Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარკ ჰულსტი - გეოგრაფი


18 ოქტომბერი, კვირა
გვიანობამდე გვესმის ხმა „მზიურიდან“. გზას აკეთებენ. ყოველდღე ჩემი პატარა მეკითხება: “დღესაც გზას აკეთებენ?” ეტყობა, მას აინტერესებს მისი საყვარელი „მზიური“ როგორი იქნება ამის მერე. დილით შევედით „მზიურში“ და აშკარად ეტყობა, რომ აღარ იქნება ეს სივრცე, როგორიც დღემდე იყო. მშვენიერი ამინდია დღესაც და ვეძებთ კაკლებს – ძალიან მოსწონს ჩემს პატარას ეს პროცედურა და მეც ძალიან მსიამოვნებს ამ პარკში ყოფნა შემოდგომისას (როცა ვიცი, რომ ჩემს სამშობლოში ცივა და წვიმს). კარგად მახსოვს, როგორი იყო ეს ტერიტორია ერთი ათი წლის წინ – იქ სიარული ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, მაგრამ წლების განმავლობაში ბევრი რამე გაკეთდა და ახლა უკვე ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტი ადგილია თბილისში.
თავისუფლების დღიურები - მარკ ჰულსტი
please wait

No media source currently available

0:00 0:12:40 0:00
მესმის, რომ ქალაქს სჭირდება გადატვირთული გზების განტვირთვა, მაგრამ ეს ლამაზი ადგილი ცოდოა, რომ ზედ ტრასამ გაიაროს, და არ დარჩეს “მწვანე ფილტვად”, რომელიც ნამდვილად გვჭირდება. დადის ხმები, რომ მოსახლეობას არ მოსწონს ეს მოვლენა, და გადაწყვეტილი აქვთ, რომ იაქტიურონ „მზიურის“ გადასარჩენად. ბულდოზერები დადიან და ღამის პირველ, ორ საათამდე მუშაობენ. ისევ ჩემი პატარა მეკითხება: “მუშებს არ უნდათ ძილი?” პასუხი არ მაქვს, არც მე არ მესმის, რისთვის არის საჭირო, რომ ყოველდღე გვიანობამდე ასეთი ტემპით და ხმაურით მიმდინარეობდეს გზის მშენებლობა. ბოლო დროს ძაღლების ხმა „მზიურიდან“ აღარ მესმის. ადრე მაწანწალა ძაღლები მართავდნენ „მზიურს“ ღამის საათებში, იქ შესვლა იმ დროს ყოველთვის უდიდესი რისკი იყო. ვნახოთ, ხვალ რა იქნება.

19 ოქტომბერი, ორშაბათი
დღეს ფეხით წავედი სამსახურში. ჯერ დავტოვე უფროსი ბავშვი სკოლის ავტობუსთან და მერე ჩავედი გმირთა მოედნისკენ. მიწისქვეშა გადასასვლელში სწრაფად გავიარე, იმიტომ, რომ იქ ცხვირით სუნთქვა წამებაა ანტისანიტარიული პირობების გამო. სულ მეჩვენება, რომ ვინც დილით ქუჩაში დადის, მისთვის უცნაურია, რატომ მიდის ფეხით სამსახურში წასასვლელად მომზადებული მამაკაცი. “შენს მანქანას რა სჭირს?”, მკითხა ნაცნობმა ტაქსის მძღოლმა. “არაფერი”, ვუთხარი მე, “უბრალოდ ცოტა ვარჯიში მინდა, იმიტომ, რომ მთელი დღე ვზივარ სამსახურში და საერთოდ არ ვმოძრაობ.”
ავედი სამსახურში. კმაყოფილი ვარ, რომ დღეს უფრო სწრაფად ავედი, ვიდრე სხვა დროს. საღამოს მელის იოლი გზა, ძირითადად სულ ქვევით მიდის და მარტო ბოლო ნაწილია ცოტა რთული.
ჩემ პატარას კვლავ აინტერესებს, კიდევ როდის წავალთ “ტრაკტორების” სანახავად. ასე ეძახის ნებისმიერ მანქანას, რომელიც მუშაობს გზის დაგებაზე. ეს ძალიან აქტუალური თემა გახდა ჩვენ ოჯახში. შევპირდი, რომ აუცილებლად შაბათს გავალთ, სანამ ამ დღიურს წავიკითხავ რადიო თავისუფლების სტუდიაში. ცხრა საათისათვის იძინებს ორივე ბავშვი. ხვალ ადრე უნდა ავდგეთ, როგორც ყოველ სამუშაო დღეს. მერე ვჯდები კომპიუტერთან და ვწერ და ვწერ. არც ისე ადვილია ჩემთვის, იმიტომ რომ, ფაქტიურად, პირველად ჩემ ცხოვრებაში ვწერ გრძელ ტექსტს ქართულ ენაზე. ბევრ შეცდომას ვუშვებ და ჩემს ცოლს ვეკითხები ხანდახან, თუ როგორ იწერება ესა თუ ის სიტყვა. ბოლოსკენ დავიღალე, მაგრამ ბავშვივით ბედნიერი ვარ იმით, რომ უკვე გამომივიდა ერთ გვერდზე მეტი.

