Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად ძიძიგური თბილისის მერობის კანდიდატია


ზვიად ძიძიგური
ზვიად ძიძიგური
დღეს თბილისის მერის პოსტზე კონსერვატიული პარტიის კანდიდატად პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური, დასახელდა. ზვიად ძიძიგური არასაპარლამენტო ოპოზიციიდან თბილისის მერობის რიგით მესამე პრეტენდენტია, „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარის კობა დავითაშვილისა და „ალიანსი საქართველოსთვის“ კანდიდატის ირაკლი ალასანიას შემდეგ. ცალკეული პარტიების მიერ თბილისის მერობის კანდიდატების დასახელების პარალელურად, არასაპარლამენტო ოპოზიციის რიგებში აქტუალობას არ კარგავს საერთო კანდიდატზე შეჯერების საკითხიც.

გზა, რომლითაც ოპოზიციიდან თბილისის მერობის კანდიდატი უნდა გამოვლინდეს, პრაიმერია. პრაიმერი შიდაპარტიული არჩევნებია, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იგი ოპოზიციის რიგებში თბილისის მერის ერთიანი კანდიდატის გამოკვეთას ისახავს მიზნად. პრაიმერის ჩატარების ინიციატივა კონსერვატიულ პარტიას ეკუთვნის. ამ იდეის აქტიურ მხარდამჭერთა შორისაა „ხალხის პარტიაც.“ ადრინდელთან შედარებით, გარკვეულწილად შერბილებულია „ალიანსი საქართველოსთვის“ პოზიციაც. “ალიანსის“ წევრთა ნაწილი აქამდე პრაიმერის წინააღმდეგი იყო, თუმცა, უკანასკნელი ცნობების თანახმად, ალიანსი პრაიმერში მონაწილეობას გეგმავს. ამასთანავე, მემარჯვენე მამუკა კაციტაძის განცხადებით, „ალიანსი საქართველოსთვის“ მიესალმება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილოებისათვის ოპოზიციური პარტიების მზადყოფნას, მათი მხრიდან თბილისის მერის პოსტზე კანდიდატების დასახელებას და, გამარჯვების მიღწევის მიზნით, საერთო კანდიდატის გამოვლენაზე ფიქრსაც. მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ პრაიმერი კარგია, თუმცა ამ მიზნისათვის სხვა საშუალებების გამოყენებაც შესაძლებელია.

კონსერვატორები კი, თავის მხრივ, უკვე ასახელებენ პრაიმერის ჩატარების სავარაუდო დროს. ზვიად ძიძიგური განმარტავს, რომ პარტიებს შორის შიდა არჩევნები თებერვალში გაიმართება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე. თბილისის მერობის რიგით მესამე კანდიდატის მთავარი გზავნილი ოპოზიციური პარტიების მისამართით პრაიმერში ჩართვაა:

“ მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც აპირებს თბილისის მერის არჩევნებში და, საერთოდ, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, რომ გამოვავლინოთ ხალხისთვის ყველაზე სასურველი პერსონა, გამოვავლინოთ წინასწარი არჩევნების გზით. ეს იქნება ძალიან სერიოზული წინასაარჩევნო კი არა, საერთოდ ბრძოლა იმისათვის, მოხდეს თუ არა ცვლილებები ქვეყანაში.“

„ძალა ერთობაშია“, ამბობს „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც თბილისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი შეიძლება გახდეს. ლევან გაჩეჩილაძეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა, ამის მიუხედავად, დარწმუნებულია, რომ საერთო კანდიდატის გამოვლენა არჩევნების მოგების მთავარი შანსია.

პრაიმერის ჩატარების იდეა არასაპარლამენტო პარტიებს კონსერვატიულმა პარტიამ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს შესთავაზა. პირვანდელი განმარტებით, პრაიმერს საერთო ოპოზიციური ლიდერი უნდა გამოევლინა ან არჩევნებში მონაწილეობისათვის, ან ქუჩის განახლებული საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის. პრაიმერის იდეამ მაშინ მხარდაჭერა თითქმის ვერ პოვა. მას შემდეგ კი, რაც ქუჩის აქციები დღის წესრიგიდან მოიხსნა და პოლიტიკური პროცესები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადების ფორმით, შედარებით კონსტრუქციულ კალაპოტში ჩადგა, პრაიმერის თემა კვლავ აქტუალური გახდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს - შესაბამისად, პრაიმერსაც - ბოიკოტს უცხადებს ლეიბორისტული პარტია. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი უმრავლესობის ყურადღების ცენტრში რჩება საარჩევნო კოდექსის შეცვლა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარებისათვის საჭირო საკანონმდებლო გარემოს შექმნა. 18 ნოემბერს საარჩევნო კანონის რეფორმირების ჯგუფში, თბილისის მერის არჩევნებში ბარიერის საკითხზე შეუთანხმებლობის გამო, ეს პროცესი ერთგვარად ჩიხში შევიდა. მმართველი პარტია ამ ჯგუფის ფორმატს გამოეთიშა და „ალიანსი საქართველოსთვის“ დესტრუქციულობაში დაადანაშაულა. „ალიანსში“, თავის მხრივ, აღნიშნავენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე ინტერპარტიული ჯგუფის ფორმატში მუშაობა მნიშვნელოვანია და მმართველ პარტიას საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში დაბრუნებისაკენ მოუწოდებენ.
XS
SM
MD
LG