Accessibility links

ბოლო ორი დღეა გორის რაიონის სოფელ ზემო ნიქოზში სროლის ხმა ისმის. ნიქოზელები ამბობენ, რომ ცხინვალიდან ორი დღის წინ გაისმა ყველაზე ხშირი სროლის, შემდეგ კი ძლიერი აფეთქების ხმა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო სახლი აფეთქდა.

ნიქოზის რწმუნებულის გიორგი დევიძის თქმით, სროლა ავტომატური იარაღიდან დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. სროლის შედეგად არავინ დაზარალებულა. დევიძისთვის უცნობია, რა მიზნით ისროდნენ რუსული და ოსური შეიარაღებული დაჯგუფებები ცხინვალში.

ნიქოზელების ერთი ნაწილი მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. სოფელი ცხინვალს ესაზღვრება და გასული წლის აგვისტოს ომის დროს ავიაციის დაბომბვისა და საბრძოლო მოქმედებების დროს სოფელში არაერთი სახლი დაზიანდა. ზოგიერთ სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე არ დასრულებულა.

როგორც ნიქოზის რწმუნებულმა გიორგი დევიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, სოფელში ყველა სახლი აღდგება. მისი თქმით, ფინანსების ჩარიცხვის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG