Accessibility links

logo-print

ევროპელი მეცნიერები და მწერლები დემოკრატიის კრიზისზე ლაპარაკობენ


ორი ათწლეული გავიდა საბჭოთა კავშირის დაშლიდან, რასაც ახლდა აღმოსავლეთ ევროპაში ყოფილი სოციალისტური რეგიონების კაპიტალისტურ სისტემაზე გადასვლა. ამ ბოლო ხანებში ბერლინის კედლის დაცემის თუ ჩეხოსლოვაკიაში „ხავერდის რევოლუციად“ წოდებული მოვლენის 20 წლისთავს აღნიშნავენ. ამ დღეებში ბევრს ლაპარაკობდნენ ამ მოვლენებზე, მათ დადებით შედეგებსა და იმედგაცრუებაზე. პრაღაში, ჩეხეთის დედაქალაქში, ამას წინათ გაიმართა მკვლევართა შეხვედრა, რომელზეც ითქვა, რომ ევროპის დემოკრატიას საფრთხე ემუქრება.

ჩვენ თავისუფლები ვართ. ადამიანები გრძნობენ, რომ მათ ცხოვრებაში ნაკლებად ერევიან, მაგრამ, ამავე დროს, მათ ძალიან მცირე გავლენა აქვთ მთავრობებსა და საზოგადოებრივ საქმეებზე
დემოკრატიად წოდებული მმართველობის ფორმა, გარდა იმისა, რომ „ხალხის მმართველობას“ ნიშნავს, გულისხმობს ასევე სხვა პოლიტიკურ უფლებებს და მოქალაქეთა თავისუფლებებს. საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ თანახმად, მეოცე საუკუნის ბოლო წლებში მსოფლიოს 190-ზე ოდნავ მეტ სუვერენულ სახელმწიფოთა შორის ნახევარი დემოკრატიად ითვლებოდა. დღეს ვითარება დაახლოებით ასეთივეა. რიცხვი ამ ქვეყნებისა სწრაფად შეავსო დასავლური მოდელით ერთბაშად შექმნილმა სახელმწიფოებმა აღმოსავლეთ ევროპაში, ანუ იმ ზოლში, რომელიც სოციალისტური ბანაკის დასავლეთით შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგდროინდელი გარიგებით. ახლა ეს ქვეყნები ევროკავშირის ან ნატოს წევრები, ან იქ მოხვედრის კანდიდატები, წევრობის მსურველები არიან. პრაღაში ზემოხსენებულ შეხვედრაზე, რომელიც ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ფონდის მიერ იქნა ორგანიზებული და რომელსაც „თავისუფლება და მისი მოწინააღმდეგეები“ ჰქვია, ითქვა, რომ საზოგადოებრივი ინდიფერენტიზმი და კორუფცია პოლიტიკაში საფრთხეს უქმნის აღმოსავლეთ ევროპის ამ დემოკრატიებს. ჟაკ რუპნიკმა, ფრანგმა პოლიტოლოგმა, განაცხადა, რომ კომუნიზმის დამხობის შემდეგ ადამიანები თავს უფრო თავისუფლად გრძნობენ, ვიდრე ოდესმე:

„ჩვენ თავისუფლები ვართ. ადამიანები გრძნობენ, რომ მათ ცხოვრებაში ნაკლებად ერევიან, მაგრამ, ამავე დროს, მათ ძალიან მცირე გავლენა აქვთ მთავრობებსა და საზოგადოებრივ საქმეებზე.“

რუპნიკის აზრით, იდეა, რომ სახელმწიფო თავისუფლების მტერია, კომუნიზმის მემკვიდრეობაა. ის ფიქრობს, რომ ამ იდეას ეფუძნება აღმოსავლეთ ევროპელების ინდიფერენტიზმი პოლიტიკისადმი. ეს, მისი თქმით, პოლიტიკოსებს აძლევს შესაძლებლობას, „თავისუფალი ბაზარი“ გამოიყენონ საკოდო სიტყვად „ძარცვისა და უტიფარი სიხარბისათვის“. ახლა, რუპნიკის თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა დაიწყეს თავისუფლების შესახებ ლაპარაკი და მიივიწყეს სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობა:

„გვაქვს დემოკრატიის ნაჭუჭი, ინსტიტუციების ნაჭუჭი, მაგრამ შიგნით ის ფუყეა, ცარიელია. დიახ, შევქმენით საბაზრო ეკონომიკა, მაგრამ ის კრიზისშია.“

პოლონეთში გამომავალი „გაზეტა ვიბორჩას“ რედაქტორი ადამ მიხნიკი იზიარებს შეხედულებას, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ლიბერალური ფასეულობების თვალსაზრისით, ფუყენი არიან. მაგრამ კუბის, ირანის და რუსეთის ავტორიტარული რეჟიმების შემთხვევა მას აფიქრებინებს, რომ ეს სიცარიელე შეივსო იმით, რაც ასევე ემუქრება ევროპას:

„რა არის თავისუფლების ხაფანგი?“ - დასვა შეკითხვა მიხნიკმა და იქვე უპასუხა: ჩემი აზრით, კორუფცია, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურების მუდმივი ნაწილია.“

მიხნიკს მოჰყავს რუსეთის ავტორიტარი პრემიერის, ვლადიმირ პუტინის, მაგალითი. პუტინი, მისი თქმით, იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „სუვერენული დემოკრატია“, რომლითაც ქვეყანაში თავისი მმართველობის გამართლებას ცდილობს.

ანდრეი პიონტკოვსკი, პოლიტოლოგი რუსეთიდან, დაეთანხმა მიხნიკს და განავრცო მისი ნათქვამი, რომ რუსეთს მართავენ თავისუფლების მტრები. მან თქვა, რომ დასავლეთში რუსეთი არასწორადაა გაგებული:

„ეს სისტემა არ ვითარდება პოსტინდუსტრიულ ღია საზოგადოების მიმართულებით. ის მიდის ფეოდალიზმის მიმართულებით, სადაც მბრძანებელი უნაწილებს და ყოველთვის შეიძლება კვლავ წაართვას მიწა თავის ვასალებს. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ პუტინი მიწას კი არ ანაწილებს და ართმევს, არამედ გაზის და ნავთობის კამპანიებს.“

განსაკუთრებით მძაფრი თავდასხმა მიმართულია რუსეთის მეზობლების - საქართველოსა და უკრაინის - მიმართ, რომლებმაც აირჩიეს განვითარების ევროპული გზა, გზა თავისუფლებისაკენ
პიონტკოვსკის მიაჩნია, რომ ევროპის ქვეყნები, როცა ისინი რუსეთის ენერგოკომპანიებს ურიგდებიან, რისკს სწევენ, რომ უღალატებენ საკუთარ ხალხს. პიონტკოვსკიმ, ამასთან, ილაპარაკა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, მცდელობაზე, რუსეთთან „ურთიერთობა გადატვირთოს“. მისი აზრით, ეს პოლიტიკა გავლენას ვერ მოახდენს რუსეთის ლიდერების მოთხოვნილებაზე ლანძღონ დასავლეთი, რომელიც თითქოსდა ემუქრება მათ, რათა გაამართლონ თავიანთი, როგორც პიონტკოვსკიმ უწოდა, „კლეპტოკრატიული რეჟიმი“:

„არავითარი „გადატვირთვა“ არ შეცვლის, ქალბატონო სახელმწიფო მდივანო კლინტონ, ამ საფუძვლებს. მათ მუდამ დასჭირდებათ დასავლეთი, როგორც მტერი. განსაკუთრებით მძაფრი თავდასხმა მიმართულია რუსეთის მეზობლების - საქართველოსა და უკრაინის - მიმართ, რომლებმაც აირჩიეს განვითარების ევროპული გზა, გზა თავისუფლებისაკენ.“

პიონტკოვსკის თანახმად, რუსეთისთვის დახმარების გაწევის საუკეთესო გზა იქნებოდა საქართველოსა და უკრაინაში დემოკრატიის გავრცელება, მაგრამ, მისივე თქმით, ამას ევროპის „ინსტიტუციების სისულელე“ აყოვნებს.
ბრიტანელი დრამატურგი ტომ სტოპერდი საზოგადოების ინდიფერენტულობას დემოკრატიის საფრთხედ მიიჩნევს არამხოლოდ ყოფილ აღმოსავლეთის ბანაკში. მისი აზრით, ეს ემუქრება ისეთ ძველ დემოკრატიასაც, როგორიცაა ინგლისი:

"ჩვენ მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ თავისუფლება შეიძლება დაიკარგოს და შემდეგ სწრაფადვე აღდგეს, როგორც ერთ ღამეში გათამაშებული ტრაგედიის აქტი - შესაძლო ძალადობით. მაგრამ პრობლემა ახლა ისაა, რომ თავისუფლება იკარგება ათასობით დარტყმის შედეგად და იკარგება უჩინრად, უხმოდ და თითქმის შეუმჩნევლად."

სტოპერდმა თქვა, რომ ადამიანები ავტორიტარული ძალის გაძლიერებას უნდა შეხვდნენ თანამოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობით.

პრაღაში დისკუსიის მოდერატორმა, ბრიტანელმა ისტორიკოსმა ტიმოტი გარტონ ეშმა შეაჯამა იქ ნათქვამი და საერთო აზრი ასე გამოხატა: 1989 წლის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტურმა რეჟიმებმა რეფორმები დააჩქარეს და ეს შეცდომა იყოო.

"მე მკაფიოდ მახსოვს, რომ 1989 წელს წმინდა სამებასავით ვუყურებდით ამ სამ მიზანს: დემოკრატიას, საბაზრო ეკონომიკას და სამოქალაქო საზოგადოებას. და ეს სავსებით სწორი იყო, მაგრამ ერთი რამ აკლდა ამას - მკაფიო აქცენტი კანონის უზენაესობაზე.“

გარტონ ეშმა განაცხადა, რომ ამის შედეგია ის, რომ დღეს კორუფცია "წამლავს თავისუფლების ატმოსფეროს". ეში თვლის, რომ კანონის უზენაესობის აღდგენა აღმოსავლეთ ევროპის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
XS
SM
MD
LG