Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რუსთავმა 9 თვის გეგმა ვერ შეასრულა


რუსთავის მერიის შენობა
რუსთავის მერიის შენობა
რუსთავის წლევანდელი ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, შემცირებული პარამეტრებით დაიგეგმა. შედარებისთვის: გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმა, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის გათვალისწინებით, თითქმის 30 მილიონ ლარს უტოლდებოდა, წელს კი ეს მაჩვენებელი 22 მილიონს შეადგენს. მაგრამ, რუსთავის 2009 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის 9 თვის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ბიუჯეტით განსაზღვრულ მთელ რიგ მუხლებში გარღვევა დაფიქსირდა.

ასე მაგალითად, განვლილ პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების დაზუსტებული გეგმა 8 მილიონ 200 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, ფაქტიურმა შემოსავალმა კი 8 მილიონ 750 ათასი ლარი შეადგინა. ანუ შემოსავლით ნაწილში გეგმა 92 პროცენტით შესრულდა.

შესაბამისად, გარღვევა დაფიქსირდა წლევანდელი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიც: თუ დაზუსტებული გეგმა 18 მილიონ 120 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, ფაქტიურმა ხარჯებმა 16 მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 90 პროცენტს შეადგენს.

ამის გამო, მაგალითად, 157 ათასი ლარი დააკლდა სოციალური დაცვის პროგრამებს, 30 ათასი - განათლების სფეროს, თუმცა ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამა თითქმის 100 პროცენტით დაფინანსდა.

ბიუჯეტის შესრულების 9 თვის გეგმა რუსთავის საკრებულოში ჯერ არ განუხილავთ,მაგრამ მისი წინასწარი განხილვა, მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ადგილობრივმა ორგანიზაციამ „რუსთავის სამოქალაქო განვითარების სააგენტომ “ მოაწყო.

ორგანიზაციის ეკონომიკური ექსპერტის ნუგზარ არველაძის განცხადებით, მიმდინარე წლის 9-თვიან პერიოდში დაფიქსირებული საბიუჯეტო გარღვევის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლება მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„ხელისუფლებას ამის საფუძველს ის აძლევს, რომ წლის მეორე ნახევარში მანამდე გაჩერებული ბევრი საწარმო ამუშავდა და, ამის წყალობით, განვლილი თვეების ფინანსურ ჩამორჩენას წლის ბოლომდე დაძლევენ“, - აცხადებს ნუგზარ არველაძე.

რუსთავის საკრებულოში კი ამბობენ, რომ ბიუჯეტის 9 თვის გეგმის შესრულების საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ და ჩავარდნებსა და წარმატებებზე დეტალურად იქ ისაუბრებენ.
  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG