Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა თქვა აპატურაიმ და რა მოხდება დეკემბერში?!


ჯეიმს აპატურაი, ნატო-ს სპიკერი
ჯეიმს აპატურაი, ნატო-ს სპიკერი
19 ნოემბერს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ ”ნატო საქართველოსა და უკრაინისთვის მეპის მინიჭების საკითხს დეკემბერში ბრიუსელში განიხილავს.” ამ შინაარსის ინფორმაცია, რომელიც თითქოსდა ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის სიტყვებს ეყრდნობოდა, საქართველოს მედია საშუალებებშიც გამოჩნდა. რადიო თავისუფლებამ კი გაარკვია, რომ ყოველკვირეული ბრიფინგის ფარგლებში ჯეიმს აპატურაიმ 18 ნოემბერს საქართველო მართლაც არაერთხელ ახსენა, მაგრამ განსხვავებულ კონტექსტში.

შეკითხვა, რომელიც ყოველკვირეულ ბრიფინგზე ნატოს სპიკერს დაუსვეს ასე ჟღერდა: ”როდის არის მოსალოდნელი იმ პროგრესის შემდგომი შეფასება, რომელსაც უკრაინამ და საქართველომ მიაღწიეს მეპთან მიმართებით?”

ჯეიმს აპატურაის პასუხი კი ასეთი იყო: ”მოველი, რომ გაიმართება ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის კომისიების შეხვედრები დეკემბრის დასაწყისში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, სადაც, რა თქმა უნდა, ყველა საკითხი იქნება განხილული.”

როგორც ვხედავთ, ნატოს ოფიციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი მხოლოდ მიღწევების შეფასების მოსალოდნელობაზე საუბრობს, რაც ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის ფარგლებში ისედაც ბუნებრივად მოსალოდნელია. აპატურაის არ უთქვამს, რომ დეკემბერში, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე ალიანსი ”საქართველოსა და უკრაინისთვის მეპის მინიჭების საკითხს განიხილავს”. თუმცა ეს იმედგაცრუების მიზეზს არ უნდა წარმოადგენდეს თბილისისთვის, რომელიც მეპის მოლოდინზე უკვე კარგა ხანია აღარ საუბრობს და რომელიც დარწმუნებულია, რომ მეპი საქართველოსთვის ნატო-საქართველოს კომისიის ამოქმედებამ და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის სისტემამ ჩაანაცვლა. სხვა საკითხია, რომ ჟურნალისტის პასუხად, ნატოს ოფიციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის 18 ნოემბერს ამგვარი განმარტება არ გაუკეთებია.

მეპის მოლოდინთან დაკავშირებულ ინფორმაციას ვერც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ იმ განცხადებაში ვპოულობთ, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიის 18 ნოემბერს ბრიუსელში გამართული სხდომის შედეგებს ეძღვნება. სხდომას, რომელზეც საქართველოს მიერ ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შესრულება ფასდებოდა, ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თავმჯდომარეობდა. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ ვიცე-პრემიერმინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ბოკერია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ელჩი გრიგოლ მგალობლიშვილი.

საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაო ამჯერად ელჩების დონეზე შეფასდა. ქართული მხარე იტყობინება, რომ შეფასება ძირითადად დადებითი იყო და ამას ჩვენს მიერ უკვე ხსენებულ ბრიფინგზე ჯეიმს აპატურაიც ადასტურებს: ”შეფასების არსი იყო ის, რომ საქართველომ პროგრესს ბევრ სფეროში მიაღწია. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურის მრავალმხრივი გადახედვის წარმატებული დასაწყისი; ასევე დიალოგი საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ელჩებს ძირითადად დადებითი შეფასება ჰქონდათ, თუმცა აღინიშნა შემდგომი პროგრესის საჭიროება, რასაც ნატო შეუწყობს ხელს.”

დაახლოებით 40-წუთიანი პრეს-ბრიფინგზე 18 ნოემბერს ჯეიმს აპატურაიმ საქართველო კიდევ არაერთხელ ახსენა. მან თქვა, რომ ნატო შეშფოთებულია საქართველოს რეგიონებთან აფხაზეთთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული ”რთული” სიტუაციისა და საქართველოს მოქალაქეების გატაცების გამო და მოუწოდებს მხარეებს ყველაფერი გააკეთონ ვითარების განსამუხტად. ასევე აღინიშნა მადლიერება იმ ფაქტის გამო, რომ საქართველომ უკვე გაგზავნა დაახლოებით 170-კაციანი სამშვიდობო ასეული ავღანეთში და რამდენიმე თვეში კიდევ დაახლოებით 800-ს სამხედროს გაგზავნის ყველაზე სახიფათო სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG