Accessibility links

logo-print

უბედურია ქვეყანა, რომელიც გმირების საჭიროებას განიცდის


ტიმოთი გარტონ ეში

ტიმოთი გარტონ ეში

1989 წელს ოქსფორდელი ისტორიკოსი ტიმოთი გარტონ ეში წერდა დემოკრატიული რევოლუციების ტალღაზე, რომელმაც გადაუარა ევროპას. მაშინ გარტონ ეში ამ მოძრაობის მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი მოვლენების უშუალო მომსწრე იყო. ამ დღეებში გარტონ ეში პრაღაში იმყოფებოდა და მან ინტერვიუ მისცა ჩვენს რადიოს.


რადიო თავისუფლება: თქვენ გეკუთვნით სიტყვები, რომ 1989 წლის მსოფლიო ისტორია ჯერ კიდევ დასაწერია. რა არ ვიცით აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მაშინ მომხდარი მოვლენების მნიშვნელობის შესახებ, და რამდენად უქმნის ეს საფრთხეს დემოკრატიას დღეს?

გარტონ ეში: არა მგონია, ძალიან ბევრი რამ არ ვიცოდეთ გორბაჩოვის პოლიტიკის შესახებ. უამრავი რამ არ არის აღწერილი ცენტრალური და ახმოსავლეთ ევროპის მასობრივი მოძრაობების, სოციალური მოძრაობების დინამიკასთან დაკავშირებით. რაც არ გაგვიკეთებია ისაა, რომ არ მოგვიყრია ყველაფრისთვის თავი, არ გაგვიკეთებია სინთეზი. ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ გასაკეთებელია.

არა მგონია, ამან დიდი პრობლემა შეგვიქმნას უახლოესი 20 წლის განმავლობაში. მაგრამ ვფიქრობ, დიდი პრობლემაა ის, რომ 1989 წლის ხსოვნა გაყოფილი, ამბივალენტური და სუსტია. გაყოფილია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ამბივალენტურია თვით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც კი. ის საკმაოდ სუსტია ახალ თაობაში. და თუ არ იცი, საიდან მოდიხარ და როგორი იყო ვითარება წარსულში, მაშინ პრობლემა შეგექმნება.


რადიო თავისუფლება:
ჩეხოსლოვაკიის ხავერდოვანი რევოლუციის შესახებ თქვენ წერთ, რომ ესაა მშვიდობიანი რევოლუციის მოდელი. უკანასკნელ ხანებში ბევრი ითქვა იმ საფრთხეზე, რასაც უქმნის დემოკრატიულ ცვლილებებს საზოგადოების ინდიფერენტიზმი და პოლიტიკური გამბედაობის დეფიციტი. მაგრამ რას იტყვით პოლიტიკური ფიგურების დეფიციტზე? სად არიან დღეს საქართველოსა და უკრაინის ვაცლავ ჰაველები? რაიმე განსაკუთრებული დრო ხომ არ არის საჭირო მათი ფორმირებისთვის?

გარტონ ეში: ხომ გახსოვთ ცნობილი დიალოგი ბერტოლტ ბრეხტის „გალილეოში“? გალილეოს იმედგაცრუებული მოწაფე ამბობს, „უბედურია ქვეყანა, რომელსაც გმირები არა ჰყავს“. გალილეო კი მიუგებს: „უბედურია ქვეყანა, რომელიც გმირების საჭიროებას განიცდის.“

დიახ, უბედურია ქვეყანა, რომელიც გმირების საჭიროებას განიცდის. ნორმალურ ქვეყანას ყოველდღე არ სჭირდება გმირები. თუმცა აშკარაა, რომ პოლიტიკური კლასის სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე ჩეხეთის რესპუბლიკასა და ევროპის სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში. პრობლემაა კორუფცია, პრობლემაა მეწვრილმანეობა. და საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ეს ადამიანები მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის არიან პოლიტიკაში. ჩემი აზრით, ეს იქცევა ნამდვილ კიბოდ პოსტკომუნისტური დემოკრატიებისთვის.

