Accessibility links

logo-print

საერთაშორისო შეხვედრები და ტირძნისელი მოზარდები

  • ნიკო ნერგაძე

კვირა დაიწყო იმით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, გაზეთ ”რეზონანსისა” და კონსერვატიული პარტიის სარჩელი, რომლითაც ისინი ითხოვდნენ საქართველოს მთავრობასა და ”ინტერ-რაო ეესს” შორის ”ენგურჰესის” მართვის შესახებ მემორანდუმისთვის მოეხსნათ გრიფი „საიდუმლო“. ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ მოსარჩელეები აპირებენ ევროსასამართლოს მიმართონ. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე განმარტავდა, თუ რატომ ადევს დოკუმენტს გრიფი ”საიდუმლო”: „ ‘რაო ეეს’-მა ჩათვალა, რომ ეს არის მისი კომერციული საიდუმლოება და მოგვმართა ჩვენ, ენერგეტიკის სამინისტროს, დაგვედო გრიფი და, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვალდებულები ვიყავით განგვეხილა ეს საკითხი. განვიხილეთ და, მინისტრის ბრძანებით, ის გახდა საიდუმლო”, - თქვა მან.

თუმცა მოსარჩელეებს სახელმწიფოს ეს განმარტება არ აკმაყოფილებთ. კონსერვატიული პარტიის წევრის ბიძინა გუჯაბიძის აზრით, მემორანდუმში, შესაძლოა, იდოს ქვეყნის ინტერესებისათვის საზიანო პუნქტები და მემორანდუმის საჯაროობით, შესაძლოა, აშკარა გახდეს ისეთი დეტალები, რომელთა გახმაურებაც ხელისუფლებისათვის არახელსაყრელია.

კიდევ ერთი მოსარჩელის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, წარმომადგენელი თამარ კორძაია კი ამბობს, რომ „ინტერ-რაო ეესს“ საკუთარი კომერციული საქმიანობის გასაიდუმლოების უფლება ჰქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ, ცალსახად უნდა დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

კვირის დასაწყისში თბილისში მუშაობას შეუდგა საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდავეთის საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია სუამის საპარლამენტო ასამბლეის მეოთხე სხდომა, რომელშიც, სუამის წევრი სახელმწიფოების საპარლამენტო დელეგაციების გარდა, მონაწილეობას იღებდნენ ბალტიის საპარლამენტო ასამბლეა და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის დელეგაცია. სუამის საპარლამენტო ასამბლეის მეოთხე სხდომის დისკუსიის საგანი გახლდათ სუამის გეოპოლიტიკური გარემო, სუამის სივრცეში არსებული კონფლიქტები და მათი გავლენა საერთაშორისო მშვიდობაზე, ევროკავშირთან სუამის თანამშრომლობის პერსპექტივები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და სხვ. საქართველოს პარლამენტის დეპუტატს აკაკი მინაშვილს ამ პრობლემების დაძლევა სუამის ფარგლებში, ერთიანი ფრონტით, უფრო იოლად ეჩვენება, ვიდრე დამოუკიდებლად.

სუამის მეოთხე საპარლამენტო ასამბლეის ორდღიანი სხდომა 10 ნოემბერს „შერატონ მეტეხი პალასში“ სპეციალური კომუნიკეს ხელის მოწერით დასრულდა.

კომუნიკეში დეტალურად არის გაწერილი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული კონცეფცია, რომელიც მოიცავს სუამის სივრცეში პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ეკოლოგიური უსაფრთხოების და ასევე ანტიტერორისტული და დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს.

სუამის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ვანო ხუხუნაიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ თბილისში გამართული შეხვედრა ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სუამის ფორმატში საპარლამენტო მუშაობის გააქტიურებისთვის.

11 ნოემბერს კი ჟენევაში კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების მერვე რაუნდი დაიწყო. დღის წესრიგის მთავარი საკითხი საერთაშორისო მედიატორების მიერ მომზადებული უსაფრთხოების დოკუმენტი გახლდათ.

შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებდა, რომ დახურული თემები არ არსებობს და რუსეთის დელეგაცია ღიაა დისკუსიისათვის.

ჟენევის მოლაპარაკებათა მე-8 რაუნდი პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა. მის ფარგლებში მიღწეული ერთადერთი კონკრეტული შეთანხმება იყო ის, რომ მომდევნო რაუნდი 28 იანვარს გაიმართება. მოსკოვი უგულებელყოფს თბილისისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონდომებას, რეგიონში სრულიად ახლებური და საიმედო უსაფრთხოების მექანიზმი ამოქმედდეს, - აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ.

ხუთშაბათს, გამთენიისას, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის 27 ელჩი ესტუმრა. დიპლომატების ვიზიტის მიზეზზე ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა. მან თქვა: “ვიზიტის მიზანია გავეცნოთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და, რა თქმა უნდა, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისიცაა, რომ საქართველოს პოლიტიკური სიტუაცია გავარკვიოთ.”

კვირის განმავლობაში გრძელდებოდა მსჯელობა თბილისის მერის არჩევნებში საარჩევნო ბარიერის დაწესების შესახებ. ხელისუფლება არჩევნებში ბარიერის დაწესების წინააღმდეგი იყო, თუმცა შემდეგ მათ ოპოზიციას 30-პროცენტიანი ბარიერი შესთავაზეს. საკითხისადმი მმართველი პარტიის დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ასე ახსნა: “რასაც ჩვენ ვთავაზობთ, იყო ყველაზე მისაღები ოპოზიციისთვის. ეს ნიშნავდა, რომ თუ ისინი პოპულარულები და პირველ ადგილზე არიან, როგორც თვითონ ამბობენ, მათი კვლევის თანახმად, მაშინ ტარდებოდა არჩევნები და პირველ ადგილზე გასული ხდებოდა ქალაქის მერი. ჩვენს კოლეგებს კი უნდოდათ, რომ ყოფილიყო 50 პროცენტიანი ბარიერი.“

ხელისუფლების წინადადებას პროცესში ჩართული პარტიების უმეტესობა დაეთანხმა. წინააღმდეგი მხოლოდ ”ალიანსი საქართველოსთვის” იყო.

კახეთში, ლოპოტის დასასვენებელ კომპლექსში, მთავრობის სხდომაზე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგადასახადო ადმინისტრირების სისტემაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტმა სამი ახალი ეკონომიკური წინადადება წამოაყენა. პრეზიდენტის ინიციატივების მიხედვით, კომპანიებს დღგ-ს ნაწილი დაუყოვნებლივ დაუბრუნდებათ და არა 6 თვის შემდეგ, საგადასახადო საბჭოში შევლენ ბიზნესმენებიც და 48 საათზე მეტხანს ბიზნესის დალუქვაზე გადაწყვეტილებებს ფინანსთა მინისტრი მიიღებს. ეკონომიკის ექსპერტმა დავით ნარმანიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს ერთი ნაბიჯი გახლავთ, რომელსაც დამატებითი გადაწყვეტილებები უნდა მოჰყვეს.

13 ნოემბრის საღამოს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, მოკლული იპოვეს ზვიად გამსახურდიას მთავრობის უშიშროების სამინისტროს უკანასკნელი ხელმძღვანელი, თამაზ ნინუა, და მისი მეუღლე, ეთერ ნინუა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თამაზ ნინუას მკვლელობის საქმეზე რამდენიმე ოფიციალური ვერსია იკვეთება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. ვერსიებს, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ არ აცხადებენ და არც იმას ამბობენ, ოფიციალურ ვერსიებში შედის თუ არა ამ დრომდე არაოფიციალურად დასახელებული ვერსიები.

არაოფიციალურად კი რამდენიმე ვერსია დასახელდა: პირადი ანგარიშსწორება, რომლის მიზეზიც, შესაძლოა, ნინუას ძალოვან უწყებებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობა ან მისი ბოლოდროინდელი ბიზნესსაქმიანობა იყოს; რუსული სპეცსამსახურები, რომლებსაც, შესაძლოა, ნინუა მოეკლათ, როგორც ინფორმაციის მატარებელი, და ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.

მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა ცხინვალში დაკავებული ოთხი ქართველი არასრულწლოვანის ბედის განხილვა. კვირის დასაწყისში ცხინვალის ტელევიზიამ ტირძნისელ მოზარდებს რეპორტაჟი მიუძღვნა. დაკავებულების კადრების ფონზე, ავტორის ხმა, რომლის ვინაობაც არ დასახელებულა, მოზარდების დაკავების ახალ ვერსიაზე საუბრობდა და ვარაუდობდა, რომ არასრულწლოვანები თუ აფეთქებას არა, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დაზვერვას მაინც აპირებდნენ. ცხინვალში დაკავებული ბავშვების ოჯახები კვირის განმავლობაში ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან, ”ქრისტიან დემოკრატებისგან”, პარლამენტარ გია თორთლაძისა და საქართველოს სახალხო დამცველისგან იღებდნენ. ყოფილმა ომბუდსმენმა, „ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გაეროსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრებს სთხოვა, გამოეყენებინათ საერთაშორისო ავტორიტეტი ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლებაში დასახმარებლად და ცხინვალის ხელისუფლებას მოუწოდა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მოზარდები. ხუთშაბათ საღამოს ევროპის კავშირმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა მოზარდების დაკავების გამო და დაკავებულთა დაუყოვნებლივი გათავისუფლებისა და მსგავსი ინციდენტების აღკვეთისკენ მოუწოდა ცხინვალს.

ტირძნისელი მოზარდები კი კვლავ დაკავებულები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ცხინვალის რეჟიმი ჯერჯერობით კავშირზე არ გამოსულა. მან აღნიშნა, ცხინვალში დაკავებული ქართველი მოზარდების გათავისუფლების საკითხი იქნება ძირითადი თემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგ შეხვედრაზე 19 ნოემბერს. ეს, რა თქნა უნდა, თუ ბავშვები ამ შეხვედრამდე არ გაათავისუფლესო, - დასძინა მან.
XS
SM
MD
LG