Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფლება


ამას წინათ, ძველ გაზეთებში ქექვისას წავაწყდი საკუთარ სტატიას, რომელიც სრულიად დავიწყებული მქონდა. ამ არაფრით გამორჩეულ, მოსაწყენ სტატიას ერთადერთი ღირსება - რის გამოც მის ბლოგზე დადება გადავწყვიტე - ის გააჩნია, რომ რადიო “თავისუფლებას” ეხება.

წერილი დაწერილია 15 წლის წინ, 1994 წლის გაზაფხულზე. მაშინ “თავისუფლება” ჯერ კიდევ მიუნხენიდან მაუწყებლობდა. თბილისში ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი ქართული სამსახურის ბიურო.

ევროპაში სოციალისტური სისტემის რღვევა რადიოს მუშაობაზეც აისახა. მაუწყებლობა უნგრეთზე უკვე შეწყვეტილი იყო. რიგში სხვა ქვეყნებიც იდგნენ. რადიოს მკვეთრად შეუმცირდა დაფინანსება თავის დროზე ჩვენთან ის აღიქმებოდა კომუნისტური ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ კაპიტალისტური ცხოვრების წესის პროპაგანდად. მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, “თავისუფლებამ” თითქოს დაკარგა ფუნქცია.

მაგრამ, მეორეს მხრივ, საქართველოში არ იყო განვითარებული ინტერნეტი და საკაბელო ტელევიზია, არ არსებობდა FM რადოსადგურები. სამაგიეროდ არსებობდა სიდუხჭირე, კუპონი, ენერგოკრიზისი და ინფორმაციის დეფიციტი. ეს ყველაფერი იგრძნობა სტატიაში, რომელიც დაიწერა იმისთვის, რომ საქართველოს რეალურად სჭირდებოდა “თავისუფლება”.

რადიოსთან ჩემი ურთიერთობა ადრე ბავშვობიდან დაიწყო. ახლაც გუშინდელივით მახსოვს, როგორ ველოდებოდი ე. წ. ქსელის რადიოთი ზუსტი დროის სიგნალებს, თუმცა საათის ცნობა არ ვიცოდი.

შემდგომი ეტაპი იყო საფეხბურთო რეპორტაჟები თბილისის “დინამოს” გასვლითი მატჩებიდან, მაგრამ მალე ტელევიზიამ ეს საკითხი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მეც დროებით მივივიწყე რადიო.

რადიოსადმი ინტერესი კვლავ გაღვივდა, როცა ჩვენში მასობრივად შემოიჭრა ტრანზისტორული მიმღებები. ტრანზისტორების რეკლამას არ შევუდგები, მხოლოდ მის ორ უდიდეს პლიუსს შეგახსენებთ: მისი ექსპლოატაცია შეიძლება ელექტროდენის გარეშე, ბატარეებით და რაც მთავარია -ტრანზისტორით შეიძლებოდა მიგვეღო “თავისუფალი ხმები”: “გერმანული ტალღა”, “თავისუფლება”, “ამერიკის ხმა”, BBC და სხვა ნაკლებ მნიშვნელოვანი სადგურები.

“პერესტროიკის” შემდეგ, როდესაც რადიოსადგურების ჩახშობა შეწყვიტეს, აღმოჩნდა, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, მოსასმენი თითქმის არაფერი იყო. საქმე იმაშია, რომ ის რადიოსადგურები ყოველთვის ზედმეტი პოლიტიზირებულობით გამოირჩეოდნენ. საბჭოთა კავშირმა კი, სწორედ “პერესტროიკით” დაიწყო დემოკრატიასთან თამაში, რაც ძირითადად იმით გამოიხატა, რომ შედარებით შესუსტდა ცენზურა საინფორმაციო საშუალებებზე. ტელეპროგრამა “ВРЕМЯ”-ს ახალი ამბები თითქმის არაფრით ჩამორჩებოდა “ამერიკის ხმის” ინფორმაციებს. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირმა შედარებით გახსნა საზღვრები და ხალხმა მოგზაურობა დაიწყო, რის გამოც ყოველგვარი აზრი დაკარგა რადიოთი დასავლეთის სამოთხის, დასავლური ცხოვრების წესის პროპაგანდამ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თავისუფლების ხმებმა თითქოს ფუნქცია დაკარგა. მაგრამ ეს ერთი შეხედვით. დასავლეთის რადიოსადგურების ქართულ სამსახურებს აქვთ ერთი ამოუწურავი, შედარებით უყურადღებოდ მიტოვებული წყარო – კულტურა. ცხადია, პოლიტიკას არ უარვყოფ, მაგრამ რადიოსადგურებმა ოდნავ რომ გადააადგილონ აქცენტები და მეტი ყურადღება დაუთმონ კულტურის გაშუქებას, მსმენელთა რიცხვი საქართველოში გაიზრდება. მიიჩნიეთ ეს ერთი ჩვეულებრივი მსმენელის სურვილად, რომელსაც ზურგს უმაგრებს სხვადასხვა თაობის რადიომსმენელების აზრი.

მე, როგორც როკით გატაცებული, ყოველთვის სიამოვნებით ვუსმენდი BBC-ის წამყვანების, სემ ჯონსის და უპოპულარესი სევა ნოვგოროდცევის პროგრამებს. ერთი იყო მხოლოდ საწყენი – მსგავსი ტიპის გადაცემები ქართულ ენაზე არ იყო. მაგრამ, ამ ბოლო ხანს, ამ მხრივაც იგრძნობა პატარა ცვლილებები. 1994 წლის იანვრიდან რადიო “თავისუფლების” ქართულმა რედაქციამ დაიწყო ყოველკვირეული 15-წუთიანი პროგრამის – “ახალგაზრდული კალეიდოსკოპის” გადაცემა. ამ ინფორმაციულად ტევადი და გემოვნებით შედგენილი პროგრამების ავტორსვე ეკუთვნის გადაცემის მუსიკალური ქუდები.

პირველ ყოვლისა, ეს პროგრამები ყოველთვის წმინდა მუსიკალურ სახეს არ ატარებს. ავტორი თავის გადაცემებში გვიხატავს იმ საზოგადოებრივ სოციალურ-კულტურული ცხოვრების ფონს, რომელშიც ახლა იმყოფება. შობის ტრადიციები, ჰოლანდიური პაბები, მიუნხენის ისტორია და სხვა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შესაბამისი მუსიკალური ფონით: ევროპული საშობაო სიმღერები, მუსიკა, რომელიც ისმის პაბებში, გერმანული სიმღერები. იყო გადაცემები კლასიკურ მუსიკაზე, ახალი ფილმების მიმოხილვა, კინო-მუსიკა, გადაცემები ტოპ-მოდელებზე, “ბითლზის” ვარცხნილობის ისტორიაზე და სხვა მრავალი, ყველას ვერ ჩამოვთვლი.

მაგრამ განსაკუთრებულ ინტერესს როკ-პროგრამები იწვევს. თბილისელ წამყვანებთან შედარებით, კალეიდოსკოპის ავტორს გარკვეული უპირატესობა აქვს: იგი ათი წელი მუშაობდა როკ-ჯგუფში და რაც მთავარია, ხელი მიუწვდება პირველად ინფორმაციასთან. სულ უკანასკნელი ცნობები დასავლეთის როკ-ცხოვრებიდან, ხოლო მუსიკა – ყველაფერი დაწყებული “ბითლზის” ადრეული უიშვიათესი ჩანაწერებიდან, დამთავრებული Nirvana-ს უკანასკნელი სიმღერებით. აქ აზრი არ აქვს გადაცემების ანალიზს – ისინი უნდა მოისმინო და თავად დარწმუნდე იმ ეფექტში, რომელსაც ფურცლიდან ვერ გადმოსცემ.

ერთი სიტყვით, თუ უკვე მოგბეზრდათ ჩვენი ტელევიზიით ნაჩვენები “სანტა მარიები” და ჩაშაქრულ-სისხლიანი ამერიკული ფილმები, ანდა თუ ჯერ კიდევ ეჭვობთ, რომ კარგ მუსიკას არ სჭირდება MTV-სეული კოსმეტიკა, მაშინ შაბათ საღამოს, თორმეტს რომ 15 წუთი დააკლდება, მიუჯექით ძველ, კეთილ რადიომიმღებს და მოისმინეთ “თავისუფლების” პროგრამა “ახალგაზრდული კალეიდოსკოპი”.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG