცირდება რისკი და რამდენად შეძლებს სატელიტური კონტროლი რუსეთის შეჩერებას? მართალია, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს რუსეთის ამბიციების მოთოკვის იმედი არა აქვს, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ რუსეთს ”მეტი სიფრთხილის გამოჩენა” და ”საერთაშორისო ურთიერთობებში მეტ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს.”

ევროკავშირის მიერ განხორციელებული სატელიტური კონტროლი უკვე დიდ გაღიზიანებას იწვევს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში და რეაქციები, ძირითადად, ევროკავშირის მწვავე კრიტიკით გამოიხატება.

”ეს გეგმები კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირისა და დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის პოზიციას, მათ ანგაჟირებას, არაობიექტურობასა და უუნარობას შეაფასონ რეალური სიტუაცია რეგიონში”, - ასეთია, მაგალითად, აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას კომენტარი. „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შამბა ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირს ამგვარი გეგმები რუსეთთან დასაპირისპირებლად სჭირდება. ასევე ევროკავშირს აკრიტიკებს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ბორის ატოევი, რომელიც სატელიტურ მეთვალყურეობას დემოკრატიული პრინციპების დარღვევად მიიჩნევს. ატოევი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი ამგვარი გადაწყვეტილებით აქეზებს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც “სამხედრო მოქმედებებზე ჯერ კიდევ არ უთქვამს უარი.”

რაც შეეხება კრემლს, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების სატელიტურ კონტროლთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG