Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე შენ გიტან ე.ი. ტოლერანტი ვარ?!.


ტოლერანტობის სიმბოლო
ტოლერანტობის სიმბოლო
16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ცალკეულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს „ტოლერანტობის ქომაგის“ ტიტული მიანიჭა, თავად სახალხო დამცველმა კი ტოლერანტობის კუთხით არსებულ პრობლემებსა და მიღწევებზე ილაპარაკა. გაირკვა, რომ ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობები კვლავ განიცდიან ღია თუ ფარულ დისკრიმინაციას.

ბექა მინდიაშვილი საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს. ცენტრი კოორდინაციას უწევს ორ საბჭოს - ეთნიკური უმცირესობებისა და რელიგიათა საბჭოებს. ბექა მინდიაშვილის თქმით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის თვალსაზრისით. პირველ რიგში, იგულისხმება ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის რატიფიცირება და ინტეგრაციის სამოქმედო გეგმის მიღება, თუმცა, ხელისუფლების მიერ გადადგმული ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად, როგორც ბექა მინდიაშვილი შენიშნავს, საქართველოში ეროვნული უმცირესობების მდგომარეობა მაინც არასახარბიელოა:

"ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ვერ ახერხებენ სახელმწიფო სამსახურში ფართო მონაწილეობას, კარიერის გაკეთებას. აი, ამ ტიპის პრობლემებზეა ლაპარაკი."

ბექა მინდიაშვილის თქმით, პრობლემას განსაკუთრებით ამძიმებს სახელმწიფო ენის უცოდინრობა, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში. აგიტ მირზოევი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ ამ მხრივ ვითარება, მართლაც, სავალალოა:
აგიტ მირზოევი: "ამ რეგიონებში კანონი ირღვევა ყოველდღე, იმიტომ რომ სხდომები ამ რეგიონებში ტარდება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. გამოდის, რომ, ერთი მხრივ, ხელისუფლება კრიტიკულად არ უდგება კანონდარღვევას, მაგრამ, მეორე მხრივ, არ არსებობს ეფექტიანი და რეალისტური პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობდა ენის სწავლებას. ამის გამო ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, ძირითადად, არ მონაწილეობენ ქვეყნის მართვასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე."

შედეგად, აგიტ მირზოევის თქმით, ხდება ეთნიკური უმცირესობების გარიყვა და მარგინალიზაცია, რაც, წესით, არც ხელისუფლებისთვის უნდა იყოს ხელსაყრელი და არც მთლიანად ქვეყნისთვის, რომლის კონსტიტუციის მიხედვითაც, ყველა ადამიანი თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა და რელიგიისა. საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრშიც აცხადებენ, რომ კონსტიტუციის ეს მუხლი კვლავინდებურად ხშირად ირღვევა. ნუგზარ პაპუაშვილი, რელიგიის საკითხთა ექსპერტი, ამბობს, რომ განსაკუთრებით რთული ვითარება რელიგიის თავისუფლების კუთხითაა.

"მთავარი მიზეზი მაინც მართლმადიდებლური ნაციონალიზმია, რომელიც გამჯდარია საზოგადოების დიდი ნაწილის - განსაკუთრებით პოლიტიზებული ნაწილის - ცნობიერებაში. ინტელიგენციის მხრიდან წამოსული ეს მუხტები, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მსჭვალავს. ამგვარი საზოგადოების შეგნებაში მართლმადიდებლობა და ქართველობა არის ერთი და იგივე, რაც თავისთავად იწვევს რელიგიური უმცირესობების მარგინალიზაციას", - უთხრა ნუგზარ პაპუაშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში, რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით, პოზიტიური ნაბიჯებიც გადაიდგა. პირველ რიგში, იკლო ფიზიკურმა ძალადობამ, ხოლო რელიგიურ გაერთიანებებს რეგისტრაციის საშუალება მიეცათ. ბექა მინდიაშვილის თქმით, ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები არიან. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას მტრულ გარემოში უწევს ცხოვრება:

"მართალია, საზოგადოება რაღაცნაირად ეგუება სექსუალური უმცირესობების არსებობას, მაგრამ მანამდე, ვიდრე ის საჯაროდ განაცხადებს თავისი სექსუალური იდენტობის შესახებ."

ამა თუ იმ პირის სექსუალური იდენტობა, ხშირ შემთხვევაში, შანტაჟის საბაბიც ხდება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ფონდ „ინკლუზივის“ ხელმძღვანელმა პაატა საბელაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, უმცირესობის წარმომადგენლები ვერაფერს უპირისპირებენ აგრესიას და, ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც კი:

"იმიტომ, რომ არ არის კანონმდებლობა შესაბამისი, არ არის განსაზღვრული სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენაზე პასუხისმგებლობა არავის არ ეკისრება, ამიტომ ძალიან უჭირთ ჩვენს მოსარგებლეებს სასამართლოში ჩივილის გადაწყვეტილების მიღება.“

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კი, ლევან ბერძენიშვილი, მიიჩნევს, რომ 21-ე საუკუნეში ტოლერანტობის აუცილებლობაზე საუბარი საზოგადოების ჩამორჩენილობის მანიშნებელია:

"ჩვენთან რითიც ტრაბახობენ, ვგულისხმობ ტოლერანტობას, ეს არის შუასაუკუნეების ტერმინი. ტოლერანტული კი არ უნდა იყო მოქალაქის მიმართ, მას იგივე უფლება უნდა ჰქონდეს. „მე შენ გიტან“, არ არის 21-ე საუკუნის პასუხი", - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან ბერძენიშვილმა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG