Accessibility links

logo-print
სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები კახეთის რეგიონში დასრულდა. ერთადერთი რაიონი, სადაც ამ პროგრამით დაგეგმილი ზოგიერთი პროექტი ჯერაც არ დაწყებულა, ლაგოდეხია. მაგალითად, გიორგეთის თემში, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, სოფელ ლაფნიანის სარწყავი არხის წმენდა სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები აქ ჯერაც არ დაწყებულა. სამუშაოები არ დაწყებულა ცოდნისკარის თემის სოფელ შეერთებაშიც. ძირითადი პროექტების განხორციელების დროს კი ლაგოდეხში ვადებიც დაირღვა. მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გოზალიშვილი ძირითად მიზეზად უამინდობას ასახელებს.

ვადები მხოლოდ ერთი პროექტის შემთხვევაში დაირღვა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. გამგებელ გიორგი ჩივიაშვილის განმარტებით, სოფელ მელაანში სარწყავი არხის რეაბილიტაციისთვის უფრო მეტი დრო აღმოჩნდა საჭირო, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო.

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების ვადები ყვარლის მუნიციპალიტეტშიც დაირღვა. Y მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამუშაოების დროულად შესრულების ხელის შემშლელ მიზეზად სტიქიას ასახელებენ.

ძირითადი სამუშაოები, რაც სოფლის დახმარების პროგრამის ფარლებში კახეთის ყველა რაიონში შესრულდა, სარწყავი და სანიაღვრე არხების წმენდა, გზების მოხრეშვა, სასმელი წყლის შიდა გზების რეაბილიტაცია, სკვერებისა და სტადიონების მოწყობა იყო. კახეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ის ხარვეზები, რაც პროგრამის მიმდინარეობისას წელს გამოიკვეთა, მომავალში გამოსწორდება და პროექტებიც ვადების დაცვით დასრულდება.
XS
SM
MD
LG