Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატიის ინსტრუქციები ამერიკულად


თინა კაიდანაუ (მარჯვნივ), მაიკლ პოზნერი და ჯონ ბასი (მარცხნივ)
თინა კაიდანაუ (მარჯვნივ), მაიკლ პოზნერი და ჯონ ბასი (მარცხნივ)
დღეს დილიდან ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის სამუშაო ჯგუფი საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში. შეხვედრები ამერიკის საელჩოში დაიწყო და მთავრობის კანცელარიაში შემაჯამებელი ბრიფინგით დასრულდა.

ადგილობრივი არჩევნები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა, სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი, მედიის მრავალფეროვნება და თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება - ეს არის ის საკითხები, რომლებიც 17 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის სამუშაო ჯგუფმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს განიხილა.

უწყებათაშორის ჯგუფს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში მაიკლ პოზნერი ხელმძღვანელობდა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში დაწყებული შეხვედრები მთავრობის კანცელარიაში შემაჯამებელი ბრიფინგით დასრულდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეერთებული შტატები იყო გამორჩეული პარტნიორი, რომელიც დემოკრატიის ასაშენებლად გვჭირდებოდა, - განაცხადა საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ პრესკონფერენციაზე.

მაიკლ პოზნერმა დადებითად შეაფასა მთელი დღის განმავლობაში გამართული შეხვედრები და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგი გაიმართა: ”ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო პროცესზე, გაზაფხულზე დანიშნული ადგილობრივი არჩევნების შესახებ, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, კანონის უზენაესობის საკითხებსა და ასევე სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგას წინ, მაგალითად, მედიამრავალფეროვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების საკითხებში.”

პოზნერის თქმით, ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მედიასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამერიკულმა მხარემ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ გაზაფხულზე დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოში უნდა შეიქმნას თანასწორი სამოქმედო ველი, რომლის მთავარი ელემენტი მედიის მიერ მრავალფეროვანი აზრის წარმოჩენაა.

შოტა უტიაშვილი (მარცხნივ), გიორგი ბოკერია და თინათინ ბურჯალიანი
რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული დემოკრატიის განვითარებისათვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ ორი მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო: პირველი - პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეების ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობის დამკვიდრება და მეორე - ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება.

აშშ-ის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრები საქართველოს სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. როგორც გაზეთ ”რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, მხარეებს შორის საკმაოდ ღია და გახსნილი საუბარი შედგა. შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც მედიის, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით მიმდინარე საკითხებზე. ლაშა ტუღუშის განცხადებით, ამერიკული მხარე საკმაოდ ბევრ საკითხში იყო ინფორმირებული და ისინი საკმაოდ კარგად იყვნენ მომზადებულნი.

მეორე შეხვედრა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში 12 საათზე დაიწყო, ზუსტად ორ საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია.

შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის წარმომადგენლები ერთსულოვნად აღნიშნავდნენ, რომ შეხვედრამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა.

“ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამერიკული მხარისგან ოპოზიციამ მიიღო მხარდაჭერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოლაპარაკებებში ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციებს შორის კონსენსუსის ძიებას მხარს დაუჭერს.

როგორც მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან გაჩეჩილაძემ, შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ამერიკული მხარე ქართული დემოკრატიის კონკრეტული ხარვეზებით დაინტერესდა. „საუბარი შეეხო მედიის პრობლემებს, საკანონმდებლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს, პოლიციის დეპოლიტიზაციას. ძალიან ყურადღებით ისმენდნენ, იწერდნენ და სერიოზულ რეაგირებას იძლეოდნენ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია”, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პოლიტპატიმრებისა და მათი გათავისუფლების საკითხებს. თუმცა, როგორც რამდენიმე სააათის შემდეგ მთავრობის კანცელარიაში საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ პოლიტპატიმრების შესახებ ”ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ეს არ შეიძლება სერიოზული განხილვის საკითხად იქცეს: ”მე გულწრფელად მჯერა, რომ საქართველოში ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი არ შეიძლება სერიოზულად განიხილებოდეს, რადგან რეალურად საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.”

გრიგოლ ვაშაძე (მარცხნივ) და კონდოლიზა რაისი ხელს აწერენ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას 2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი, რომელიც არასავალდებულო, დეკლარაციული ხასიათისაა, ორ სახელმწიფოს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.
XS
SM
MD
LG