რადიო თავისუფლება: 1989 წლის მნიშვნელობის თაობაზე მიმდინარე დისკუსიებში მრავალგვარი უთანმხოება არსებობს. მაგრამ ყველაზე უფრო გავრცელებული მოსაზრებაა, რომ დღეს რუსეთი ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ევროპის თავისუფლებისთვის. თუ ეს ასეა, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საფრთხის ნაწილს წარმოადგენს დასავლეთის უუნარობა, ჩაწვდეს რუსულ ავტორიტარიზმს, როგორც ლიბერალიზმის ანტითეზას?

გარტონ ეში: არ ვფიქრობ, რომ დღეს რუსეთია მთავარი საფრთხე ევროპის თავისუფებისთვის. ეს ნამდვილად არ მჯერა. მაგრამ რუსეთი უზარმაზარი გამოწვევაა. ვინაიდან მას აშკარად მოეპოვება სისტემა, რომელიც თავს დემოკრატიად გვაჩვენებს, მაგრამ სინამდვილეში ავტორიტარული კაპიტალიზმის ვარიანტია. თანაც მის ხელთაა ნავთობითა და გაზით ევროპის ბევრი ქვეყნის მომარაგება. ეს გამოწვევაა ჩვენთვის.

ჩემი აზრით, უფრო ფართო სურათი - პირველად 1989 წლის შემდეგ - ისე გამოიყურება, რომ დემოკრატიულ კაპიტალიზმს ძალიან სერიოზული კონკურენტი ჰყავს. ეს გახლავთ ავტორიტარული კაპიტალიზმის რუსული და ჩინური ვერსიები. ის არ იზიდავს ხალხს დასავლეთში, მაგრამ მიმზიდველია მრავალი ადამიანისთვის განვითარებად ქვეყნებში. ასე რომ, მე ვიტყოდი, პირველად 20 წლის მანძილზე სერიოზული კონკურენტი გვყავს.

რადიო თავისუფლება:
ვაცლავ ჰაველმა და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვა პოლიტიკოსებმა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გააკრიტიკეს ახლახან დალაი ლამასთან შეხვედრაზე უარისთვის. მათი აზრით, ვაშინგტონის მისწრაფებამ, ურთიერთობები გააუმჯობესოს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ჩინეთი და რუსეთი, შეიძლება საფრთხე შეუქმნას მისი მოკავშირეების ინტერესებს და დასავლურ ლიბერალიზმს ზოგადად. მაგრამ თქვენ წერთ, რომ ავტორიტარულ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გრძელვადიანი არაპირდაპირი მხარდაჭერა უფრო ეფექტიანია, ვიდრე პირდაპირი მოკლევადიანი დახმარება. როგორ ფიქრობთ, ობამას ადმინისტრაციის კრიტიკა არასწორია? თუ ასეა, რა არის, თქვენი აზრით, ვაშინგტონის სტრატეგია?

გარტონ ეში: ობამას ადმინისტრაციამ ბევრს გაუცრუა იმედი იმით, რომ ის ერთობ რეალისტი აღმოჩნდა. მისი პრიორიტეტები პირველ რიგში არის უსაფრთხოება, მეორე რიგში განვითარება, და სადღაც მესამე რიგში დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ეს გახლავთ ობამას ადმინისტრაციის შესახებ ძირითადი თვალსაზრისი და, ჩემი აზრით, თუკი ბუშის ადმინისტრაცია დემოკრატიას უწყობდა ხელს, მაგრამ სახელი გაუტეხა მას ერაყში ინტერვენციით, ახლა ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ შეიძლება საპირისპირო მიმართულებით წავიდეთ - ძალზე ცოტა გავაკეთოთ.

ფართო პერსპექტივით, და ეს დიდი ისტორიული პერსპექტივა გახლავთ, თუკი მართლაც ვისწავლეთ 1989 წლის გაკვეთილები, ეს უნდა ვაჩვენოთ არა იმით, თუ როგორ ვიხსენებთ წარსულს, არა ნოსტალგიით, არა იმის ზეიმით, როგორ იქნა მოპოვებული თავისუფლება 20 წლის წინათ, არამედ ჩვენი ურთიერთობით იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ არიან თავისუფალი. და ჩინეთთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, დიდი გამოცდაა.
XS
SM
MD
LG