Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირ-რუსეთის სამიტს შედეგი არ მოჰყოლია


შვეციის პრემიერ-მინისტრი რეინფელდტი და რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი სტოკჰოლმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე
შვეციის პრემიერ-მინისტრი რეინფელდტი და რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი სტოკჰოლმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე
სტოკჰოლმში 18 ნოემბერს გამართული ევროკავშირ-რუსეთის სამიტი ორმხრივ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი გარღვევის გარეშე დასრულდა. ევროკავშირს კვლავ სურს რუსეთს ეკონომიკისა და ენერგეტიკის სექტორის რეფორმისკენ უბიძგოს. რუსეთი, თავის მხრივ, უშედეგოდ ცდილობს ევროკავშირი თავისი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე დაითანხმოს. ორ მხარეს განსაკუთრებული უთანხმოება აქვს ადამიანის უფლებების დაცვის, და საქართველოს საკითხების ირგვლივ. თუმცა, უთანხმოების მიუხედავად, სამიტზე ორივე მხარის წარმომადგენლები ხაზგასმით აცხადებდნენ, რომ ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობა თავისთავად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ, სამიტის შემდეგ თქვა, ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო, რომელიც გვქონიაო. ეს განცხადება ბევრს უცნაურად მოეჩვენა, ვინაიდან ოთხ საათზე დიდხანს გაგრძელებულ მოლაპარაკებას ხელშესახები შედეგი არც ერთ სფეროში არ მოუტანია.

მაგრამ ევროკავშირის ლიდერებმა და ნაწილობრივ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გამოთქვეს იმედი, რომ ორი მხარის ურთიერთობაში - რომელსაც ბოლო წლებში დაღმასვლა ახასიათებდა - ახლა დათბობა შეინიშნება.

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, შვეციის პრემიერ-მინისტრმა ფრედრიკ რეინფელდტმა სამიტის შემდეგ განაცხადა, ევროკავშირს და რუსეთს სტრაგეტიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც ნდობის და გამჭვირვალობის პრინციპებს ეფუძნებაო.

თუმცა რეინფელდტს ამ ოპტიმისტური განცხადებიდან მალევე მოუწია საუბარი ორი მხარის ურთიერთობაში არსებულ უთანხმოებაზეც - რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ განსაკუთრებით გამწვავდა:

„დიახ, ხანდახან ჩვენ აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს. ვფიქრობ, მოლაპარაკებისას ჩვენი შეხედულებები უმეტესად ემთხვევა ხოლმე - თუმცა ხანდახან უთანხმოებაც გვაქვს. მაგრამ ეს არ არის საკმარისი მიზეზი, რომ შეხვედრები არ გავმართოთ. პირიქით - სწორედ ეს გვაძლევს შეხვედრის საფუძველს. ამისთვის გვჭირდება დისკუსიები. ეს არის ერთმანეთთან შეხვედრის თანამედროვე ფორმაო,“ განაცხადა რეინფელდტმა.

როგორც ვთქვით, სამიტს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი შედეგი არ მოუტანია. რუსეთს, მაგალითად, მყარი გარანტია არ მიუცია, რომ გასულ იანვარში მომხდარი რუსული გაზის მიწოდების შეფერხება არ განმეორდება. თუმცა ენერგეტიკის სფეროში თანამშრობლობა მაინც ის საკითხია, რომლის ირგვლივაც ორი მხარე ყველაზე მყარად თანხმდება. როგორც მედვედევმა განაცხადა, ამ სფეროში მხარეები „საჭიროების გამო“ არიან ერთმანეთის პარტნიორები - რუსეთი ევროკავშირის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, ევროკავშირი კი რუსეთისთვის ყველაზე მსხვილ მყიდველს წარმოადგენს.

თუმცა რუსეთი კვლავ ცდილობს თავი აარიდოს ევროკავშირის მცდელობას, ეს ურთიერთობა მხოლოდ კომერციულ ფაქტორებს დაეფუძნოს. ბრიუსელს სურს, ეს მოხდეს ევროკავშირსა და რუსეთს შორის პარტნიორობის ახალი შეთანხმების ფარგლებში, რომლის ირგვლივაც ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება. ამის ნაცვლად, მედვედევი 18 ნოემბრის სამიტზე კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით, ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საერთაშორისო იურიდიული საფუძველი შეიქმნასო. კონკრეტულად რას ითვალისწინებს რუსეთის ეს წინადადება ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის კვლავ დიდწილად გაუგებრად რჩება.

რუსეთი ფაქტობრივად არ გამოხმაურებია ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, დემოკრატიული რეფორმები, და საქართველოს სეპარატისტული რეგიონების სამომავლო სტატუსი - რეგიონების, რომლებსაც ის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს. ამ თემების ირგვლივ ის ზოგად, ბუნდოვან გამოხმაურებას დასჯერდა.

საკითხი, რომელზეც რუსეთის მხარემ მეტნაკლებად აქტიურად ისაუბრა, კლიმატის ცვლილებებია - განაცხადა, რომ სათბური გაზების ემისიის შემცირებაზე იმუშავებს. თუმცა კონკრეტული ვადები არც ამ შემთხვევაში დასახელებულა.

თავის მხრივ, ისევე როგორც გასულ წლებში, რუსეთმა ამ სამიტზეც დააყენა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი - თუმცა რუსეთის ამ მცდელობას ჯერჯერობით შედეგი არ მოაქვს.

საბოლოო ანგარიშით, სამიტის შემდეგ ორივე მხარე კმაყოფილი ჩანდა - რომ სირთულეების მიუხედავად ურთიერთობა კვლავ შენარჩუნებულია.

პრეს-კონფერენციის მსვლელობისას მედვედევს დაუსვეს კითხვა, რას ფიქრობს ის შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის განცხადებაზე - რომ საქართველოში მოსკოვის ქმედებები მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ ნაცისტური გერმანიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ჩამოჰგავდა.

მედვედევის პასუხი რეინფელდტის განცხადების მსგავსი იყო. ისევე, როგორც შვეციის პრემიერ-მინისტრმა, რუსეთის პრეზიდენტმაც ხაზი დიალოგის აუცილებლობას გაუსვა:

„გამარჯვებულები ისინი არიან, ვინც სირთულეების მიუხედავად ურთიერთობის განვითარებას მაინც ესწრაფვიან, ამ კავშირებისთვის დამატებითი დინამიზმის მინიჭება სურთ, და ვფიქრობ დღეს სტოკჰოლმში ჩვენი ვიზიტის, და შვეციის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებისას ამას მივაღწიეთო “ - თქვა მედვედევმა.

შესაძლოა სწორედ ამგვარი კონსტრუქციული სულისკვეთების გამო, მედვედევმა უპასუხოდ დატოვა რეინფელდტის შენიშვნა, რომ რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა - და განსაკუთრებით უფლებადამცველების წინააღმდეგ გატარებული რეპრესიები - ევროკავშირს მზარდი შეშფოთების საფუძველს უქმნის.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG