Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 17 ნოემბერი 2009


მიმოხილვას დავიწყებთ ”24 საათით”, რომელიც დღეს აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით ”ქართველი - მაშასადამე, ევროპელი”. სტატიაში ლაპარაკია „კავკასიის კვლევითი რესურსების“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომლის მიზანიც იყო ქართველების დამოკიდებულების გამოკვეთა ევროკავშირის მიმართ. კვლევის მიხედვით, ქართველებს, ზოგადად, დადებითი დამოკიდებულება აქვთ ევროკავშირისადმი - გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა, ძირითადად, ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ევროკავშირს მშვიდობა და უსაფრთხოება მოაქვს. რესპონდენტთა 25 პროცენტს მიაჩნია, რომ ის ქართულ ღირებულებებს უქმნის საფრთხეს, 20 პროცენტზე ცოტა მეტი კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ახალი იმპერიაა.

”ახალი თაობა” წერს, ინგა გრიგოლიამ შეიძლება ჩუღურეთში იყაროს კენჭიო. გაზეთი წერს, სარწმუნო წყაროებიდან გავიგეთ, რომ ”ქრისტიან-დემოკრატებმა” ჟურნალისტს კენჭისყრა უკვე შესთავაზეს, თუმცა გრიგოლიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიაო. ”გამორიცხული არ არის, რომ ხელისუფლებამ ჩუღურეთის რაიონში არც დააყენოს კანდიდატი და ძირითადი კონკურენცია ოპოზიციურ კანდიდატებს შორის იყოსო”, - წერს ”ახალი თაობა”.

”რეზონანსი” საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე წერს. შეუთანხმებელ საკითხთა მთელ წყებაში გამონაკლისია ცესკოს თავმჯდომარის დანიშნვის საკითხი, რაზეც შეთანხმება თუ არა, დაპირისპირება მაინც არ არსებობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორისო, - იუწყება გაზეთი. ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე დასანიშნად პრეზიდენტი ოპოზიციას სამ კანდიდატს წარუდგენს და ოპოზიცია ამ სამიდან ერთს აარჩევს. - ასეთი ინფორმაცია აქვს ”რეზონანსს”.

”ალია” წერს, უკრაინელმა კოლეგამ საქართველოში შემოსული შესქელებული რძის იმ ლაბორატორიული ანალიზის შედეგები გადმოგვიგზავნა, რომელიც მწარმოებელ ქვეყანაში ჩაატარესო. „ალიას“ ცნობით, რძის ამ ნაწარმის 4 ნიმუშში მცენარეული ცხიმის 90 პროცენტი აღმოაჩინეს, ერთ ნიმუშში კი შაქრის შემცვლელი აცესულფამი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქტის მიცემა 7 წლის ასაკამდე ბავშვებისთვის არ შეიძლებაო - ასეთია, ”ალიას“ ცნობით, ფირმა ”ბილიკის” შესქელებული რძე. ”ალიაშივე” ნახავთ ცხრილს, თუ როგორ უნდა გაარჩიოს კაცმა სეზონური გრიპისგან ეიჩ1ენ1-ის ვირუსი. ეს ცხრილი, გაზეთის ცნობით, აკრედიტებულმა ლაბორატორია ”საუკუნემ“ შეიმუშავა.

დაბოლოს, „საქართველოს რესპუბლიკა“, რომელიც აქვეყნებს მოსაზრებას, სათაურით „ვინ შეიძლება, ჭკუათამყოფელმა, სხვა ქვეყნის პატრიარქი შეურაცხყოს?“ ”პუტინის ლანძღვა ხომ გვადინეს ცხვირიდან ძმრად”, - წერს ავტორი და განაგრძობს: ”ახლა, რა, გვინდა, რაც დარჩა, ისიც გავაუთოებინოთ რუსულ ტანკებს? ვინც გასულ შაბათს ვახო სანაიას სპეცრეპორტაჟს უყურა „იმედზე“, ეს კითხვა გაუჩნდებოდა”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკა”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG