Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ჩინეთი: თანამშრომლობა უთანხმოების მიუხედავად


პეკინი: აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტები
პეკინი: აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტები
პეკინში გამართულ შეხვედრაზე, ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინატო და მისი ამერიკელი სტუმარი, ბარაკ ობამა შეთანხმდნენ, რომ "ერთად იმუშავებენ" მსოფლიოში ყველაზე მწვავე პრობლემების მოსაგვარებლად. მათ შორის არის ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა, ისევე როგორც კლიმატური ცვლილებები. თუმცა, მხარეებს შორის უთანხმოებაც რჩება.

დავიწყოთ ერთსულოვნების გამომწვევი საკითხებით. როგორც პეკინში, ორი პრეზიდენტის მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ითქვა, აშშ და ჩინეთი ირანისაგან მოელიან იმის დემონსტრირებას, რომ მისი ბირთვული პროგრამა „მშვიდობიანი და გამჭვირვალეა“. ამ საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა ბარაკ ობამამ, ორ ქვეყანასა და დანარჩენ პარტნიორებს შორის ერთსულოვნება რჩება. „ირანს აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს, დემონსტრირება მოახდინოს იმისა, რომ მშვიდობიანი მიზნები აქვს, მაგრამ თუ ის არ ისარგებლებს ამ შესაძლებლობით, ეს უშედეგეოდ არ ჩაივლის,“ განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. შედარებით რბილი იყო მისი ჩინელი კოლეგის კომენტარი, რომ ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი „დიალოგით და მოლაპარაკებებით“ უნდა მოგვარდეს.

რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას, რომელიც ასევე იწვევს შეშფოთებას უცხოეთში, ბარაკ ობამამ და ჰუ ძინტაომ განაცხადეს, რომ ორივე მხარე მიწანშეწონილად მიიჩნევს ფხენიანზე ზეწოლას, რათა ის მოლაპარაკების პროცესს დაუბრუნდეს. ჰუ ძინტაოს თქმით, „ორივემ ვთქვით, რომ განვაგრძობთ დიალოგისა და კონსულტაციების მხარდაჭერას, კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული საკითხების მოსაგვარებლად (...) ორი ქვეყანა ითანამშრომლებს სხვა მხარეებთან ერთად კორეის ნახევარკუნძულზე დენუკლეარიზაციის პროცესისა და ექვსმხრივი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად“.

ასეთივე, ზოგადი განცხადებები გაკეთდა აშშ-ისა და ჩინეთის საერთო ინტერესზე ავღანეთსა და პაკისტანში სტაბილურობის მიმართ. კლიმატური ცვლილებების პრობლემასთან დაკავშირებით, გამოითქვა იმედი, რომ მრავალმხრივი, მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნება მიღწეული მომავალი თვის სამიტზე კოპენჰაგენში. აქ უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში სწორედ ჩინეთი და აშშ ლიდერობენ სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების ემისიით, ამდენად მათს პოზიციას განსაკუთრებული წონა ექნება კოპენჰაგენის სამიტზე.

ახლა რაც შეეხება საკითხებს, რომლებიც უთანხმოებას იწვევს. მხარეები, მართალია, მათივე განცხადებით, საჭიროდ მიიჩნევენ ერთად მუშაობას, რათა გლობალური ეკონომიკა ისევ აღმავლობის გზას დაადგეს, მაგრამ აზრთა სხვაობა გამოჩნდა, როცა ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს პროტექციონიზმს - „მის ყოველგვარ გამოხატულებასო“. ასევე ჰუ ძინტაოს განცხადებით, ორმა მხარემ უნდა გააგრძელოს „კონსულტაციები ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში ყველა უთანხმოების მოსაგვარებლად“.

საქმე ის არის, რომ ვაშინგტონმა პეკინის უკმაყოფილება გამოიწვია რამდენიმე ბოლოდროინდელი ზომით, მათ შორის ჩინური წარმოების საბურავების ექსპორტზე ტარიფების გაძვირებით.

თავის მხრივ, აშშ აკრიტიკებს პეკინს ფულად ერთეულ იუანის კურსის ხელოვნური სტაბილიზაციის გამო. პეკინი ხელს უშლის იუანის გაძვირებას, რათა ხელი შეუწყოს ჩინეთიდან ექსპორტს. ობამამ, პეკინში სტუმრობისას, კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის შეშფოთება, თუმცა მიესალმა პეკინის ბოლოდროინდელ განცხადებებს სავალუტო კურსის საკითხზე.

“ჩემთვის სასიხარულო იყო, რომ ჩინეთმა ბოლო განცხადებებში გამოთქვა მზადყოფნა, მიმართოს ზომებს უფრო ბაზარზე ორიენტირებული სავალუტო კურსის მიმართულებით. ჩვენს დისკუსიებში ყურადღება გავამახვილე იმ გარემოებაზე, რომ ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი წვლილი გლბალური ბალანსის აღდეგნისაკენ მიმართულ ძალისხმევაში“, განაცხადა ობამამ.

აშშ-ის პრეზიდენტი შეეხო ტიბეტის საკითხსაც. მან პეკინს მოუწოდა, მალე განაახლოს დიალოგი ტიბეტელების სულიერ ლიდერ დალაი ლამასთან. მას პეკინი სეპარატისტად მიიჩნევს. ადამიანის უფლებების თუ რელიგიური თავისუფლების კუთხით მხარეებს რაიმე გარღვევისთვის არ მიუღწევიათ. ჰუ ძინტაომ ამერიკელ კოლეგასთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთი განაგრძობს მოქმედებას თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით.
XS
SM
MD
LG