Accessibility links

logo-print

"ჩვეულებრივი ამბოხის" არაჩვეულებრივი მოწმე


თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომა

ორ თვეზე მეტია, თბილისის საქალაქო სასამართლო მუხროვანის ამბოხის საქმეს განიხილავს. 19 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა გიორგი ზირაქიშვილმა განაცხადა, რომ განსასჯელები ოთანაძე და ამირიძე ცდილობდნენ სამხედრო ნაწილების მიმხრობას და შეიარაღებული ამბოხის მოწყობას. სხდომის მსვლელობისას ბრალდების მხარემ და გენერალ კობა კობალაძის ადვოკატებმა მოსამართლე ჯემალ კოპალიანს შუამდგომლობებით მიმართეს.

გიორგი ზირაქიშვილს გამოძიებისთვის ჩვენება აქამდეც ჰქონდა მიცემული, თუმცა, როგორც თავად განმარტა, საპროცესო გარიგების გაფორმებისა და მოსალოდნელი სასჯელის თავიდან აცილების მიზნით, უფრო ვრცელი ჩვენების მიცემა გადაწყვიტა. მოწმის მტკიცებით, 2009 წლის 4 მაისს განსასჯელები კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე საკუთარი ავტომობილით ხაშურში ჩაიყვანა, სადაც ისინი მესამე ბრიგადის ყოფილ მეთაურს, განსასჯელ კახა კობაიძეს შეხვდნენ. ზირაქიშვილის თქმით, ოთანაძემ და ამირიძემ კობაიძეს ამბოხში მხარდაჭერა სთხოვეს, რის შემდეგაც უკან, მუხროვანის სამხედრო ნაწილში, დაბრუნდნენ. დაკითხვისას პროკურორის შეკითხვას, რა მზადდებოდა მუხროვანშიო, მოწმემ უპასუხა: „ამბოხი, ჩვეულებრივი ამბოხიო.“

გიორგი ზირაქიშვილის ჩვენების პასუხად, განსასჯელმა კობა ოთანაძემ განაცხადა, რომ კახა კობაიძეს საერთოდ არ იცნობდა და რომ მესამე ბრიგადის ყოფილი მეთაური სასამართლო პროცესის დაწყების შემდეგ გაიცნო. მოწმის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანეს განსასჯელების ადვოკატებმაც. ლედი ჩაგელიშვილის თქმით, პროკურატურა გიორგი ზირაქიშვილის საშუალებით მტკიცებულების შექმნას ცდილობს:

„დარწმუნებული ვარ, რომ მოწმე იყო ზეწოლის ქვეშ, იყო ბრალდების მხრიდან დამუშავებული და, პლუს ამას, მისცა სასამართლოზე არასწორი, მოგონილი ჩვენება. ფაქტიურად არ არსებობდა ის შეხვედრა, რომელიც მოწმემ აღწერა.“

მოწმის ქცევა საეჭვოდ მიიჩნიეს სხვა ადვოკატებმაც. მათი თქმით, გიორგი ზირაქიშვილი ტოვებდა შეშინებული ადამიანის შთაბეჭდილებას - ადამიანისა, რომელსაც უჭირდა ლაპარაკი და ვერ აცნობიერებდა, რა სტატუსით იმყოფებოდა სასამართლო დარბაზში. მოწმეს, მართლაც, უკანკალებდა და უწყდებოდა ხმა, ხშირ შემთხვევაში კი, საერთოდ ვერ ხერხდებოდა მისი მეტყველების აღქმა. გიორგი ზირაქიშვილის განმეორებითი დაკითხვა კანონის დარღვევად მიაჩნია განსასჯელ კობა კობალაძის ადვოკატს გელა ნიკოლაიშვილსაც, რომელმაც საჭიროდ არ ჩათვალა ბრალდების მოწმისთვის დამატებითი კითხვების დასმა. საკითხავია, რატომ?

გელა ნიკოლაიშვილი: „კანონის დარღვევაა, როცა ერთხელ უკვე დაკითხულ მოწმეს მეორედ დაკითხავენ. არც ერთი მუხლი არ მიუთითებს ამის შესაძლებლობას. იმის გამო, რომ კანონის დარღვევით მოყვანილი მოწმეა, ამიტომ დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული. გარდა ამისა, ვშიშობდით, რომ კობა კობალაძის წინააღმდეგ ათქმევინებდნენ რამეს, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. ამის გამო აღარ დავუსვით კითხვა.“

სამაგიეროდ, კობა კობალაძის ადვოკატებმა მოსამართლე ჯემალ კოპალიანს შუამდგომლობით მიმართეს. გელა ნიკოლაიშვილის თქმით, გენერალ კობალაძეს სახელმწიფო ბრალდება, ამბოხის გარდა, აგვისტოს ომის დროს აღებული იარაღის ნაწილის მითვისების გამოც ედავება:

„არსებობს დოკუმენტი, როცა მოხალისედ წავიდა ცხინვალის ომში, აიღო იარაღი, მჭიდები და ეკიპირება, რომელიც მოგვიანებით უკან ჩააბარა. სასამართლოზე ბრალდებამ განაცხადა, რომ დააბრუნა იარაღი, მაგრამ მჭიდები დაიტოვაო, თუმცა დაცვას ხელთ აქვს დოკუმენტი, რომლიდანაც ჩანს, რომ იარაღი ჩაბარებულია თავისი მჭიდებით. ამის გამო ვითხოვდით იმ ადამიანების მოყვანას პროცესზე, რომელთა ხელმოწერები არის ჩაბარების აქტზე, მაგრამ მოსამართლემ ჩვენი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.“

გელა ნიკოლაიშვილის ამ შუამდგომლობისგან განსხვავებით, მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და იმ ექვსი განსასჯელის საქმე, რომლებთანაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ცალკე წარმოებისთვის გამოყო. 19 ნოემბრის სხდომაზევე გაირკვა, რომ დასრულდა მოწმეთა დაკითხვა და სასამართლო გადავიდა საქმის მასალების, გამოკითხვისა და მტკიცებულებების გამოქვეყნების ეტაპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს სხდომებზე საქმეში არსებულ ყველა დოკუმენტს წაიკითხავენ ხმამაღლა, ხოლო მხარეები საკუთარ პოზიციებს დააფიქსირებენ.განსასჯელებისა და მათი დამცველების სიმრავლიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდ დროს წაიღებს ადვოკატების დაცვითი სიტყვა და მხარეთა შორის კამათი.
XS
SM
MD
LG