20 ოქტომბერი, სამშაბათი
ენა ძალიან საინტერესო ფენომენია, მით უმეტეს, როცა ცხოვრობ სხვა ქვეყანაში და ლაპარაკობ სხვა ენაზე; ბუნებრივია, ეს არ არის მშობლიური ენა. ჩემს ტვინში საკმაოდ ბევრი ენა ტრიალებს, მათ შორის ქართულიც. ენით თამაში კარგ გუნებაზე მაყენებს. მაგალითად, ამ დღეებში სულ მესმის სიტყვა “ჰოლივუდი” (ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით). ამ სიტყვის გაგების მერე იწყება ჩემს თავში ერთი ასოციაციიდან მეორე ასოციაციაზე გადასვლა, იმის გამო, რომ ინგლისური სიტყვა “holly” არის პირდაპირი თარგმანი ჩემი გვარის.
იმის მიუხედავად, რომ უკვე 11 წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველოში ვიმყოფები, ბუნებრივია, რომ ჯერ კიდევ ვფიქრობ, ძირითადად, ჩემ მშობლიურ ენაზე. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ხშირად ინგლისურადაც მიმდინარეობს შიდა პროცესები. სამ ენაზე საუბარი მიწევს ჩვეულებრივ სამუშაო დღეს. ანუ, ქართულად მეუღლესა და, ზოგადად, საზოგადოებასთან, ინგლისურად - უფროსთან და, ასევე, ეს ოფისის საკომუნიკაციო ენაა, დაბოლოს ჰოლანდიურად - ჩემ ბავშვებთან. ამ ყველაფერს კიდევ არა უშავს, მაგრამ პრობლემა მაქვს, როცა მეოთხე ენა ფიგურირებს. მაგალითად, ახლახან გვყავდა სტუმრები ესპანეთიდან. მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში ვიყავით და მათთან ვლაპარაკობდი ესპანურად. აქტიური დიალოგის დროს და როცა აღმოვჩნდი თარჯიმნის როლში, მაშინ დაიწყო არეულობა ჩემს ტვინში. ეს არის შედეგი იმისა, რომ უკვე ჩემი ცხოვრების თითქმის მეოთხედ ნაწილს ვატარებ მიგრანტის როლში საქართველოში. რა მოხდა მერე, ეს ბუნებრივი მოვლენაა და მიმაჩნია, რომ ეს ამდიდრებს ჩემ ცხოვრებას და მეტი არაფერი.
ზუსტად დღეს საღამოს დარეკა ერთმა ჩვენმა ესპანელმა სტუმარმა და გამოთქვა უდიდესი ბედნიერება, რომ იყო სტუმრად საქართველოში. ასეთი შეფასება უფრო ხშირად მესმის ბოლო დროს, ვიდრე, დავუშვათ, ათი წლის წინ, როცა ახალჩამოსული ვიყავი. მაშინ პირობები არ იყო შექმნილი – უშუქობა და ასე შემდეგ... ძალიან კარგად მახსოვს დღემდე, სახლებში როგორი სიცივე იყო 1998 წლის თებერვალში, როცა აქ საცხოვრებლად ჩამოვედი. ჩემი უფროსი ბავშვის ნათლობის დროს ჩამოსული ჩემი მშობლებისთვის უშუქობა და სიცივე უდიდესი შოკი იყო. ამ წლის გაზაფხულზე მამაჩემი ისევ გვსტუმრობდა და ძალზედ კმაყოფილი დარჩა, თუნდაც იმით, რომ თავის ცხოვრებაში პირველად ნახა შავი ზღვა.

21 ოქტომბერი, ოთხშაბათი
დღეს ვსტუმრობდი სამოქალაქო რეესტრს, სამსახურის საქმესთან დაკავშირებით. ერთ აქტუალურ საკითხზე პასუხის მიღება მაინტერესებდა: ბავშვების სკოლა გვთხოვს მათი დაბადების მოწმობის დედნის დატოვებას სკოლაში. ეს არ მაწყობს, რადგან ხანდახან მჭირდება ეს მოწმობა სხვადასხვა დოკუმენტის ასაღებად. „რა პრობლემაა“, მითხრეს რეესტრში, „უბრალოდ, აიღეთ განმეორებითი მოწმობა.“ რამდენჯერაც გნებავთ, იმდენჯერ შეგიძლიათ აიღოთო. ეს არ ვიცოდი და ნამდივლად მშვენიერი გამოსავალია, ყველას ხელს შეუწყობს. მერე ვიფიქრე, რა შედარებაა ადრინდელ “ოვირსა” და დღევანდელ სამოქალაქო რეესტრს შორის?! ადრე დოკუმენტის აღება ზოგადად რთული იყო. მარტო იმის გამო, რომ უცხოელი ვარ, გარკვეული უპირატესობა მქონდა. იყო შემთხვევები, როცა არ მიწევდა რიგში დგომა, პირდაპირ წინ მაყენებდნენ. მიკვირდა, რომ პროტესტიც კი არ იყო სხვა კლიენტების მხრიდან. და თუ იყო, უცბად აჩუმებდნენ. ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ მივხვდი, რომ ამის გაპროტესტებას აზრი არ ჰქონდა. დღეს ველოდებოდი ჩემს რიგს და მარტივ ენაზე მივიღე ადეკვატური და განმარტებული პასუხი.
რეესტრში კიდევ ამიხსნეს, როგორია ორმაგი მოქალაქეობის აღების პროცედურები. ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ ნიდერლანდების კანონმდებლობა უშვებს ორმაგ მოქალაქეობას ზოგიერთ გამონაკლის შემთხვევაში, მაგალითად ჩვენი ბავშვების: ორივე დაბადებულია საზღვარგარეთ და მუდმივად ცხოვრობს ნიდერლანდების საზღვრებს მიღმა. აუცილებლად უნდა დავიწყოთ პროცედურები, გაუხარდებათ და ლოგიკური შედეგია იმისა, რომ ჩემი ბავშვები ფაქტიურად უფრო მეტად ქართველები არიან, ვიდრე ნიდერლანდელები. გარემოს, სადაც ბავშვი იზრდება, აქვს, ჩემი აზრით, უდიდესი გავლენა.
ამ დასკვნით დამთავრდა ამ დღიურის მეოთხე დღე.

22 ოქტომბერი, ხუთშაბათი
დღეს დილით, ცხრა საათზე, მთელი ოჯახი დაბარებული ვართ ნიდერლანდების საელჩოში. ორივე ბავშვმა ახალი პასპორტები უნდა აიღოს და მივდივართ ყველა ერთად, საზეიმო განწყობით. ახალი წესები აქვთ დადგენილი ფოტოსურათთან დაკავშირებით და კვირას ბევრი ვიწვალეთ, რათა ბავშვების სურათებს დაეკმაყოფილებინათ მოთხოვნები. მაინც არ ვიყავი დარწმუნებული და, სამწუხაროდ, გამართლდა ჩემი პესიმიზმი – სურათის ფონი ღია ნაცრისფერი უნდა იყოსო, ასეთი იყო საელჩოს დასკვნა. ასეც ვიცოდი! კი ვუთხარი ფოტომაღაზიაში, მაგრამ არ დამიჯერეს. არა უშავსო, მითხრა კონსულმა, „ფოტოშოპით“ ადვილად გასწორდებაო. კიდევ კარგი, რომ არსებობს ასეთი საშუალება, თორემ რას ვიზამდი?
მერე დაპატიჟებული ვარ უნივერსიტეტში. ახლა გაეროს კვირაა და დღეს გაეროს სხვადასხვა სააგენტოები მიმართავენ სტუდენტებს. ერთი ნახევარი საათი მაქვს, რომ მათთან ვისაუბრო, ზოგადად, მიგრაციის საკითხებზე. როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევებში, დეტალურად მომზადებული ლექციით არ მივდივარ. ზოგადად ვიცი, რაზე უნდა ვილაპარაკო, მაგრამ მშრალად წაკითხვა ქაღალდიდან არ მიყვარს. აუდიტორიის განწყობა მნიშვნელოვანია და ვცდილობ, წინასწარ გავიგო, რა აინტერესებთ მათ და როგორი მიდგომაა საჭირო. ზოგადად დღევანდელი ახალგაზრდები ჩემში ტოვებენ საკმაოდ ჭკვიან შთაბეჭდილებას, და დღევანდელი დღეც გამონაკლისი არ არის. გამახსენდა ჩემი უნივერსიტეტის ბოლო კურსი, როცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში დავდიოდი ლექტორთან, მოსამზადებელ კურსებზე, მაგრამ მერე რატომღაც თავი დავანებე. დღეს თითქოს მენანება ეს გადაწყვეტილება, ისე მომწონდა ამ ლექციის ჩატარება...
საღამოს ამერიკის ახალი ელჩის რეზიდენციაში ვარ სტუმრად, უამრავ ხალხთან ერთად. მისი ერთ-ერთი აივნიდან კარგად ჩანს მთელი თბილისი, ლამაზად ანთებული და ბედი, რომ კვლავ კარგი ამინდია. დღეს კარგი დღე იყო. კმაყოფილი მივდივარ სახლში და ვაგრძელებ დღიურის წერას.

23 ოქტომბერი, პარასკევი
როგორც ბევრისთვის, პარასკევი ჩემთვისაც ყველაზე საყვარელი დღეა. ვითომდა დღევანდელ დღეს ყველაფერი უფრო ადვილია. რა თქმა უნდა, სინამდვილეში ასე არ არის, მაგრამ თუ კარგ განწყობაზე ხარ, ბუნებრივია, რომ გაგიადვილდება საქმის ბოლომდე მიყვანა. წყნარი დღეა სამსახურში, ზოგიერთი სტუმარი მყავს, ვსაუბრობთ მომავალ გეგმებზე და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან საზღვარგარეთიდან. ბევრი მათგანი მიიღებს გარკვეულ დახმარებას ჩვენი ორგანიზაციისგან და მგონია, რომ ამით კარგ საქმეს ვაკეთებთ.
საღამოს მივდივართ სუფრაზე. ყველაზე პატარა ნათესავის ნათლობაა დღეს და ყველა გახარებულია ამ ღირსშესანიშნავი ფაქტის გამო. მთელი ოჯახით მივდივართ რესტორანში და გვიანობამდე იქ ვართ. ბავშვები არ არიან მიჩვეულნი ასეთ გრაფიკს, საშუალოდ ცხრა საათისათვის იძენებენ, მაგრამ დღეს არანაირი სურვილი არ აქვთ ადრე დაძინებისა.
ქართული სუფრა ნამდვილი ფენომენია! ასეთი რამე არ მინახავს სხვაგან, როგორ მიმდინარეობს მოვლენები და როგორი წესები მოქმედებს ქეიფის დროს. ძალიან ხმამაღლა უკრავს მუსიკა, ბევრი ხალხია და ახალგაზრდობა ერთობა კარგად. ჩვენი წასვლის დროც მოვიდა - ისეთი ახალგაზრდაც აღარა ვარ...

შაბათი 24 ოქტომბერი

ჩვეულებრივ, შაბათობით დავდივართ თბილისის სხვადასხვა საინტერესო ადგილებში: ნარიყალაზე, ბოტანიკურ ბაღში, მთაწმინდის პარკში, კუს ტბაზე და სხვაგან. ოღონდ დღეს, როგორც ბავშვებს შევპირდი, ისინი „მზიურში“ მიმყავს. მათ იქ ძალიან უყვართ სასრიალოზე სრიალი, საკვირაო მეგობრებთან თამაში და მწვანეში სირბილი. დღეს შეზღუდული ვართ დროში, იმიტომ რომ წასასვლელი ვარ სტუდიაში. ბავშვებმა იციან ჩაწერის შესახებ და აინტერესებთ, როგორ მზადდება რადიოგადაცემა. ამიტომაც, ერთად მივდივართ, და მათ ჩემი იმედი აქვთ.
XS
SM
MD
LG